შინაარსზე გადასვლა

ლაზარ კარნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაზარ კარნო

ლაზარ კარნო (დ. 13 მაისი, 1753 — გ. 2 აგვისტო, 1823 ) — ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, სამხედრო ოფიცერი, პოლიტიკოსი და საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი პოლიტიკოსი.

კარნო, თავდაპირველად, მონტანიერების მხარეს იჭერდა, მაგრამ, მათი რადიკალური პოლიტიკით იმედგაცრუებულმა, გაწყვიტა კავშირი ამ პარტიასთან და საბოლოოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მაქსიმილიან რობესპიერის დიქტატურის დამხობასა და 9 თერმიდორის გადატრიალებაში. მოგვიანებით, დირექტორიის მმართველობის შემოღებისას, 1795 წლის 1 ნოემბერს გახდა ამ ახალი ხუთწევრიანი აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი წევრი. თუმცა, 1797 წლის 4 სექტემბერს მომხდარი გადატრიალების დროს, იგი ჩამოაგდეს თანამდებობიდან და გადასახლებაში წასვლა მოუხდა.

ნაპოლეონ ბონაპარტის ხელისუფლებაში მოსვლისას კარნო დაბრუნდა საფრანგეთში და 1800 წელს მიიღო ომის მინისტრის თანამდებობა. იგი რესპუბლიკის მომხრედ ითვლებოდა, ამიტომ 1804 წელს, ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევის შემდეგ, კვლავ უარი თქვა საზოგადეობრივ ცხოვრებაზე. 1812 წელს იგი კვლავ დაუბრუნდა პოლიტიკურ საქმეებს და ამჯერად ნაპოლეონის ხელისუფლების ქვეშ განაგრძო მოღვაწეობა. მონაწილეობდა მეექვე კოალიციის ომში (1813-1814) და მეთვალყურეობდა ქალაქ ანტვერპენის დაცვას. მოგვიანებით, ნაპოლეონის ხელისუფლებაში მეორედ მოსვლისას და ასი დღის განმავლობაში, იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს. ბონაპარტის მორიგი მარცხისა და ბურბონთა რესტავრაციის დროს კარნო გადაასახლეს. გარდაიცვალა 1823 წელს მაგდებურგში (პრუსია).

გარდა პოლიტიკური კარიერისა, კარნო ასევე იყო გამოჩენილი მათემატიკოსი. მისი 1803 წელს გამოქვეყნებული Géométrie de position ითვლება პირველ ნაშრომად პროექციული გეომეტრიის დარგში. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამხედრო-საინჟინრო სფეროში, მას ეკუთვნის იდეა თავდაცვითი კედლის გამაგრების სისტემაში, რომელსაც კარნოს კედელი უწოდეს და იგი ფართოდ გამოიყენებოდა XIX საუკუნის კონტინენტურ ევროპაში.

განათლება და ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარნო დაიბადა 1753 წლის 13 მაისს ბურგუნდიის სოფელ ნოლეში, ადგილობრივი მოსამართლისა და ნოტარიუსის კლოდ კარნოს ოჯახში. მას ექვსი და-ძმა ჰყავდა. თოთხმეტი წლის ასაკში ლაზარი და მისი ძმა ჩაირიცხნენ კოლეჯში. იგი დაინტერესებული იყო კლასიკური ხანის ფილოსოფიით. თხუთმეტი წლის ასაკში სასწავლებელი დატოვა, რათა უფრო გაეღრმავებინა ფილოსოფიური ცოდნა და ესწავლა წმინდა სულპისის მღვდელმთავრების საზოგადოებაში. აქ ყოფნის ხანმოკლე პერიოდში სწავლობდა ლოგიკას, მათემატიკასა და თეოლოგიას.

მოგვიანებით, კარნოს ურჩიეს კარიერის გაგრძელება სამხედრო სფეროში, იგი ასეც მოიქცა და 1773 წელს, 18 წლის ასაკში, სამხედრო სკოლის დასრულების შემდეგ, ლეიტენანტის წოდებაც მიიღო.

