კუჭატნის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუჭატანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის განაპირას. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგებია რიყის ქვით და აგურით. ეკლესია დარბაზულია. სამხრეთიდან და დასავლეთიდან, მთელ სიგრძეზე ეკვრის გვიანდელი მინაშენები, მათგან სამხრეთის ერთიანია, ჩრდილოეთის კი ორი სხვადასხვა ზომის ნაწილისგან შედგება, რომელთაგანაც დასავლეთისა თითქმის მთლიანად დანგრეულია; შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდე.

ეკლესიას აქვს ორი შესასვლელი, სამხრეთიდან (მინაშენიდან) და დასვლეთიდან. მესამე კარი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია გაჭრილი, რომელიც ჩრდილოეთ მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილში გადის. ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევრადწრიული აფსიდით, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით და სამხრეთით მოწყობილია თითო პატარა, ოთხკუთხა ნიშა. აფსიდი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული, აფსიდის თაღი და კამარა ნახევარწრიულია.

სამხრეთ მინაშენი აფსიდიანია. შესასვლელი მას სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთ შესასვლელი ორმალიანია - სწორკუთხა ბოძით თაღებს შორის, დასავლეთისა თაღოვანი. სამხრეთ შესასვლელის აღმოსავლეთ თაღი და დასავლეთ შესასვლელი მოგვიანებით ამოუშენებიათ. აფსიდი გეგმით კვერცხისებრი ფორმისაა. მასში მხოლოდ თაღოვანი სარკმელია მოწყობილი. აფსიდის თაღზე შემორჩენილია საღებავით შესრულებული ასომთავრულის წარწერის ფრაგმენტები. მინაშენი გადახურულია ერთიანი ცილინდრული კამარით, რომლის დასაყრდნობად ეკლესიის სამხრეთ კედელზე საკმაოდ სქელი კედელია მიშენებული. კედლის დასავლეთ ნახევარში ორი თაღია გამოყვანილი, აღმოსავლთ ნახევარში კი - ორი ნიშა.

ჩრდილოეთ მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილი, დასავლეთ ნაწილზე თითქმის ერთ-ნახევარჯერ უფრო გრძელია. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია სწორი კედლით, რომელშიც ერთი ვიწრო სარკმელი და ორი მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშაა. აღმოსავლეთ სარკმლის გარდა, მინაშენი ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. მათგან დასავლეთ სარკმელი უჩვეულოდაა გადაწყვეტილი. სარკმლის ღიობი კედლის სისქეში ვერტიკალურადაა შეჭრილი, შემდგომ მიმართულებას იცვლის და ჩრდილოეთ ფასადზე გადის. მინაშენს ცილინდრული კამარა ხურავს, რომელიც ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე მიშენებულ პილასტრს და მასზე გადაყვანილ ორ თაღს ეყრდნობა.

ეკლესიის დასავლეთ ფასადის ფრონტონის წვერზე დაშენებული ყოფილა პატარა ოთხწახნაგა სამრეკლო, რომლის საფუძველიღაა დარჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]