შინაარსზე გადასვლა

კურტ ზაქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კურტ ზაქსი

კურტ ზაქსი (გერმ. Curt Sachs; დ. 29 ივნისი, 1881, ბერლინი, — გ. 5 ნოემბერი, 1959, ნიუ-იორკი) — გერმანელი მუსიკისმცოდნე, თანამედროვე ორგანოლოგიის (მუსიკალური ინსტრუმენტების სისტემური კვლევისა და კლასიფიკაციის) ერთ-ერთი ფუძემდებელი.

დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი (1904). 1920 წლიდან იყო ბერლინის მუსიკის უმაღლესი აკადემიისა და უნივერსიტეტის პროფესორი. ებრაული წარმომავლობის გამო 1933 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობდა და მუშაობდა: 1933–1937 წლებში — პარიზში, 1937 წლიდან — ამერიკის შეერთებული შტატებში, სადაც იყო ნიუ-იორკის, შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი ძირითადი შრომებია: „საკრავთა ლექსიკონი” (1913), „საკრავთმცოდნეობის სახელმძღვანელო” (1920). მათში აღწერილი და დახასიათებულია მსოფლიოს ხალხთა საკრავები, მ. შ. ქართულიც, კერძოდ, ჩანგი, ჩონგური, სალამური, სტვირი, გუდასტვირი. აქვს გამოკვლევები ანტიკური მუსიკალური კულტურის შესახებაც.