შინაარსზე გადასვლა

კურმანგაზი საგირბაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კურმანგაზი საგირბაული

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1823[1]
დაბ. ადგილი Bokey Orda District
გარდ. თარიღი 1896[1]
გარდ. ადგილი ასტრახანი
დასაფლავებულია Altynzhar
კურმანგაზი საგირბაული ვიკისაწყობში

კურმანგაზი საგირბაული (ყირგ. Құрманғазы Сағырбайұлы, დ. 1818, სხვა მონაცემებით 1823, ბუკეევის ორდა — გ. 1889 ან 1896) — ყაზახი ხალხური მუსიკოსი, კომპოზიტორი, დომბრისტი, კიუების (დომბრაზე შესასრულებელი პიესების) ავტორი. მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ყაზახური მუსიკალური კულტურის განვითარებაზე.

დაიბადა 1818 ან 1823 წელს ბუკეევის ორდაში (დღევანდელი დასავლეთ ყაზახეთის ოლქის ბოკეიორდის რაიონი), ღარიბ ოჯახში. იგი ბაიულის ტომის ყიზილყურთის ქვეტომიდან იყო. პატარაობიდანვე დაინტერესებული იყო დომბრაზე დაკვრით. მამას მისი მუსიკისადმი მიდრეკილება არ მოსწონდა, მაგრამ დედა – ალქა, ნათელი პიროვნება და ძლიერი ხასიათის ქალი, ბიჭის გატაცებას მხარს უჭერდა. 6 წლის ასაკში, სიღარიბის გამო, კურმანგაზი მწყემსად გაგზავნეს. მშობლიურ აულში ის ხშირად უსმენდა შემხვედრ კიუიშებს (დომბრის მუსიკოსებს), რომელთა შორის გამოირჩეოდა უზაყი. მან ახალგაზრდა კურმანგაზიში დაინახა მუსიკისადმი სიყვარული და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. 18 წლის ასაკში კურმანგაზიმ მშობლიური აული დატოვა და მოხეტიალე კიუიშის ცხოვრება დაიწყო. ის აგრძელებდა უნარების განვითარებას ხელოვნებაში და ბაიჟუმას, ბალამაისანის, ბაიბაქთის, ესჯანის და შერქეშეს მსგავსი ცნობილი დომბრისტებისგან სწავლობდა. კურმანგაზი უზაყთან ერთად მონაწილეობდა მუსიკალურ შეჯიბრებებში და მალე ყაზახეთის უდიდეს დომბრისტებს შეუერთდა.

იგი იყო ბუკეევის ორდის ყაზახთა სახალხო აჯანყების (1836-1838) მოწმე, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ისატაი ტაიმანოვი და მახამბეტ უტემისოვი ჯანგირ ხანის წინააღმდეგ. ერთ-ერთი პირველი კიუი, „კიშკენტაი“ („პატარა“), სახალხო აჯანყებას მიეძღვნა. მდიდრების ღია კრიტიკის გამო იგი დევნას განიცდიდა. კურმანგაზ საგირბაიული არაერთხელ დააპატიმრეს, თუმცა არ დანებდა. მას სასჯელი ჰქონდა მოხდილი ურალსკისა და ორენბურგის ციხეებში. ასევე არსებობს ცნობები, რომ ის ირკუტსკის ციხეშიც იმყოფებოდა. განსაცდელებს, შეურაცხყოფებსა და დევნას გადარჩენილმა შექმნა კიუები „ალატაუ“ და „სარიარკა“, რომლებშიც ხალხის ღრმა ფიქრები აისახა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების, ასევე საკუთარი მიწის სიყვარულის მიმართ.

კურმანგაზი იცნობდა რუსული პროგრესული კულტურის წარმომადგენლებს — ფილოლოგებს, ისტორიკოსებს, ეთნოგრაფებს, რომლებიც ყაზახური მუსიკის, მუსიკოსებისა და ხალხურ ინსტრუმენტების შესახებ მასალას აგროვებდნენ. კურმანგაზ საგირბაიულის თანამედროვე, ურალსკის ჟურნალისტი და პოეტი ნიკიტა სავიჩევი გაზეთ „ურალსკის სამხედრო ცნობებში“ წერდა: „საგირბაიული — იშვიათი მუსიკალური სულია და, რომ მიეღო ევროპული განათლება, მუსიკალურ სამყაროში პირველი დიდების ვარსკვლავი იქნებოდა...“ კურმანგაზმა თავისი კიუი „ლაუშკენი“ მიუძღვნა რუს მეგობარს, რომელიც რთულ მომენტებში დაეხმარა. მისი მეგობრული გრძნობები ასევე აისახა კიუებში „მაშინა“, „პეროვსკის მარში“ და სხვა.

1862 წელს კურმანგაზი საბოლოოდ შეხვდა თავის თანამემამულეს, კიდევ ერთ დიდ კიუშის — დაულეთკერეის. ორივე დომბრისტ-იმპროვიზატორმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ერთმანეთზე. დაულეთკერეის კიუი „ბულბული“ („მამალი“) კურმანგაზიმ თავის რეპერტუარში შეიტანა. კურმანგაზის შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს კიუი „სარიარკა“, რომელიც ნათელი ტონალობითაა სავსე და ყაზახური სტეპების უსასრულო სივრცეების სურათს ხატავს. კურმანგაზის განსაკუთრებული შესრულების ტექნიკა, რომელმაც იმ დროის მუსიკალური ტექნიკა მნიშვნელოვნად განავითარა, დიდი სიფრთხილით შეისწავლეს და განავითარეს მისმა მოსწავლეებმა და მიმდევრებმა. მათ შორის იყვნენ მახამბეთ უტემისოვი, დინა ნურპეისოვა, ერგალი ესჟანოვი და სხვები.

