კუს შადრევანი
კუს შადრევანი (იტალ. Fontana delle Tartarughe) - გვიანი რენესანსის შადრევანი, რომელიც მდებარეობს პიაცა მატეიში, რომში, სანტ ანჯელოს რაიონში. იგი დადგეს 1580-1588 წლებში, არქიტექტორმა ჯაკომო დელა პორტამ და მოქანდაკე ტადეო ლანდინიმ. ზედა აუზის გარშემო არსებული ბრინჯაოს კუები, რომლებიც მიეკუთვნება ჯან ლორენცო ბერნინის, დაემატა 1658 ან 1659 წელს, როდესაც შადრევანი აღადგინეს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუს შადრევანი, ისევე როგორც რენესანსის ყველა შადრევანი, შეიქმნა რომაული მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდების მიზნით. ეს იყო იმ თვრამეტი შადრევნის ჯგუფიდან, რომლებიც აშენდა რომში მეთექვსმეტე საუკუნეში, პაპ გრიგოლ XIII-ის მიერ დაფინანსებული აკვედუკების აღდგენის პროექტის ფარგლებში.
აკვა ვერჯინე იყო ერთ-ერთი პირველი რომაული აკვედუკი, რომელიც გახსნა მარკუს აგრიპამ, იმპერატორ ავგუსტუსის მთავარმა თანაშემწემ, ძვ.წ. 19 წელს. მას წყალი გადაჰქონდა სოფლებში და ბოლოვდებოდა პანთეონის[1][2] მახლობლად არსებული შადრევნით. იგი ცნობილი იყო წყლის სისუფთავით. აკვედუკი VI საუკუნეში ვესტგოთებმა გაანადგურეს, შემდეგ ნაწილობრივ აღადგინეს პაპი ადრიან I -ის დროს(772-795),VIII საუკუნეში. შუა საუკუნეებში ეს იყო ერთადერთი აკვედუკი, რომელიც სასმელი წყლით ამარაგებდა რომაულ შადრევნებს. ქალაქის დანარჩენი სასმელი წყალი მდინარე ტიბრიდან მოჰქონდათ.
1561 წელს პაპმა პიუს IV-მ გადაწყვიტა აკვედუკის სრული რეკონსტრუქცია. პროექტი გადაეცა პაპის მფარველობის ქვეშ მომუშავე არქიტექტორს, ჯაკომო დელა პორტას (1532–1602), რომელმაც ააგო რომის რამდენიმე ყველაზე ცნობილი შადრევანი, ასევე დაასრულა წმინდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათის მშენებლობა და აღადგინა რომის მთავარი ეკლესიების ფასადები. აკვედუკის რეკონსტრუქცია დასრულდა 1570 წლის აგვისტოში. ახლა წყალი მოედინებოდა ახალი არხიდან, ახლანდელი ტრევის შადრევნის[3][4] მახლობლად.
დელა პორტამ და რომის მმართველებმა შეადგინეს გეგმა, აეშენებინათ თვრამეტი ახალი შადრევანი, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდა ახალ წყლის არხთან. არქიტექტორმა მაშინვე დაიწყო პიაცა დელ პოპოლოს შადრევნის მშენებლობა, შემდეგ ააგო პიაცა ნავონას ორი ცნობილი შადრევანი (1574–1578) და პიაცა დელა როტონდა, პანთეონის წინ (1575)
1570 წლის თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ახალი შადრევანი უნდა განთავსებულიყო მარცელუსის თეატრის მახლობლად, პიაცა გიუდეაში, რომაული ბაზრის ტერიტორიაზე. კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც შეარჩია შადრევნების განლაგების ადგილები, იყო რომაელი დიდგვაროვანი მუზიო მატეი. მატეიმ გამოიყენა თავისი გავლენა, რათა შადრევანი პატარა პიაცა მატეიში გადაეტანა,საკუთრი ოჯახის წევრების სახლების მახლობლად.[5]
დიზაინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შადრევანი დააპროექტა არქიტექტორმა ჯაკომო დელა პორტამ 1581 წელს. მან გამოიყენა დიზაინი, რომელიც მოგვიანებით გაიმეორა კიდევ რამდენიმე შადრევანში. ეს დიზაინი მან აიღო ძველი რომაული შადრევნებიდან. კუს შადრევანს კვარცხლბეკზე ერთი თასი ჰქონდა, საიდანაც წყალი მაღლა ასხამდა და შემდეგ მრავალკუთხა აუზში იღვრებოდა. პიაცა მატეის შადრევანი განსხვავებულად იყო გაფორმებული. მატეიმ დაავალა ახალგაზრდა მოქანდაკე ტადეო ლანდინის (1550–1596), შეექმნა ახალგაზრდა მამაკაცებისა და რვა დელფინის ქანდაკება. ისინი თავდაპირველად მარმარილოსგან უნდა დაემზადებინათ, მაგრამ საბოლოოდ გამოაქანდაკეს ბრინჯაოსგან, რომელიც უფრო ძვირი დაჯდა. შესაძლოა, ახალგაზრდა მამაკაცების ფიგურები შთაგონებული ყოფილიყო ფლორენციაში მდგარი ნეპტუნის შადრევნიდან, ან დუ ბიანკონიდან.
