კუბის სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიპური კუბური საჭმელები: როპა-ვიეხა, შავი ლობიო, ბრინჯი და იუკა შემწვარი ადესით

კუბის სამზარეულო (ესპ. Gastronomía de Cuba) — ტრადიციული კუბური კერძების ერთობლიობა, რომელიც შეიქმნა ესპანური, აფრიკული და კარიბული გასტრონომიების შერწყმით. კუბელები ასევე ინარჩუნებენ იმ კულინარიულ ტრადიციებსა და ტექნიკებს, რომლებიც მათ ადგილობრივმა ინდიელებმა დაუტოვეს. მოგვიანებით მას კარგად შეერწყა ესპანური და აფრიკული სამზარეულოები, რამაც მოგვცა თანამედროვე კუბის გასტრონომია. აღსანიშნავია, რომ კუბაში აფრიკულმა წეს-ჩვეულებებმა ესპანელების მიერ ჩაყვანილმა შავკანიანი მონების წყალობით ჩააღწია, რომელთაც შაქრის ლერწმის პლანტაციებში ამუშავებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი უმცირესობაში იყვნენ, მაინც მოახერხეს ადგილობრივ სამზარეულოზე დიდი გავლენის მოხდენა.

თამბაქოს პლანტაციებში ძირითადად კანარებიდან წასული ღარიბი ესპანელი იმიგრანტები მუშაობდნენ. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში კი შეიმჩნევა ჰაიტიდან და სხვა კარიბებიდან წამოსული ფრანგი იმიგრანტების დიდი რიცხვი, რომელთაც სამშობლო ძირითადად ჰაიტის რევოლუციის შემდეგ დატოვეს და კუბაში გაიქცნენ. ამის გამო კუბურ სამზარეულოზე დიდია ფრანგული გასტრონომიის გავლენაც. აქ ჩასულმა ფრანგებმა ძირითადად მათი კერძების დახვეწასა და გამრავალფეროვნებაზე იქონიეს ზეგავლენა. სწორედ მათ გამოიგონეს ცნობილი კუბური დესერტი, ბანანის ფლანი.

კუბაში ჩასულმა ევროპელებმა მრავალი ახალი პროდუქტი გაიცნეს, რომელთაც ადგილობრივები საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდნენ, მაგალითად: გორგლი, იუკა, ტკბილი კარტოფილი, ბამია, გოგრა, გუავა, სიმინდი და ჩილის წიწაკა, რომელსაც აქ კუბური წიწაკა ჰქვია. კარიბის ზღვაში მდებარე კუბა ერთობ მდიდარია ზღვის პროდუქტებით. მათ კერძებში გამოყენებული თევზების სრული სია საკმაოდ გრძელია, თუმცა გამოარჩევენ: ზვიგენებს, ხმალთევზებს, კავამებს, კალმახს, ქორჭილასა და გრუპერებს. კუბელები ასევე იყენებენ არა მხოლოდ ფრინველების, არამედ დიდი ქვეწარმავლების ხორცს, როგორებიცაა: იგუანა და კუბური ნიანგი.

ესპანელმა კოლონიზატორებმა ზუსტად აღწერეს კუბური ტრადიციული კერძების რეცეპტები, რომელთაგანაც განსაკუთრებულად კასაბესა და ახიაკოს გამოყოფდნენ.

კუბური სენდვიჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუბური სენდვიჩი

კუბური სენდვიჩი, რომელსაც თავად კუბელები მიქსტოს უწოდებენ, ლანჩის დროს ძალიან პოპულარულია. როგორც ცნობილია, იგი XIX საუკუნეში, პლანტაციაში მომუშავე კუბელებმა გამოიგონეს. მას შემდეგ რაც კუბელებმა აქტიურად დაიწყეს ფლორიდაში გადასვლა, ეს სენდვიჩი ამერიკაშიც გახდა ცნობილი და სწორედ მათ უწოდეს მას „კუბური“.

ცნობილი კუბური სასმელი, რომი და კოკა-კოლა ლაიმითა და ყინულით

სენდვიჩი აგებულია კარაქიანი კუბური პურის ბაზაზე და შეიცავს: ღორის ხორცის თხელ ნაჭრებს, ასევე თხლად დაჭრილ სერანოს ლორს, შვეიცარულ ყველს, კამას, მწნილსა და ყვითელ მდოგვს. ზოგჯერ, იტალიელი ემიგრანტების გავლენით სენდვიჩში ემატება გენუური სალიამი. რესტორნებში ასევე უმატებენ პომიდორსა და სალათის ფოთლებს, რაც ტრადიციულ რეცეპტში არ გვხვდება. კუბელების აზრით ეს „სენდვიჩის მიუღებელი ამერიკანიზაციაა“.

სასმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კუბური სასმელია ბატიდო, რომელიც მზადდება გრავიოლასა და ხორბლის ფქვილისაგან. ასევე ცნობილია კუბური ესპრესო, იგივე კუბური ყავა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კუბური სასმელია ლიბრე. იგი მზადდება რომის, კოკა-კოლის, ლაიმისა და შაქრისაგან. მისი მსგავსია დაიკირი, რომელიც რომის, ლაიმისა და სიროპისაგან მზადდება.

აგრეთვე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია მოხიტო. სხვა კუბური სასმელებიდან აღსანიშნავია: გვარაპო, ელ-პრესიდენტე, მატერვა, ხუპინა, კარახილიო, კორტადიტო, პინა-კოლადა და ა.შ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Three Guys From Miami (n.d.). "Sandwich Cubano / Cuban Sandwich".
  • Otto, Steve (24 October 2007). "Cuban Is Ours, Any Way You Try To Slice It". The Tampa Tribune. Archived from the original on 7 May 2009.
  • Stern, Jane and Michael (2009). 500 Things to Eat before It's Too Late and the Very Best Places to Eat Them. Boston: Houghton Mifflin Harcourt. ISBN 978-0-547-05907-5.
  • Carris Alonso, Cynthia. "A Taste of Cuba: A Journey Through Cuba and its Savory Cuisine." ISBN 978-1-948062-00-8 Apollo Publishers, 2018
  • Aróstegui, Gonzalo, et al.: Manual del Cocinero Criollo, Cuba, 19th century.
  • Buchmann, Christine. "Cuban Home Gardens and Their Role in Social–Ecological Resilience." Human Ecology: An Interdisciplinary Journal 37.6 (2009): 705-721. 16 Jan. 2010.