კუტუმი (ლათ.Rutilus kutum) — გამსვლელი თევზი კობრისებრთა ოჯახისა; FishBase-ის მიხედვით, განიხილება როგორც დამოუკიდებელი სახეობა,[1] ხოლო ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მორევის ნაფოტას ქვესახეობა.[2] სხეულის სიგრძე ჩვეულებრივ 30–45 სმ აღწევს (ზოგჯერ 70 სმ-მდე), წონა 0,5–2 (მაქსიმალური 8) კგ. ბინადრობს კასპიის ზღვის აუზში (დიდწილად მის სამხრეთ ნაწილში) 20 მ სიღრმემდე; წარმოქმნის ჯოგებს. იკვებება მოლუსკებითა და კიბორჩხალებით. ცოცხლობს 12 წლამდე. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4–5 წლისა. ტოფობს თებერვალ-მაისში. ნაყოფიერება 110 ათ. ქვირითი. ქვირითს ყრის მდინარეებსა და ტბებში ლელქაშის რაყებში. ტოფობის შემდეგ ზღვაში გადის. ძვირფასი სარეწაო თევზია. შეტანილია რუსეთის წითელ წიგნში და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში.[2] იჭერენ/იჭერდნენ კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში, თერგის შესართავიდან სამხრეთით. ადრე გაზაფხულზე (ტოფობამდე) და გვიან შემოდგომაზე შეიცავს 3–6% ცხიმს. კულინარიაში იყენებენ მოხარშულს და შემწვარს. ყიდდნენ მზეზე გამოყვანილს, ცივად შებოლილს, კონსერვის სახით ტომატის სოუსში, გაყინულს, დამარილებულს.[3]