ლადო ათანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლადო ათანელი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ვლადიმერ ათანელიშვილი
დაბ. თარიღი 12 სექტემბერი, 1964 (1964-09-12) (59 წლის)
დაბ. ადგილი სამრეკლო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
საქმიანობა ოპერის მომღერალი
აქტიური 1989 წლიდან - დღემდე
საიტი ataneli.com

ლადო ათანელი, დაბადებით ვლადიმერ ათანელიშვილი (დ. 12 სექტემბერი, 1964, სამრეკლო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქართველი ბარიტონი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2011). თბილისის საპატიო მოქალაქე (2017).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1964 წლის 12 სექტემბერს მაშინდელი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძეში (დღეს სამრეკლო) ხალხური მუსიკის მოყვარულ და დამფასებელ ოჯახში. მამა, ისიდორე ათანელიშვილი, ლირიკული ტენორი იყო, უფროსი და, მარიკა – ლირიკული სოპრანო, ასევე, მომღერალი იყო მისი სამი ბიძა. ლადოს ისტორიკოსობა სურდა და მისაღებ გამოცდებსაც აბარებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა მესამე გამოცდის შემდეგ მუსიკალურ სასწავლებელს მიაშურა. 1984–1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

1988 წლიდან, ჯერ კიდევ მეხუთე კურსის სტუდენტი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის სტაჟიორი გახდა, 1989 წლიდან კი სოლისტი. კონსერვატორიის დამთავრებისას მას უკვე თერთმეტი პარტია ჰქონდა მომზადებული. მისი დებიუტი შედგა ჯუზეპე ვერდის „ბალ-მასკარადში“, სადაც შეასრულა რენატოს რთული პარტია. თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ლადო ათანელმა წარმატებით შეასრულა მონტანოს (ჯუზეპე ვერდის „ოტელო"), ფიგაროს (ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი"), მურმანის (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი") პარტიები.

1991 წლის 23 ნოემბერს ლადო ათანელმა ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო ფესტივალში (ბარსელონა) 230 მონაწილეს შორის გაიმარჯვა და გრან-პრი აიღო. ეს მისი პირველი დიდი წარმატება იყო. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მის ცხოვრებაში მანანა ჩიქოვანი – მისი კონცერტმაისტერი და მეუღლე. 1993 წელს მანანა და ლადო გერმანიაში წავიდნენ. 1996 წელს მათ ერთად მოიპოვეს პირველი პრემია და გრან–პრი ვოკალისტთა ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში – ბელვედერის „I Cestelli“(ვენა, ავსტრია) და ი. ჩესტელის №1 კონკურსი, სახელწოდებით „მომავალი საოპერო ვარსკვლავი“ (კელნი, გერმანია). აქედან იწყება ლადო ათანელის საერთაშორისო კარიერა და მღერის ისეთ საოპერო თეატრებში, როგორიცაა ლა სკალა, შტაატსოპერა, გრანდოპერა, კოვენტგარდენი, მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი და სხვა.

2003 წელს Emi-კლასიკმა დისკზე ჩაწერა ამილკარე პონკიელის ოპერა „ჯოკონდა“, სადაც ლადო ათანელმა ბარაბას ურთულესი პარტია შეასრულა პლასიდო დომინგოსთან ერთად. 2005 წელს გამოიცა მისი პირველი სოლო ალბომი „საოპერო არიების“ სახელწოდებით. 2009 წელს გამოვიდა მეორე ალბომი „ბარიტონის არიები“. გამოცემულია DVD - ჯუზეპე ვერდის – „ოტელო“, ო. მასნეს – „ტაისი“, პეტრე ჩაიკოვსკის – „პიკის ქალი“, ჯუზეპე ვერდის – „ბალ-მასკარადი“ და სხვა.

2009 წელს ქალაქ თბილისში მან დააარსა საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“, რომლის მიზანია ფინანსურად დაეხმაროს ღვაწლმოსილ მომღერლებს, საოპერო თეატრის წამყვან მსახიობებს. 2010 წლიდან ტარდება ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა კონკურსი ახალგაზრდა ნიჭიერი ვოკალისტების (35 წლის ასაკამდე) გამოსავლენად და საერთაშორისო სარბიელზე მათ გასაყვანად.

2011 წელს ლადო ათანელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და დაჯილდოვდა ოქროს მედლით. ამავე წელს საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ იგი აღიარებეს „სიკეთის“ რაინდად. 2015 წელს კი გახდა თავისი მშობლიური დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კაკულია ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 74.
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 17

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]