კურმანგაზის მავზოლეუმი ასტრახანის რაიონის სოფელ ალტინჟარში

1880 წელს კურმანგაზი დასახლდა ასტრახანის მახლობლად, სოფელ სახმაში. ცხოვრებისეული გამოცდილებით გამდიდრებული და ხალხში დიდად პატივცემული კურმანგაზი თავის გარშემო აერთიანებდა შემსრულებლობის ხელოვნების მიმდევრებს — მათ შორის დინა ნურპეისოვას, ერგალი ესჟანოვს, მამენს, მ. სულეიმენოვს. იმ დროის ცნობილი დომბრისტები — კოკბალა, მენეტაი, მენკარა, სუგურალი, ტორგაიბაი, შორა — ასევე კურმანგაზის მოწაფეებად ითვლებოდნენ.

იგი გარდაიცვალა 1889 ან 1896 წელს და დაკრძალულია სოფელ ალთინჟარში, რომელიც მდებარეობს რუსეთის ასტრახანის ოლქის ვოლოდარკის რაიონში. დღემდე კურმანგაზის 60 კიუია შემორჩენილი.

კიუების კრებულში „Қазақтың дәстүрлі мың күй“ („ყაზახური ტრადიციული ათასი კიუი“) კურმანგაზის კიუებს ასრულებენ ისეთი გამოჩენილი დომბრისტები, როგორიც არიან: კალი ჟანტლეოვი (1902-1993), გილმან ხაიროშევი (1914), მალგაჟდარ აუბაკიროვი (1934-1996), ერმეკ კაზიევი (1947), აიტჟან ტოქტაგანი (1946), რუსტემბეკ ომაროვი (1919), აზიდოლლა ესკალიევი (1934), შამილ აბილთაევი (1948), კარშიგა ახმედიაროვი (1946-2010), რისპაი გაბდიევი (1936-2004), ტუიაკ შამელოვი (1951), მუხით ბითენოვი (1912-1983), მურატ სიდიკოვი (1919), სადუაკას ბალმაგამბეტოვი (1941-1999), ბახით ბასიგარაევი (1928-2001), აიგულ ულკენბაევა (1962), მარატ ოსკენბაევი (1904-1982) და ბახით ყარაბალინა (1921-2001).

  • Алимжанов А. Юность Курмангазы // Курмангазы / Сб-к стат. под ред. А. Нысанбаева. Алма-Ата, 1998, с. 485—507
  • Аравин Ю. П. Новые материалы о Курмангазы//Вестник АН КазССР. Алма-Ата, 1961, с. 52-60
  • Аравин П. В. К вопросу о музыкальном стиле Курмангазы // Курмангазы / Сб-к стат. под ред А. Нысанбаева. Алма-Ата, 1998, с. 132—162
  • Байкадамова Б. Б. Функциональные основы темообразования в казахской домбровой музыке (на примере кюев Курмангазы). Автореферат канд. дисс. Ташкент, 1984, 22 с.
  • Бабалар сөзі: жүзтомдық Күй аңыздар / под ред . С. Қасқабасова. Т. 84. Астана, 2012 — c. 197—208
  • Васильев Г. «Сары-Арка» / Роман. Астана: Аударма, 2012 − 360 с.
  • Гизатов Б. «Его домбра звучала для народа». К 175-летию со дня рождения Курмангазы / Казахстанская правда. 7 сент., 1993
  • Джумакова У. Р. Кюи Курмангазы и проблемы казахской музыки 20 века // Курмангазы / Сб. статей под ред. А. Нысанбаева. А., 1998, с. 181—201
  • Жубанов А. К., «Курмангазы» (монография), Алматы, 1936.
  • Жубанов А. К., «Струны столетий», Алма-Ата, 1958.
  • Ирмуратов Х. Повесть о Курмангазы// Сб-к стат. под ред. А. Нысанбаева. Алматы, 1998 — с. 479—526
  • Кекільбай Ә. «Күй құдірет». Қурманғазының тұғанына 175 жыл / Егемен Казакстан. 11.09.1993
  • Кекільбай Ә. «Күй тәңірі» Қурманғазының тұғанына 175 жыл / Егемен Казакстан. 19.10.1993
  • «Кюй Курмангазы синхронно сыграли домбристы по всей стране» https://tengrinews.kz/music/kyuy-kurmangazyi-sinhronno-syigrali-dombristyi-vsey-strane-308039/
  • Нажимеденов Ж. Курмангазы // Курмангазы / сб-к стат. под ред А. Нысанбаева. Алма-Ата, 1998, с. 479—485
  • Шегебаев П. История казахской инструментальной музыки 19 века. Астана, 2008, 57 с.
  • Құрмангазы : жинақ (редактор Нысанбаев Ә. Н.) — Алматы : Қазақ энциклопедиясы, 1998 — 544 с.
  • Курмангазы. «Сары-Арка» (сборник 20 кюев), Алматы, Онер, 2001.
  • Құрмангазы: жинақ / құраст. Iзімұлы М. — Алматы : Арыс, 2004 — 320 с.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Muziekweb — 1961.