კურუ
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
კურუ ფრანგ. Kourou | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი | საფრანგეთის გვიანა | ||
| ოლქი | კაიენას ოლქი | ||
| კოორდინატები | 5°09′30″ ჩ. გ. 52°38′34″ დ. გ. / 5.15833° ჩ. გ. 52.64278° დ. გ. | ||
| მერი | François Ringuet | ||
| ფართობი | 2160 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 2 მეტრი | ||
| მოსახლეობა | 24 470 კაცი (2022) | ||
| სიმჭიდროვე | 11,0 კაცი/კმ² | ||
| საფოსტო ინდექსი | 97310 | ||
| ოფიციალური საიტი | http://www.ville-kourou.fr[1] და http://www.kourou.fr | ||
კურუ (ფრანგ. Kourou) — ქალაქი საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტ საფრანგეთის გვიანაში. მდებარეობს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრ კაიენიდან 60 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, მდინარე კურუს შესართავთან. 2015 წლამდე იყო კანტონი კურუ.
კურუსთან ახლოს მდებარეობს გვიანის კოსმოსური ცენტრი (ფრანგ. Centre spatial guyanais, CSG). 1975 წელს, ევროპული კოსმოსური სააგენტოს შექმნის შემდეგ (ESA), საფრანგეთის მთავრობამ წინადადებით მიმართა ESA-ს გამოყენებულიყო გვიანის კოსმოდრომი ევროპული კოსმოსური პროგრამებისთვის.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კალინას ხალხის ერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კოლონიამდელი ეპოქის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის. XVII საუკუნის ბოლოს ფრანგების მოსვლამდე ეს რეგიონი უპირატესად დასახლებული იყო კალინებით.
ქალაქთან ახლოს, ლე-როშ-გრავეში (ამოკვეთილი კლდეები), ქვის კედლებზე იკითხება ადგილობრივი ხელოვნების ნიმუშები.
ადრეული კოლონიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვისენტე იანიეს პინსონმა გაცურა სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროს დიდი ნაწილის გასწვრივ და 1500 წელს გაიარა კურუს დღევანდელი ადგილმდებარეობის გვერდით.
1710 წლის დეკემბერში იეზუიტებმა ლომბარდმა და კრეილიმ მონათლეს რამდენიმე კალინას ტომის ადამიანი კაიენის წმინდა ნიკოლასის მონასტერში და მალე მათთან ერთად უკან დაბრუნდნენ მდინარე კურუს მეორე ნაპირზე არსებული გვატემალის მიწების დასამუშავებლად. მაგრამ იეზუიტთა ორდენი (გვიანაში) 1762 წელს დაიშალა და კურუ ექსპედიციის მოსვლამდე რჩებოდა პატარა სოფლად.
1744 წელს შარლ მარი დე ლა კონდამინმა, 1735 წელს პერუში ეკვატორის რაიონში მერიდიანის რკალის გრადუსის სიგრძის გასაზომად გაგზავნილი ექსპედიციის ხელმძღვანელმა, დასახლებას ჩაუარა და სახელი მისცა კურუს ერთ-ერთ მთას.
ექსპედიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იმის შემდეგ, რაც იეზუიტებმა დატოვეს მისია კურუში, ინჟინრებმა მენტელმა და ტუნიმ შეადგინეს მომავალი ქალაქის გეგმა. შედეგად წმინდა კატერინას მონასტრის ირგვლივ და პორტთან ახლოს მდინარესთან გაჩნდა ბურგის რაიონი.
იმავე 1763 წელს, პარიზის ზავის თანახმად დიდმა ბრიტანეთმა კონტროლი დაამყარა ახალ საფრანგეთზე. დაკარგეს რა თავისი უდიდესი და უმდიდრესი კოლონია, ფრანგებმა გადაწყვიტეს გვიანაში გაეგზავნათ დიდი ექსპედიცია ეტიენ ფრანსუა დე შუაზელის მეთაურობით. დაახლოებით 10 000–12 000 ადამიანი, ძირითადად ფრანგები, რომლებიც დახარბდნენ ოკეანის მეორე მხარეს ელდორადოზე მონათხრობებით, დაფუძნდნენ კურუში.
