კუნშტატი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
კუნშტატი Kunštát | |||||
|
ქალაქის ხედი | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| შიდა დაყოფა | Hluboké u Kunštátu[1] , Rudka u Kunštátu[1] , Sychotín[1] , Touboř[1] , Újezd[1] და Q56412113? | ||||
| კოორდინატები | 49°30′23″ ჩ. გ. 16°31′02″ ა. გ. / 49.50639° ჩ. გ. 16.51722° ა. გ. | ||||
| მმართველი | ზდენეკ ვეტერი | ||||
| პირველი ხსენება | 1279 | ||||
| ფართობი | 24,20 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 445 მ | ||||
| მოსახლეობა | 2 891[2] კაცი (2025) | ||||
| სიმჭიდროვე | 120 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 679 72 | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | kunstat-mesto.cz | ||||
კუნშტატი (ჩეხ. Kunštát) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ქალაქი კუნშტატი ბლანსკოს რაიონში მდებარეობს. ის ექვსი მუნიციპალური ერთეულისგან შედგება, კუნშტატის გარდა მის შემადგენლობაშია რუდკა, სიხოტინი, ტოუბორჟი, უიეზდი და ჰლუბოკე-უ-კუნშტატუ.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნშტატი რაიონულ ცენტრ ბლანსკოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 18 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ზემო სვრატკის მთიანეთშია გაშენებული. მის მუნიციპალურ ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 698 მეტრია ზღვის დონიდან. კუნშტატში მიედინება პატარა მდინარე პეტრუვკა.
კუნშტატში ზომიერად კონტინენტური კლიმატია, საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,3°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა 1 100 მილიმეტრი. ყველაზე მეტი ნალექი ივლისსა და აგვისტოში მოდის.[3]

ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნშტატი ისტორიულ წყაროებში პირველად 1279 წელს არის მოხსენიებული, მაშინდელ აქაურ მემამულეს კუნა ერქვა და ქალაქის დღევანდელი სახელწოდებაც მისი სახელიდან მომდინარეობს. კუნშტატელი დიდგვაროვნები ქალაქს 1521 წლამდე ფლობდნენ. ყველაზე ცნობილი კუნშტატელი და აქაური მამულების მფლობელი იყო ბოჰემიის მეფე ირჟი პოდებრადელი. ის კუნშტატის ციხეს 1427 - 1464 წლებში ფლობდა.[4]
კუნშტატს მეთუნეობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, რომელიც აქ ქალაქის დაარსებისთანავე განვითარდა. 1620 წელს შეიქმნა მეთუნეთა პირველი გილდია, რომელშიც ათი ადგილობრივი მეთუნე გაერთიანდა. ხელობის განვითარებამ პიკს XIX საუკუნეში მიაღწია. ქალაქში თიხის ნაწარმის ბაზრობები 1993 წლიდან იმართება და ამ ტრადიციას დღესაც ინარჩუნებენ.[5]
1678 წელს მამული ლამბერგის დიდგვაროვნებმა შეიძინეს. მათ კუნშტატის ციხესიმაგრე ბაროკოს სტილის სასახლედ გადააკეთეს. ვოლფსვარფენელი ჰონრიხის გვარის დიდგვაროვნები კუნშტატს 1783 წლიდან 1901 წლამდე ფლობდნენ. მათი მმართველობის პერიოდში ქალაქის ციხეს ნეოკლასიკური რესტავრაცია ჩაუტარდა.[4]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნშტატის ციხე ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. პირველი რომანულ-გოტიკური ციხესიმაგრე XIII საუკუნეში აშენდა და XVI საუკუნეში დღევანდელი ფორმით აღადგინეს. ციხესიმაგრეში შემონახულია ყველა პერიოდის სამშენებლო ფენა და ის მორავიის ერთ-ერთი უძველესი ციხეა. ციხის კომპლექსი გარშემორტყმულია პარკით. უნიკალურია ციხის გვერდით მდებარე ძაღლების სასაფლაო, რომელიც XIX საუკუნეში დაარსდა და ციხის მფლობელები საკუთარ მონადირე ძაღლებს აქ დიდი პატივით ასაფლავებდნენ. დღეს რამდენიმე საფლავის ქვაა შემორჩენილი.[4]
ქალაქის ცენტრის მთავარი ღირსშესანიშნაობა წმინდა სტანისლავის ტაძარია. იგი XV საუკუნეში აშენდა და 1687 წელს აღადგინეს. ქალაქის ცენტრალური მოედანის სხვა ღირსშესანიშნაობებია 1885 წელს დადგმული ირჟი პოდებრადელის ქანდაკება და 1756 წელს აგებული ბაროკოს სტილის სახლი.[6]
კუნშტატის მეორე მნიშვნელოვანი რელიგიური შენობაა სულიწმინდის ტაძარი ქალაქის სასაფლაოზე, ის 1670 წელს აშენდა და 1738 წელს აღადგინეს.
რუდკას მუნიციპალურ ნაწილში მდებარეობს ბურიანის გადმოსახედი კოშკი და ბლანიკის რაინდთა გამოქვაბული. ამ გამოქვაბულში ისტორიულ ფიგურათა ქანდაკებებია დაცული, მათ შორის არის წმინდა ვაცლავის ქანდაკება. აქ იყო ტომაშ გარიგ მასარიკის 14 მეტრიანი ქანდაკებაც, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა. დღეს ამ ქანდაკების მხოლოდ ფეხსაცმელია შემორჩენილი.[7]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრანტიშეკ ჰალასი (1901–1949) — პოეტი; კუნშტატში ცხოვრობდა და აქ არის დაკრძალული
- ლუდვიკ კუნდერა (1920–2010) — პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი
Gallery
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მეფე ირჟის მოედანი და წმ. სტანისლავის ტაძარი
-
ქალაქის მერია
-
მეფე ირჟის მოედნის შადრევნები
-
ბლანიკის რაინდთა გამოქვაბული
-
სულიწმინდის ტაძარი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
- ↑ Kunštát climate. ციტირების თარიღი: 2025-08-25
- ↑ 4.0 4.1 4.2 Vznik a rozvoj města cs. Město Kunštát. ციტირების თარიღი: 2021-11-12
- ↑ Hrnčířství cs. Město Kunštát. ციტირების თარიღი: 2021-11-12
- ↑ Vznik a rozvoj města cs. Město Kunštát. ციტირების თარიღი: 2021-11-12
- ↑ Jeskyně blanických rytířů v Rudce cs. Czech Tourism. ციტირების თარიღი: 2021-11-12