ლაბეჭინის მთავარანგელოზთა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლაბეჭინის მთავარანგელოზთა ეკლესია
Labetchina church western side.jpg
ლაბეჭინის მთავარანგელოზთა ეკლესია (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°34′23″ ჩ. გ. 42°54′22″ ა. გ. / 42.57306° ჩ. გ. 42.90611° ა. გ. / 42.57306; 42.90611
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები
წმ. გიორგის ხატი ლაბეჭინის ეკლესიიდან

ლაბეჭინის მთავარანგელოზთა ეკლესიაშუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ეკლესია. მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედა ჭყვიშის მიდამოებში, მაღალ გორაკზე.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძლიერ დაზიანებულია. კედელთაგან შედარებით უკეთ არის დაცული 2 სამკუთხა ნიშით სამად დანაწევრებული აღმოსავლეთი ფასადი. ძეგლი უხვად არის შემკული ქვაზე ნაკვეთი ჩუქურთმებით, რელიეფებითა და ასომთავრული წარწერებით. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებული არიან "ივანე და გაბრიელ გალატოზნი". ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ბრაგმენტები. მიწისძვრისგან დაქცეული ეკლესია XIII-XIV საუკუნეებში გაბრიელ ლაბეჭინელის თაოსნობით ხელმეორედ აუგიათ და მოუხატავთ. ნაგებობაში გამოირჩევა როგორც ადრინდელი, ისე გვიანდელი სამშენებლო ფენები. აქ, ასწლოვანი ხეების გარემოცვაში დგას თეთრი ფერის, ჩუქურთმებით შემკული მშვენიერი ნაგებობა, რომელიც საკმაოდ დამრეცი, ორფერდა სახურავის მქონე დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. მისი კორპუსი შემოსილია თარაზულად ნაწყობი თლილი ქვიშაქის პერანგით, რომლის დაზიანებული ადგილები აღდგენილია შირიმის მცირე ზომის ფილებით. შენობა ორსაფეხურიან ცოკოლს ემყარება, იგი ამჟამად მხოლოდ აღმოსავლეთით მოჩანს. გეგმის სწორკუთხედში მოქცეული ნახევარწრიული მოხაზულობის საკურთხეველი ღრმა და ფართოა. აქ ორი მცირე და ორი ღრმა, მაღალი (3მ–დე) ნიშაა მოწყობილი. გრძივი კედლების სიბრტყე დანაწევრებულია ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრის მეშვეობით, რომლებზედაც დეკორატიული თაღედია გადაყვანილი. საბჯენი თაღებით შემაგრებული კამარა და საკურთხევლის კონქი ერთიანად ჩაქცეულია. ეკლესიის შიგნით პილასტრებისა და კარ–სარკმლის წირთხლებისათვის თლილი ქვაა გამოყენებული.ყორეთი ამოყვანილი ეკლესიის კედლები შელესილი და მოხატული ყოფილა. ბათქაშის ჩამოცვენას მოხატულობა უმსხვერპლია და გაშიშვლებულ კედლებზე მხოლოდ ზოგან მოჩანს ფრესკის გამფერმკრთალებული ფრაგმენტები. მაღალი და ხალვათი შიდა სივრცე განათებულია აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში მოთავსებული თითო თაღოვანი, დამრეცწირთხლებიანი სარკმლით. სამხრეთით, კარის თავზე მრგვალი სარკმელი ყოფილა,რომელიც გარედან მერმინდელი წყობით ამოუშენებიათ. მისი მოჩუქურთმებული საპირე ქვა საკურთხევლის მარცხენა ნიშაშია ჩაშენებული .ეკლესიის ორი კარი, დასავლეთისა და სამხრეთისა, გარედან სწორკუთხაა, ხოლო შიგნით თაღით სრულდება. მესამე კი – ჩრდილოეთს, საკურთხევლის ახლოს მოთავსებული – თაღოვანია.

ეკლესიის მინაშენები მიწის პირასაა გასწორებული. გრძივ კედლებს, გარედან თარო მიუყვება,რომელზეც გვერდითი სათავსოების კამარები იქნებოდა დაყრდნობილი. გვიანდელი გადაკეთებების გამო ძეგლის გარეგნული იერი შეცვლილია.შედარებით უკეთ,თავდაპირველი სახით,აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებია შემორჩენილი. აღმოსავლეთით, „წვეთებით“ გაფორმებულ, შეწყვილებული ლილვით შემორკალულ ორ სამკუთხა ნიშას შორის მოთავსებულია საკურთხეველის სარკმელი. მის ორნამენტულ საპირესაც წყვილი ლილვი აჩარჩოებს. იგი იკვრება სარკმლის ქვემოთ და ძირს ეშვება სამი ლილვისაგან შემდგარ გრეხილ კონად, რომელიც კვადრატულ, ორნამენტირებულ ბაზას ეყრდნობა, მსგავსად ნიშათა ლილვებისა. საკურთხევლის სარკმელს გვიან პერიოდში გაფართოების მიზნით ამომტვრეული აქვს ჩუქურთმიან საპირის დიდი ნაწილი. დარჩენილი პატარა მონაკვეთიდანაც ჩანს, როგორი ოსტატობით არის შესრულებული ორნამენტი. მარცხენა ნიშაში გამოსახულია განედლებული ჯვარი. ასეთივე ჯვარია ფრონტონის კეხშიც.დასავლეთის ფასადზე დეკორირებულია კარი და სარკმელი. მათაც გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ორნამენტირებული ჩარჩო უვლის გარს. სამხრეთ ფასადის კარ–სარკმლის გაფორმება არ არის თავდაპირველი. სარკმლის საპირის ბრტყელ არეზე წრეებისაგან შემდგარი თავისებური ორნამეტია ამოკვეთილი. საფიქრებელია, იგი XVIII საუკუნეში იყოს შესრულებული; ძეგლის აღმდგენელი ცდილა მის მიერ გამოყენებული დეკორტიული მოტივები არ ყოფილიყო მკვეთრად გამორჩეული ადრეული მოტივებისაგან.

