კულტურის ქალური და მამაკაცური ტიპები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კულტურის ქალური და მამაკაცური ტიპებიკულტურის ტიპები. კულტურის ამგვარ ტიპთა არსებობაზე საუბრობდა იოჰან ბახოფენი (1815-1887) 1861 წელს გამოცემულ წიგნში "დედის უფლებები". მისი გამოკვლევის თანახმად, კაცობრიობის ისტორიის საწყის ეტაპზე სისხლისმიერი კავშირების ფიქსირება მხოლოდ ქალის საშუალებით ხდებოდა, ამიტომაც ქალი-დედა გამოდიოდა როგორც მბრძანებელი და კანონმდებელი გვარშიც და თემშიც. ამ გარემოებამ თავი იჩინა როგორც ოჯახის, ისე გვარისა და რელიგიის სახის ჩამოყალიბებაში. ბახოფენი ამტკიცებდა, რომ ძველ ბერძენთა პანთეონში, სხვა ღვთაებათა გვერდით, თაყვნისცემის საგანი იყო დედობრივი საწყისის განმასახიერებელი ღვთაება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია მსჯელობა მატრიარქალური ტიპის კულტურის არსებობაზე, - აცხადებდა ბახოფენი. მისთვის დამახასიათებელია ადამიანთა თანასწორობა, უპირობო დედობრივის სიყვარული, ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობა, მისი ბედნიერება.

მაგრამ დროთა განმავლობაში მამაკაცის როლის ზრდამ განაპირობა მამაკაცური ღვთაებების გაბატონება. შესაბამისად, შეიძლება საუბარი პატრიარქალური ტიპის კულტურაზე, სადაც უპირატესობა საქმიან ურთიერთობებსა და რაციოს ენიჭება, ადამიანი ისწრაფვის ბიოლოგიური გარემოს შეცვლისაკენ; თანასწორობის სანაცვლოდ, იერარქიაში წინ იწევს საყვარელი შვილის პრინციპი, მნიშვნელოვანია ძალაუფლებისადმი მორჩილება.

მეორე მკვლევარი, რომელიც ასევე ეხება ამ თემას, არის გერმანელი ეთნოგრაფი ლეო ფრობენიუსი (1873-1938), რომელიც მატრიარქალური ტიპის კულტურის მატარებელ ხალხად თვლის რუსებს, გერმანელებს, აფრიკელებს, პატრიარქალურ ტიპს კი მიაკუთვნებს ანგლოსაქსებს, არაბ-ბერბერებს, რომაელებს და სხვ. მატრიარქალური ტიპის კულტურა გამოირჩევა ბუნებასთან ერთიანობით, ანუ იგი ემოციური მსოფლმხედველობაა. ფრობენიუსის აზრით, ისტორიაში ეს ორი კულტურული ტიპი თანამონაცვლეობს.

ამ დაყოფათა კვალდაკვალ, ლეო ფრობენიუსმა დაასახელა აფრიკის "ტელურიულ-ეთნიკურ-პატრიარქალური" და "ქტონიურ-ქამიტურ-მატრიარქალური" ტიპის კულტურები. მათგან "ტელურიული" აფრიკის სავანეთა შვილია, "ქტონიური" კი - სახარისა და ჩრდილოეთ აფრიკისა. "ტელურიული" კულტურისათვის ცისკენ მისწრაფებაა დამახასიათებელი, რაც კარგად ჩანს მის არქიტექტურაში - მოწნული სახლები, ფეხებიანი საწოლები; ღმერთებიც ზემოთ ბინადრობენ. "ქტონიური" ტიპის კულტურა კი მიწისკენ ისწრაფვის: მიწურის სახლებით, მიწის ღუმელებით, სულთა მიწისქვეშა სამყოფელით და ა.შ.

შემდგომში მან "ქამიტური" (მატრიარქალური) და "ეთიოპური" (პატრიარქალური) კულტურები შეცვალა "აღმოსავლეთითა" და "დასავლეთით". მათგან პირველის - მატრიარქალური კულტურისათვის - დამახასიათებელია "გამოქვაბულის" გრძნობა, უძრაობა, ფატალური ბედის იდეა; მეორე - პატრიარქალური კულტურისათვის კი - "შორეული სივრცის გრძნობა", დინამიურობა, პიროვნებისა და თავისუფლების იდეა.