კუნტურის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუნტურის საყდარი, კუნტუსის საყდარი — არქიტექტურული ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრი წყლების აღმოსავლეთით სამიოდე კმ-ზე. მდინარე თურდოს სათავეებში, მისი ერთ-ერთი შენაკადის — ფსიტიანისხევის მარცხენა ნაპირას, ბუნებრივად მოვაკებულ ადგილზე. ეკლესიის შორიახლოს, ტყეში, მოზრდილი ნამოსახლარის კვალია ჩრდილო-აღმოსავლეთით კი, ორიოდე კმ-ზე, მაღალი მთის წვერზე, ციხის ნანგრევები, რომელსაც ზოგი ფსიტიანის ზოგი კი ფსიტის ციხეს უწოდებს.

ეკლესია ზომით მოზრდილია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის დამატებითი სათავსებით საკურთხევლის გვერდებზე ჯვრის აღმოსავლეთ ნაწილიაფსიდიანია, დანარჩენი მკლავები-სწორკუთხა. აფსიდის წინ მცირე სიღრმის ბემაა. დასავლეთის მკლავი ჩრდილო და სამხრეთ მკლავებზე ოდნავ უფრო ღრმაა ნაგებობაში მკაფიოდ განირჩევა ქრონოლოგიურად განსხვავებული ორი ფენა. თავდაპირველი ფენა, როგორც შენობის აღნაგობიდან და ზომებიდან, ისეცალკეული ნიშნებიდან გამომდინარე, XI საუკუნეს უკავშირდება. მომდევნო ხანებში ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. XVI საუკუნეში მისი აღდგენა დაუწყიათ,მაგრამ, როგორც ეტყობა, აღარ დაუსრულებიათ (კედლების შენება ერთ სიმაღლეზეა გაწყვეტილი). ეკლესიის განახლების შესახებ საუბარია ჩრდილო-აღმოსავლეთ სათავსით კარის 1587 წლით დათარიღებულ, ასომთვრულით შესრულებულ, ოთხსტრიქონიან წარწერაში (მისი მარჯვენა ნაწილი ამსწორკუთხა ჟამად ადგილზეა, შუა-1933 წელს, თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (ამჟამად თელავის ინსტიტუტის მუზეუმი გადაუტანიათ. მარცხენა ნაწილი კი დაკარგულია). თ.ბარნაველის მიხვედით წარწერა შემდეგი შინაარსისაა:

ვიკიციტატა
„[ჰოი] ყოველთა ნაშობთა უმეტესო და წინასწარ მქადაგებელო სიტყვისა ღვთისაო, წინამორბედო და ნათლისმცემელო ქრისტესა იოანე. ჩვენ მსასოებელმან ცვა-ფარვათა შენთამა[ნ] [-] [ალექსანდრე [ხელვყავი] მეორედ შენებად და მკობად ტაძრისა შენისა, [-] [სალოცველად და სულისა ჩვენისა სახსრ[ად], ამინ, ქორონიკონსა სოე (1587 წელი).“

წარწერიდან ირკვევა, რომ ეკლესია აღუდგენია კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს და, რომ განახლებისას ნაკურთხი ყოფილა იოანე ნათლისმცემლის სახელზე.

შენობის თავდაპირველ ე. ი. ძირითად, სამშენებლო ფენას მიეკუთვნება საკურთხევლის ჩრდილოეთით მდებარე სწორკუთხა სათავსო-სამკვეთლო. სავარაუდოა, რომ ტაძრის დანარჩენი ნაწილის გეგმაც თავდაპირველია. თუმცა, ამის დაზუსტება, გათხრა-გასუფთავების გარეშე არ ხერხდება. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასვლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით სამივე კარი შესაბამისი მკლავის ცენტრშია, გამოყვანილია კვადრატული აგურით და ორივე მხრიდან ნახევარ წრიული თაღით არის დასრულებული.მოგვიანებით, შესაძლოა მშენებლობის დროსვე, შესასვლელების თაღის არეები, შიგნიდან, აგურის წყობით შეუვსიათ და ხის ძელებით დიობი თარაძულათ გადაუხურავთ. საკურთხევლის აბსიდი ოდნავ ნალისებრი ფორმისაა.

