შინაარსზე გადასვლა

კუკესის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლქი
კუკესის ოლქი
დროშა გერბი

ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
ადმ. ცენტრი Kukës
შიდა დაყოფა Has District, Kukës District და Tropojë District
კოორდინატები 42°10′00″ ჩ. გ. 20°20′00″ ა. გ. / 42.16667° ჩ. გ. 20.33333° ა. გ. / 42.16667; 20.33333
ფართობი 2374.0 კმ²
მოსახლეობა 85 292[1]
სასაათო სარტყელი UTC+1[1]
ოფიციალური საიტი http://www.qarkukukes.gov.al
კუკესის ოლქი — ალბანეთი
კუკესის ოლქი

კუკესის ოლქი (ალბ. Qarku i Kukësit) — ზღვაზე გასასვლელის მქონე ოლქი ალბანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 2 374 კმ²-ია. სიდიდით მეშვიდეა ალბანეთის 12 ოლქს შორის, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში კი მესამე ადგილს იკავებს. დასავლეთით ესაზღვრება შკოდერის, სამხრეთით დიბრის, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით ლეჟის ოლქები; აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ემეზობლება სერბეთს, ხოლო ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით მონტენეგროს. დაყოფილია სამ მუნიციპალიტეტად: ჰასი, კუკესი და ტრიპოია.[2] მუნიციპალიტეტები საერთო ჯამში 290 ადმინისტრაციულ ერთეულს აერთიანებენ. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კუკესი.

თანამედროვე კუკესის ოლქის მიწებზე ადამიანის ყოფნის ისტორია ბრინჯაოს ხანიდან იღებს სათავეს, როდესაც ძველმა ილირებმა, დარდანებმა და რომაელებმა ამ რეგიონში პირველი დასახლებები დააარსეს.[3] კუკესთან ახლოს მდებარე სოფლებში, კენეტასა და კოლშში რამდენიმე ილირიული სამარხია აღმოჩენილი.[4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუკესი ძირითად მთიანი რეგიონია და გარშემორტყმულია ქედებით. ჩრდილო-დასავლეთით მას ალბანური ალპები ესაზღვრება, რომელიც კარსტული ტოპოგრაფიით ხასიათდება. ჩრდილო-აღმოსავლეთით ასევე დომინირებს გიალიცას, კორიტნიკისა და პაშტრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი კორაბისა და შარის მთები.[5] მაია ეზერცა (2,694 მ) ოლქის უმაღლესი მწვერვალია, ალბანეთის მასშტაბით კი მეორე ადგილს იკავებს.

ჰიდროლოგიურად, ოლქი თითქმის მთლიანად მდინარე დრინისა და მისი შენაკადების აუზშია განლაგებული. დრინი ოლქის ტერიტორიის გავლით ადრიატიკის ზღვაში ჩაედინება. ფიერზის და კომანის ტბები, რომლებიც ასევე კუკესში მდებარეობს, თეთრი და შავი დრინის წყლით იკვებება. სხვა ღირსშესანიშნავი მდინარეებია გაში და ვალბონა.

ოლქის კლიმატი ალპური და კონტინენტურია.[6][7] საშუალო თვიური ტემპერატურა 11°C-სა (იანვარში) და 25°C-ს შორისაა (ივლისში). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 900-დან 3000 მილიმეტრამდე მერყეობს, გეოგრაფიული რეგიონისა და გაბატონებული კლიმატის ტიპის მიხედვით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთის სტატისტიკის სააგენტოს (INSTAT) 2011 წლის აღწერის მონაცემებით, კუკესის ოლქში 85 292 ადამიანი ცხოვრობს.[8] მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 36 კაცს მოიცავს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ოლქმა მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დაკარგა. კუკესს ალბანეთში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს: 2.29 ბავშვი ერთ ქალზე.

ოლქი ძირითადად დასახლებულია ალბანელებით (99.15%). უმცირესობათა ჯგუფებში შედიან მაკედონელები (0.85%), ბერძნები (0.01%), სომხები (0.01%) და ეგვიპტელები (0.00%).[9] მათი ძირითადი ნაწილი მუსლიმია, თუმცა არსებობს კათოლიკე ქრისტიანთა მნიშვნელოვანი უმცირესობაც. ისინი გეგურ დიალექტზე საუბრობენ. მოსახლეობის 0.33% საკუთარ თავს არარელიგიურად აცხადებს.

რელიგია კუკესის ოლქში (2011 წლის აღწერის მიხედვით)
რელიგია პროცენტი
მუსლიმი
  
83.81%
არ უპასუხა
  
8.19%
კათოლიკე
  
2.62%
მორწმუნე კონფესიის გარეშე
  
2.46%
ათეისტი
  
0.33%
ქრისტიანი
  
0.04%
მართლმადიდებელი
  
0.03%
ევანგელისტი ან პროტესტანტი
  
0.03%

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუკესი ალბანეთის ყველაზე ღარიბი ოლქია როგორც ისტორიულად, ასევე დღეის მონაცემებით.[10] 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, მისი ტერიტორია ბევრმა ადამიანმა დატოვა და დედაქალაქში გადაიხვეწა. ოლქის ინდუსტრია ხალიჩებისა და ქსოვილების დამზადებას და სოფლის მეურნეობას მოიცავდა, თუმცა მოსახლეობის მასობრივი ემიგრაციის გამო ადგილობრივი ეკონომიკა დაქვეითდა და კუკესი ალბანეთისა და ევროპის ყველაზე ღარიბ და ნაკლებად განვითარებულ რეგიიონებს შორის მოხვდა.[11] 2021 წელს ოლქში მეორე საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა, რათა შეჩერებული ეკონომიკა აღმდგარიყო. მიუხედავად ამისა, კუკესი დღემდე ტირანაზე სამჯერ ღარიბ ოლქად რჩება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 GeoNames — 2005.
  2. Law nr. 115/2014 sq გვ. 6373. ციტირების თარიღი: 25 February 2022
  3. Bulletin of the Institute of Archaeology, 30-31, University of London. Institute of Archaeology, 1991, pp. 11–14, https://books.google.com/books?id=_kcrAQAAIAAJ&q=tropoje+archaeology
  4. Boardman, Edwards, John ,I. E. S. (1982) The Cambridge Ancient History. Cambridge University Press, გვ. 235. ISBN 9780521224963. 
  5. STRATEGJIA TERRITORIALE E NJËSISË VENDORE KUKËS en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-03. ციტირების თარიღი: 2017-10-02
  6. PLANI I ZHVILLIMIT I BASHKISE KUKES sq. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-14. ციტირების თარიღი: 2024-05-31.
  7. Zona Funksionale Tropojë sq.
  8. Population and Housing Census sq.
  9. Population and Housing Census sq.
  10. News, Albanian. (2021) Poorest in Europe.
  11. HDI. HDI.