შადრევანი შედგება კვადრატული აუზისგან, აფრიკული მარმარილოს წრიული ვასკით, რომელიც დამონტაჟებულია ცენტრში, კვარცხლბეკზე. ვასკის კიდეზე არის ოთხი თავი. თავებიდან წყალი ჩადის ქვედა აუზში. ოთხი ბრინჯაოს მამაკაცი მოთავსებულია შადრევნის ვასკის გარშემო, თითოეული თითო ფეხით ეყრდნობა ბრინჯაოს დელფინის თავს, ცდილობს, მისწვდეს დელფინის კუდს და ცალი ხელი ვასკის კიდეზე უკიდია. წყალი დელფინების ქანდაკებებიდანაც ჩადის ქვედა აუზში.
კუს ქანდაკებების დამატება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შადრევნის ორიგინალური დიზაინი ოთხი ბრინჯაოს დელფინისგან შედგებოდა, რომელსაც იჭერდა ოთხი ახალგაზრდის აწეული ხელები. წყლის დაბალი წნევის გამო ოთხი დელფინი მოაცილეს, ქანდაკებების ამაღლებულ ხელებს კი, როგორც ჩანს, დანიშნულება დაეკარგა[6]. ამ პრობლემის გამოსასწორებლად და კომპოზიციის დასაბალანსებლად, პაპ ალექსანდრე VII-ის მიერ 1658-1659 წლებში დაფინანსებული შადრევნის აღდგენის დროს დაემატა ოთხი კუ ვასკის კიდეზე. ისინი, მეცნიერების ვარაუდით, მიეკუთვნება ან ჯან ლორენცო ბერნინის, ან ანდრეა საკის. აღდგენის თარიღი ამოტვიფრულია მარმარილოს ოთხ გრაგნილზე, შადრევნის ირგვლივ.[7]
კუები ძალიან რეალისტურადაა შექმნილი. თუ მათი შემქმნელი იყო ბერნინი, მან შესაძლოა გამოიყენა ნამდვილი კუს ბაკნები, როგორც ეს გააკეთა სხვა ცოცხალი არსებების რეალისტური ქანდაკებების შემთხვევაში[8].
წყაროები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Tazartes, pg. 10, and Morton, the Waters of Rome, pg. 73-74.
- ↑ ტაზარტესი, "Waters of Rome", გვ. 73-74.
- ↑ Tazartes, pg. 14
- ↑ ტაზარტესი, გვ. 14
- ↑ ტაზარტესი, გვ. 14
- ↑ ტაზარტესი, გვ 62
- ↑ ამონატვიფრია წარწერა: "ALEXANDER VII – RESTAURAUIT – ORNATIQUE – ANNO PONTIF IV". (ალექსანდრე VII-მ აღადგინა და მორთო ეს შადრევანი თანამდებობაზე ყოფნის მეოთხე წელს.)
- ↑ ენ ქრისტინ დოგსტადი