ჭაობებით და ტროპიკული ტყეებით გარშემორტყმული პატარა დასახლება არ იყო მზად ხალხის ასეთი მასიური შემოსვლისათვის და დაახლოებით 6000 დასახლებული გარდაიცვალა მთელი წლის განმავლობაში ცხელებისგან და სხვა ავადმყოფობისგან. დანარჩენები გაიქცნენ შველის კუნძულებზე, სადაც მუდმივი ქარების წყალობით არ არსებობდნენ კოღოები, რათა აღედგინათ ძალები საფრანგეთის მეტროპოლიაში დაბრუნების წინ. აქედან წარმოიშვა დასახელება – „შველის კუნძულები“. ადრე მათ უწოდებდნენ „ეშმაკის კუნძულებს“ (ფრანგ. îles du Diable) და ერთ-ერთმა კუნძულმა დღემდე შეინარჩუნა ეს სახელწოდება.
ექსპედიციის წარუმატებლობამ მხოლოდ შეამცირა გვიანის დასახლების განზრახვა. კოლონიამ სახელად მიიღო „მწვანე ჯოჯოხეთი“ (ფრანგ. Enfer Vert), რომლისგანაც დღემდე ცდილობს თავი დააღწიოს. მასობრივი კოლონიზაციის არანაირი სხვა პროექტი არ განხორციელებულა, ხოლო თეთრკანიანი მოსახლეობის რაოდენობა მუდამ იყო მნიშვნელოვნად მცირე მონების რაოდენობაზე. კოლონიის მოსახლეობა, რასისგან დამოუკიდებლად, არ აღემატებოდა 20 000 ადამიანს ოქროს ციებ-ცხელებამდე (დაიწყო 1855 წელს), 1848 წელს მონობის მეორედ გაუქმებამდე და ციხეების დაარსებამდე.
ციხეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კურუში ადრე მდებარეობდა „კურუს ციხე“, საფრანგეთის გვიანის ერთ-ერთი მთავარი ციხე, რომელიც ასევე შედიოდა „ეშმაკის კუნძულის“ სავალალოდ ცნობილ ციხის სისტემაში. კურუს ციხის ძირითადი დანიშნულება იყო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება.
1852 წელს კურუს სანაპიროს სამი მთავარი კუნძული, შველის კუნძულების ჯგუფი (ეშმაკის კუნძულის ჩათვლით), ასევე გახდნენ ციხეები. ამ კუნძულოვან ციხეებში ძირითადად სასჯელს იხდიდნენ პოლიტპატიმრები, ასევე საფრანგეთის ზოგიერთი ყველაზე უფრო საშიში დამნაშავე. პირველი პატიმრები მოიყვანეს 1862 წელს.
1938 წელს მიღებული იქნა კანონი, რომელიც კრძალავდა ახალი პატიმრების გადაყვანას საფრანგეთიდან საფრანგეთის გვიანაში. 1946 წელს, რვა წლის შემდეგ, კურუს ციხე საბოლოოდ დაიკეტა, თუმცა ზოგიერთი პატიმარი სასჯელს იხდიდა გვიანის სხვა ციხეებში 1953 წლამდე.
ციხის დაკეტვის შემდეგ ციხის შენობების უმრავლესობა დაანგრიეს, რათა გაენთავისუფლებინათ ადგილი „ოტელ დე როშისთვის“, მაგრამ იმ პერიოდის ზოგიერთი კვალი იყო შენარჩუნებული. ერთ-ერთი დამახასიათებელი ციხის ნარჩენია დრეიფუსის კოშკი, რომელიც მდებარეობს იქ, სადაც მდინარე ჩაედინება ოკეანეში. ეს კოშკი გამოიყენებოდა რადიომდელ ეპოქაში კუნძულებთან კავშირის დასამყარებლად ოპტიკური ტელეგრაფის დახმარებით. სხვა შენარჩუნებული ციხის ნანგრევებს შორის აღსანიშნავია ციხის პურის საცხობი, რომელიც დღეისათვის იმყოფება კერძო ტერიტორიაზე, მაგრამ ჩიხიდან ისევ მოსჩანს და ციხის ძველი ფონტანი მუკაიის პალმების გვერდით.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაახლოებით 60 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით საფრანგეთის გვიანის ადმინისტრაციული ცენტრიდან ქალაქ კაიენიდან მდინარე კურუ ჩაედინება ატლანტის ოკეანეში. ამ მდინარის შესართავი მდებარეობს ქალაქ კურუში, რომელიც გარშემორტყმულია ოთხი მთით: კარაპა, პარიაკაბო, კაფე და ლომბარდი, ასევე ახლომდებარე მთებით სინჟესი და კონდამინი. ქალაქის სივრცეში არსებობს სამი ტბა: ბუა-დიაბლის ტბა (სადაც შესაძლებელია ჰიდროციკლის ტარებისა და სხვა საწყლოსნო სპორტის სახეობებში გაკვეთილების მიღება), მარი-კლერის ტბა (ყველაზე პატარა და მშვიდი) და ბუა-შოდას ტბა (სამიდან ყველაზე უფრო დიდი; ასევე ღიაა სპორტის მოტვარულთათვის, განსაკუთრებით კანოისტებისთვის და კაიაკინგის მოყვარულთათვის). გრძელი პლაჟები თეთრი ქვიშით და რამდენიმე კლდოვანი შვერილები გარს უვლის ქალაქის ოკეანის სანაპიროს, მდინარის ნაპირი და ზღვიდან დაშორებული ყველა ადგილი ძირითადად დაფარულია მანგროს მცენარეულობით და ხშირი ტროპიკული ტყეებით.