ლაგოდეხის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაგოდეხის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ლაგოდეხის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოება მიწერილი მეურნეობის სახით ფლობდა 17 000 ჰექტარს. აღმოსავლეთით ამ მეურნეობას ესაზღვრებოდა აზერბაიჯანის სსრ, დასავლეთით — ყვარლის რაიონი, ჩრდილოეთით — დაღესტნის ასსრ და სამხრეთით — სიღნაღის რაიონი. სანადირო მეურნეობა განლაგებული იყო უმთავრესად მთაგორიან ადგილზე. რაიონის ტყეები, სადაც ბინადრობდა ძვირფასი ნადირი, მდებარეობდა მთავარი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე. აქ ჭარბობდა წიფლნარები. მდინარე ალაზნის პირად იყო დაბლობები, რომლებიც აგრეთვე შედიოდა სანადირო მეურნეობის მფლობელობაში. ალაზნისაკენ მიმდინარე მრავალ პატარა მდინარეს ნაპირზე ვიწრო ზოლად გასდევდა ჭალის ტყეები.

სწორედ, ეს ტყეები იყო ხოხბის საუკეთესო ადგილსამყოფელი მდიდარი ბუნებრივი საკვები ბაზით.

ამ ტყეებში ზამთრობით გვხვდებოდა გარეული ღორიც, რომელიც ზაფხულობით ადიოდა მთაში. კავკასიონის კალთების ალპურ და სუბალპურ ზონაში მრავლად მოიპოვებოდა ჯიხვი, არჩვი, კვერნა, დათვი, შურთხი და როჭო; გადამფრენებიდან ტყის ქათამი და მწყერი.

რაიონში შექმნილი იყო სახოხბე მეურნეობა „ჭიაური“, სადაც გაძლიერებული იყო დაცვა, გაკრული იყო სათანადო წარწერები, აშენებული იყო სტანდარტული ბინა და შექმნილი იყო ყოველგვარი პირობა სანადირო მეურნეობის კარგად მოწყობისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]