ინტერიერში –– საკურთხევლის მცირედ გამოწეული კუთხეები პალისტრებს შორის გადაყვანილი წმინდა დეკორატიული ფუნქციის მატარებელი კედლის თაღები, გარედან –– აღმოსავლეთ ფასადის დეკორატიული კომპოზიცია –– სამკუთხა ნიშები, ლილვთა კონაზე „შესმული’’სარკმელი, თვით ორნამენტის თავისუფალი, ოსტატური კვეთა და მისი მოთავსება ამობურცულ ზედაპირზე ლაბეჭინის ეკლესიას ახლო პარლელებს უძებნისXIIIსაუკუნის ძეგლთა შორის.

XX საუკუნის დასწყისში ლაბეჭინის ეკლესიაში ჯერ კიდევ ყოფილა სახარება გადაწერილი საუკუნის ხელით, სადაც იხსენიებოდნენ გადამწერი გიორგი დვალი და ეტრატის შემქმნელი სუფი. სულ ბოლოს ყოფილა გაბრიელ ლაბეჭინელის წერილი, სადაც მოთხრობილი იყო ეკლესიის მშენობლობასთან დაკავშირებული საინტერესო ცნობები.

ვიკიციტატა
„... ცოდვათა ჩვენთა ღმერთმან მოაგო და მოაწია დიდი და საშინელი ძრვაი. მათ პირველთ ლაბეჭინელთა მოჭირვებული და შენებული თვით ჩემი ყუელაი ერთსა დღესა საფუძვლითურთ დაირღუა.შიგან ეკლესიასა,რაიცა ხატნი იყვნენ და მოწყობილობაი, დაილეწნეს და იავარ იქნეს, გარეთ ნაშენებიცა ყუელაი“

[1]. ამის შემდეგ იგი დაწვრილებით მოგვითხრობს ეკლესიისა და მის კარიბჭეთა სამი ზაფხულის განმავლობაში შენების შესახებ.

ყოველივე არსებული მასალების გათვლისწინების საფუძველზე ნათელი ხდება, რომ მიწისძვრით განადგურებული ეკლესია შეუცვლია გაბრიელ ლაჭებინელის მიერ აგებულ საყდარს –– დღვანდელ მთავარანგელოზთა ეკლესიას. შენობის კედლებში ჩატანებული ასომთავრული წარწერები XI – XII სს. განეკუთვნება. ისინი ძველი ეკლესიისა უნდა იყოს. მათ მეორე გამოყენებაზე შემთხვევითი ადგილები და ფილების დაზიანებული კუთხეებიც მიუთითებს. აქ იხსენიება მიქელ ქობულის ძე, რატი დაფქუაის ძე, კვირიკე ჩოღერი, ნათელ დედოფალი, იოვანე და გაბრიელ გალატოზნი. XVII საუკუნისა ყოფილა გიორგი ინასარიძისა და მისი მეუღლის –– ანა ჩხეტიძის წარწერა,რომელიც დასავლეთის ეკვდერის აგებაზე მოგვითხრობდა.ეს ქვა დაკარგულია.[2]

გარეთ ეკლესიის ეზოში გიორგი ინასარიძის საფლავის ქვაა რომელზედაც იკითხება შემდეგი წარწერა:

ვიკიციტატა
„ღმერთო შეიწყალე ფრიად ცოდვილი ინასარიძე, ესე არს განსასუენებელი ჩემი, უკუნით უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე. ნეტარ არს გზა ესე, რომელსა წარმართებულ ხარ, შენ გევედრები გიორგი, უფალო, დიდებაჲ შენდა.“

ლაბეჭინა ინახებოდა ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის XI საუკუნის ჭედური ხატები (დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში) და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დვალი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 95, თბ., 1983 წელი.
  • დ. ბერძენიშვილი, ი. ბანძელაძე, მ. სურამელაშვილი, ლ. ჭურღულია. „ლეჩხუმი“, „მეცნიერება“, თბილისი. 1983 წ., გვ.46-49

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ე. თაყაიშვილი, „არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში“.1910წ., პარიზი, 1937.
  2. „ლაპიდარული წარწერები“, I, ვ.სილოგავას გამოც. თბილისი, 1980