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც საფრანგეთის გვიანის დიდი ნაწილი, კურუ იმყოფება ტროპიკულ მუსონურ კლიმატურ ზონაში (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია-am) მოკლე მშრალი სეზონით, რომელიც მოდის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, როდესაც კონვერგენციის შიდატროპიკული ზონა იმყოფება ყველაზე ჩრდილოეთით. წლის დანარჩენ დროს ნალექები ყოველთვის დიდია. ნოემბრიდან ივლისის ჩათვლით ცხრა თვის განმავლობაში შეიძლება ველოდოთ საერთო ჯამში 2396,4 მმ ნალექს, ამასთან ერთად წვიმა მოდის თითქმის ყოველ დღე, ხოლო ცა ძალიან მოღრუბლულია.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 24 805 ადამიანს.[2] მისი მაცხოვრებლები შეიძლება დავყოთ რაოდენობის მხრივ დაახლოებით თანაბარ სამ ეთნიკურ ჯგუფად:
- მკვიდრი მოსახლეობა (ძირითადად კალინები), კრეოლები, მარონები (ბონი და სარამაკა),
- თეთრკანიანები (ძირითადად ფრანგები საფრანგეთის მეტროპოლიიდან) და
- უცხოელები (ბრაზილიელები, სურინამელები, ჰმონგები, ჰაიტელები, გაიანელები და სხვები)
სარამაკელები ძირითადად დაფუძნდნენ მდინარის გასწვრივ მდებარე სარამაკის კვარტალში. 2006 წელს ხანძარმა უსახლკაროდ დატოვა 55 ადამიანი.[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | მოსახლ. | წლიური ±% |
|---|---|---|
| სენ-ლორან-დიუ-მარონის ისტორიული მოსახლეობა | ||
| 1961 | 659 | — |
| 1967 | 3117 | +29,45 % |
| 1974 | 4720 | +6,11 % |
| 1982 | 7061 | +5,60 % |
| 1990 | 13 873 | +8,79 % |
| 1999 | 19 107 | +3,63 % |
| 2009 | 25 514 | +2,99 % |
| 2014 | 25 868 | +0,28 % |
| 2020 | 24 805 | −0,70 % |
მიგრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კურუს კომუნის 26 221 მაცხოვრებლის დაბადების ადგილები 2015 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად:[5]
- 48,7 % ადამიანი დაიბადა საფრანგეთის გვიანაში
- 16,0 % ადამიანი დაიბადა საფრანგეთის მეტროპოლიაში
- 2,0 % ადამიანი დაიბადა მარტინიკაში
- 0,9 % ადამიანი დაიბადა გვადელუპაში
- 0,4 % ადამიანი დაიბადა საფრანგეთის სხვა ზღვისიქითა ტერიტორიებში
- 32,2 % ადამიანი დაიბადა სხვა უცხოურ ქვეყნებში (ძირითადად სურინამში, რომელსაც მოსდევს ჰაიტი და ბრაზილია); მათ შორის 30,7 % იყო იმიგრანტი და 1,4 % — უცხოეთში დაბადებული საფრანგეთის მოქალაქეების ბავშვები
ქვემოთ მოყვანილია ქვეყნები, სადაც დაიბადნენ იმიგრანტები და რომლებიც ცხოვრობენ კურუს კომუნაში 2009 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით:[6]
- დაბადებული სურინამში: 3035
- დაბადებული ჰაიტიზე: 1857
- დაბადებული ბრაზილიაში: 1806
- დაბადებული სხვა ქვეყნებში: 1327
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კურუს ეკონომიკა ბევრად განისაზღვრება გვიანის კოსმოსური ცენტრით (ფრანგ. Centre spatial guyanais, CSG), საიდანაც კოსმოსში იგზავნება ევროპული რაკეტები „არიანი“ (Ariane), ასევე რუსეთის რაკეტა „სოიუზი“ (Союз) და იტალიური „ვეგა“ (Vega).