ამის შემდეგ, კარნომ გააგრძელა მოღვაწეობა სამხედრო კორპუსში. აქ მან სახელი გაითქვა საფორთიფიკაციო სფეროში მოღვაწეობით. პარალელურად აქტიურად შეისწავლიდა მატემატიკას. 1783 წლის დეკემბერში კი კაპიტნის წოდება მიიღო.

1784 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი „ნარკვევები მანქანების შესახებ“. ამ პუბლიკაციამ მას ცნობადობა მოუტანა აკდემიურ სფეროში. მან თავისი კარიერა განავითარა როგორც მწერალ-ინჟინერმა. 1786 წელს კი ერთ-ერთ ლიტერატურულ კლუბში გაიცნო მაქსიმილიან რობესპიერი.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1791 წლის სექტემბერში იგი გახდა პა-დე-კალეს დელეგატი საკანონმდებლო ორგანოში. ამ დროს იგი აირჩიეს სახალხო სწავლების კომიტეტის წევრად. მას მიაჩნდა, რომ ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონოდა წვდომა განათლებასთან, ამ მხრივ, არაერთი რეფორმისა და ღონისძიების გატარება სურდა, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ განხორციელდა რევოლუციის დროს არსებული რთული და ძალადობივი პოლიტიკური კლიმატის გამო.

1793 წლის 14 აგვისტოს კარნო აირჩიეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტის წევრად, სადაც ჩააბარეს სამხედრო სფერო, როგორც ომის ერთ-ერთ მინისტრს.

1795 წელს, საფრანგეთში დირექტორიის მმართველობის დამაყრებისას, კარნო გახდა ხუთი აღმასრულებელი ხელისუფალიდან ერთ-ერთი. მმართველობის პირველი წელს დირექტორები ახერხებდნენ შეთანხმებულად მუშაობას, თუმცა პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებამ მათ შორის განხეთქილება გამოიწვია, რასაც მოჰყვა უთანხმოება დირექტორიის სხვა წევრებთან. თავად იგი ომისა და დაპირისპირების დასრულების მომხრე იყო და ხელისუფლებაში კონსერვატიული ძალების მოსვლას ემხრობოდა. კარნო თანამდებობიდან გადააყენეს 1797 წლის 4 სექტემბერს მომხდარი გადატრილების შემდეგ, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ნაპოლეონ ბონაპარტი იყო.

სამხედრო მიღწევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარნომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფრანგეთის რევოლუციური არმიის რეორგანიზებაში. ფრანგული ჯარის გაზრდის მიზნით, შემოიტანა ინიციატივა მასობრივი გაწვევის შესახებ. 1793 წლის შუა პერიოდიდან — 1794 წლის სექტემბრამდე საფრანგეთის არმიის რაოდენობა 645 000 ჯარისკაციდან 1,5 მილიონამდე გაიზარდა. მან დიდი მუშაობა გასწია ფორთიფიკაციის სფეროში, როგორც სამხედრო ინჟინერმა, მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა ციხესიმაგრეების მშენებლობასა და განახლებაში, თავდაცვითი კონსტრუქციების მოწყობაში, შეიტანა ინოვაციური იდეები სამხედრო საქმეში, მათ შორის აღსანიშნავია კარნოს კედელი.

ნაპოლეონ ბონაპარტთან ურთიერთობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1795 წელს კარნომ ნაპოლეონ ბონაპარტი დანიშნა იტალიის არმიის მთავარსარდლად. ცნობილია, რომ ის არის დირექტორიის ერთადერთი წევრი, რომელიც მხარს უჭერდა ნაპოლეონს ამ დროის განმავლობაში.

1804 წლის 2 დეკემბერს, როცა ნაპოლეონმა თავი საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა, კარნო რესპუბლიკური იდეების მომხრე იყო, ამ შეხედულებამ მას მომავალში ხელი შეუშალა მაღალი თანამდებობების დაკავებაში, ამიტომ გადაწყვიტა საზოგადოებრივი საქმიანობისთვის თავი დაენებებინა.