კუკიის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ღვთისმშობლის ეკლესიაქართული მართლმადიდებლური ეკლესია, იდგა ქალაქისპირა სოფელ კუკიაში, მტკვრის სიახლოვეს. ვახუშტის მიერ შედგენილ 1735 წლის თბილისის თბილისის გეგმაზე მტკვრის მარცხენა მხარეს, სოფელ ჩუღურეთის შემდეგ, №64-ით დატანილია დასახლებული პუნქტი „ახალი სოფელი“ (სოფელი კუკიის ადრინდელი სახელი), სადაც დგას ბაზილიკის ტიპის ჯვარდადგმული ნაგებობა. სამწუხაროდ გეგმის ექსპლიკაციაში ვახუშტი არას გვამცნობს ძეგლის სახელწოდების შესახებ. 1837 წელს შედგენილ თბილისის სიძველეთა ნუსხაში წერია:

ვიკიციტატა
„მტკვრის მხარს, კუკიად წოდებულსა შენობასა შინა, არის ეკკლესია მცირე ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სახელითა, ქვით-კირით აღშენებული, უგუნბათო და დაბურვილი აგურით, მუნებურთა მრევლისაგან. აღშენებული წელსა 1807-სა.“

მოყვანილ ციტატაში 1807 წელი უნდა მიუთითებდეს ეკლესიის ხელმეორედ აგების, ანდა მისი განახლების თარიღზე. 1884, 1887 და 1898 წლების თბილისის გეგმებზე კუკიის ღვთისმშობლის ეკლესია დატანილია როგორც წმინდა ნიკოლოზის საყდარი, 1903-1904 წლების თბილისის გეგმაზე № 246-ით კი ისევ ღვთისმშობლის სახელითაა. ეკლესია აიღეს XX საუკუნის 20-იან წლებში, ყოფილი მ. ვორონცოვის მოედნის გაფართოებასთან დაკავშირებით. ეკლესიის ადგილას ამჟამად დგას ექვსსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 904