1965 წელს კოსმოსური კვლევების ეროვნულმა ცენტრმა (ფრანგ. Centre National d'Études Spatiales, CNES) დააფუძნა გვიანის კოსმოსური ცენტრი, რომელიც მდებარეობს ქალაქის შორიახლოს. 1975 წელს, როდესაც სასტარტო კომპლექსის გამოყენება დაიწყო ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ, მოხდა კურუს აქტიური ურბანიზაცია. ქალაქის და კუნძულის ნაწილი დაკეტილია რაკეტების გაშვების დროს.
საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მესამე უცხოური ფეხოსანი პოლკი, რომლის მისიაა გვიანის კოსმოსური ცენტრის დაცვა, გააჩნია ბაზა ფორჟეს რაიონში 1973 წლიდან. ისინი კრეოლებს დაუპირისპირდნენ 1985 და 2006 წლებში.[7]
2010 წელს კურუს შორიახლოს ობანელის სავანაში აშენდა მზის ელექტროსადგური. ეს მსხვილი მზის ელექტროსადგურია ზღვისიქითა საფრანგეთში.[8]
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კურუს ემსახურება აეროპორტი, რომელიც მდებარეობს ქალაქიდან დასავლეთით 2 კმ-ში.
კურუ — პორტია, საიდანაც მოსახლეობა მიემგზავრება შველის კუნძულებზე, სადაც ყველაზე უფრო ცნობილია ეშმაკის კუნძული. ბევრი ასევე დასვენების დღეებში ხშირად მდინარის საშუალებით აუყვება კანოეთი, რათა ტყეში გაშალონ ბანაკი.
დანაშაულთან ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთლიანობაში საფრანგეთის გვიანაში საფრანგეთის დანარჩენ დეპარტამენტებთან შედარებით შეიმჩნევა დანაშაულის მაღალი დონე; კურუში საშუალოდ დღეში ხდება ორი შეიარაღებული ძარცვა. 2006 წლის 27 ოქტომბერს კურუში ჩატარდა საპროტესტო მარში დაუცველობის მაღალი დონის წინააღმდეგ, რომელსაც განიცდის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი.[9] ჩინური წარმოშობის მაღაზიათა მფლობელები განსაკუთრებით ხშირად განიცდიან თავდასხმებს შეიარაღებული მძარცველების მხრიდან, მათი სალაროები და ზოგიერთი საქონელი იძარცვება.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Annuaire de service-public.fr
- 1 2 INSEE. (27 June 2023) Population en historique depuis 1968 fr.
- ↑ „Un incendie cette nuit au village Saramaca“. Blada (ფრანგული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 December 2021. ციტირების თარიღი: 14 December 2021.CS1-ის მხარდაჭერა: BOT: original-url-ის სტატუსი უცნობია (link)
- ↑ SPLAF. Agglomérations et villes de la Guyane. ციტირების თარიღი: 12 April 2021
- ↑ Recensement de la population de 2015 - Individus localisés au canton-ou-ville en 2015. INSEE. ციტირების თარიღი: 2019-02-03
- ↑ Panorama de la population immigrée en Guyane. INSEE. ციტირების თარიღი: 2019-02-03
- ↑ En Guyane, des légionnaires se livrent à une ratonnade anti-Noirs fr. Le Monde. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 23, 2006. ციტირების თარიღი: July 9, 2024
- ↑ Kourou solar power plant. ციტირების თარიღი: 14 December 2021
- ↑ Blada.com - infos citoyennes - Kourou : une ville sans oreilles fr. ციტირების თარიღი: 2025-04-09