აფსიდის ცენტრში გაჭრილია მაღალი, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელი, რომელსაც ძირი საფეხურებად აქვს დამუშავებული. თითო, თაღოვანი სარკმელი ჯვრის დანარჩენ მკლავებშიცაა, შესასვლელების ასწვრივ. აფსიდს, მთელ სიგრძეზე ორსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს. ტაძრის ოთხივე მკლავის კედლები საკურთხევლის კონქის ქუსლის დონეზეა შემორჩენილი. გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხეში-შესაბამისი მკლავის მხარეს-გამოყვანილია თითო ნახევარსვეტი, რომლებზეც გადაყვანილი იყო გუმბათის საბჯენი თაღები. გუმბათქვეშა სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო- დასავლეთის ბურჯები სპეციალურად თნაბარი ზომით დაჭრილი შირიმის ქვითაა ნაწყობი, დანარჩენი ორი კი-აგურით. სამხრეთ-დასავლეთის ბურჯს შემორჩენილი აქვს შირიმის, მრუდხაზოვანის პროფილის ოდნავ გადმოშვერილი იმპოსტი. საკურთხევლის გვერდებზე მდებარე ორივე სათავსი აფსიდიანია. ორივე აფსიდი ნახევარწრიულიმოხაზულობისაა. ნახევარწრიულია მათი კონქის თაღებიც. სამკვეთლოს კედლები შიგნიდან სქლადაა შელესილი, მაგრამ, ალაგ-ალად, მოჩანს რიყის ქვის წყობა, რომელიც ზოგან სწორ რიგრბადაა ნაწყობი, ზოგან-ქაოსურად. სათავსი გადახურულია ჯვრული კამარით. კამარა ქარგილებზეა გამოყვანილი. კამარის წვერის წყობაში მკაფიოდაა გამოყოფილი თნაბარი ზომის ქვებით ნაწყობი ნაწილები. მის ქუსლათნ გამოყოფილია შირიმის, პროფილირებული იმპოსტები (ორ სადა ზოლს შორის მოქცეული, სამკუთხა შვერილი, რომლის წვერი ზოლების ზედაპირთან ერთ დონეზეა). აფსიდის სარკმელი პატარაა. აქვს ნახევარწრიული თავი. საკურთხევლის სარკმლის გარდა, სათავსს ჩრდილოეთის კედლის შუა ნაწილში გაჭრილი სარკმელიც აშუქებს. ეს უკანასკნელი აღმოსავლეთის სარკმელზე ბევრად უფრო დიდია და ფორმითაც უფრო წესიერი. სათავსის გვერდით კედლებზე საფეხურით შეღრმავებული, თითო, ბრტყელი ნიშაა. ასეთივე ნიშა იყო დასავლეთის კედელზეც, რომელშიც, XVI საუკუნის რესტავრაციის დროს, კამარის დასაყრდნობად, კვადრატული აგურით ნაწყობი, შეისრული თაღი ჩააშენეს თაღის სამხრეთის ქუსლი დაყრდნობილია სათავსის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში აგებულ, მასიურ, ნახევარწრიულ ბოძზე. რომლის ქვედა ნაწილი, ძირითადად, რიყის ქვისაა, ხოლო ზედა- აგურის. თაღის მეორ საყრდენი ბოძი, რომელიც სათავსის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში დგას — მთლიანად შირიმისაა. ამავე რემონტის დროს აფსიდის სამხრეთის კუთხის დიდი ნაწილი აგურით აღუდგენიათ. სათავსის სამხრეთ კედელში ვიწრო, მაღალი, თრაზულად გადახურული კარია. სათავსს მეორე შესასვლელი დასავლეთიდან აქვს - ტაძრის ჩრდილოეთის მკლავიდან. ეს კარი საკურთხევლიდან გამომავალ კარზე უფრო განიერია მაგრამ რამდენადმე დაბალი. შიგნიდან იგი გადახურულია ნახევარწრიული თაღით. გარედან კი არქიტრავი ეხურა-ეკლესიის განმაახლებლის წარწერით. საკურთხევლის სამხრეთით მდებარე სათავსი - სადიაკვნე-არსებითი სახეცვლილებებითაა შემორჩენილი. თავდაპირველად ეს სათავსიც ჯვრული კამარით იქნებოდა გადახურული, რომელიც XVI საუკუნის რესტავრაციის დროს, ცილინდრული კამარით შეიცვალა. მასში ქვის წყობით გამოყვანილია ტოლმკლავა ჯვრის გამოსახულება. თვით სათავსი დადაბლებულია სავარაუდოდ, მეორე სართულის მოწყობის მიზნით. კამარის მდებარეობის წყალობით, სათვსის ორივე სარკმელი, აღმოსავლეთით(მოქცეულია საფეხურით შეღრმავებულ არეში) და სამხრეთით, შედარებით დაბლაა განლაგებული. სამკვეთლოს მსგავსად, აქაც სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე მოწყობილია ბრტყელი ნიშები. მეორე სართულის ოთახს, აღმოსავლეთით, პატარა სარკმელი აქვს. შესასვლელი კი გარედან, სამხრეთიდან ქონია. გარედან ეკლესიის კედლების წყობაში შეიმჩნევა სხვადასხვა პერიოდის სამშენებლო ფენები რომლებიც ერთმანეთისგან, როგორც საშენი მასალით, ისე წყობის ხარისხითაც მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის მნიშვნელოვანმა მონაკვეთებმა შინარჩუნა თავდაპირველი, თევზიფხური წყობით გამოყვანილი, თარაზულად გამავალი რიგები: კედლის ზედა და, ნაწილობრივ, ქვედა ნაწილებში საკმაოდ უხვადაა ჩასმული (როგორც ჩანს, რომელიღაც პერიოდის შეკეთების დროს) ქვის დიდი ფილები, რომლებიც კედლის ზედაპირზე ბრტყლად არის გამოსული.გარდა ამისა, არის აგურის ცალკეული ჩანართებიც. აგურითვეა გამოყვანილი ფასადის ცენტრში არსებული, კედლის სიბრტყიდან ოდნავ შვერილი სწორკუთხედი, რომელშიც საკურთხევლის სარკმელია ჩასმული. დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე წყობა, ძირითადად, სწორია. აქ რიყის ქვა და ფილაქანი აგურის რიგებს შორისაა მოქცეული. თუმცა, ძედა ნაწილებში ქვა უფრო მეტია,დასავლეთ ფასადზე, აქა-იქ, არის შირიმით გამოყვანილი დიდი მონაკვეთბი. შენობის ყველა კუთხე აღმოსავლეთ კუთხეების გარდა, ნაწყობია აგურით, ამჟმად ბათქაში, კედლების დიდ ფართობზე, როგორც გარედან, ისე შიგნიდანაც ჩამოცილებულია, რის გამოც ზედაპირი საკმაოდ უსწორმასწოროა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]