შინაარსზე გადასვლა

კუბერ-პედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კუბერ-პედი
Coober Pedy
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
კოორდინატები 29°00′50″ ჩ. გ. 134°45′18″ ა. გ. / 29.01389° ჩ. გ. 134.75500° ა. გ. / 29.01389; 134.75500
დაარსდა 1915
ადრეული სახელები Stuart Range Opal Field
ცენტრის სიმაღლე 226 მეტრი
მოსახლეობა 1695 კაცი (2011)
საფოსტო ინდექსი 5723
ოფიციალური საიტი https://www.cooberpedy.sa.gov.au/
კუბერ-პედი — ავსტრალია
კუბერ-პედი

კუბერ-პედი (ინგლ. Coober Pedy) — მცირე ზომის ქალაქი ავსტრალიაში, სამხრეთ ავსტრალიის შტატის ცენტრალურ ნაწილში. წარმოადგენს ამავე სახელწოდების ადგილობრივი თვითმმართველობის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1695 ადამიანს შეადგენდა.

უახლოესი მსხვილი ქალაქებია პორტ-ოგასტა (500 კილომეტრი სამხრეთით) და ალის-სპრინგსი (600 კილომეტრი ჩრდილოეთით). კუბერ-პედი ცნობილია როგორც „ნაწილობრივ მიწისქვეშა ქალაქი“.

ქალაქი ცნობილია, როგორც ოპალების მსოფლიო დედაქალაქი: აქ მდებარეობს ოპალის ერთ-ერთი უმდიდრესი საბადო, სადაც თავმოყრილია მსოფლიო მარაგის დაახლოებით 30%. ავსტრალიაში ჩვეულებრივი ოპალი პირველად 1849 წელს, „ოქროს ციებ-ცხელების“ პერიოდში აღმოაჩინეს, თუმცა უშუალოდ კუბერ-პედიში კეთილშობილი ოპალი მხოლოდ 1915 წელს იპოვეს. სახელწოდება „კუბერ-პედი“ ავსტრალიელი აბორიგენების ენიდან ითარგმნება, როგორც „თეთრი ადამიანის სორო“ ან „თეთრი ადამიანი მიწისქვეშ“.

შესასვლელი მიწისქვეშა საცხოვრებელში
მიწისქვეშა საცხოვრებელის ინტერიერი

კუბერ-პედი მდებარეობს სამხრეთ ავსტრალიაში, სტიუარტის ქედზე, ვიქტორიას დიდი უდაბნოს აღმოსავლეთ კიდეზე. ეს ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე უდაბური და მცირედ დასახლებული ადგილია. ქალაქი ადელაიდიდან ჩრდილოეთით 850 კილომეტრითაა დაშორებული, მასთან დაკავშირება კი სტიუარტის ავტომაგისტრალით არის შესაძლებელი.

რთული კლიმატური პირობების — დღის მაღალი ტემპერატურისა და ქვიშის ქარიშხლების გამო — კუბერ-პედის მცხოვრებლები თავდაპირველად მიწისქვეშა საცხოვრებლებში სახლდებოდნენ. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მრეწველობაში სამთო-მოპოვებით იყო დასაქმებული, რის გამოც შახტაში შესასვლელი ხშირად პირდაპირ მიწისქვეშა სახლიდან გადიოდა.

კლდეში ნაკვეთ ასეთ საცხოვრებლებში ყველაფერი ჩვეულებრივ სახლს მოგაგონებდათ — აქ იყო საძინებლები, მისაღები ოთახები, სამზარეულოები და სააბაზანოები. კონდიცირების სისტემის არარსებობის პირობებშიც კი, მიწისქვეშა სახლებში თავისთავად ნარჩუნდებოდა ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი — დაახლოებით 22 °C.

ამჟამად ქალაქის ტერიტორიაზე ახალი შახტების გათხრა აკრძალულია, ხოლო მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე ყველა კეთილმოწყობით აღჭურვილ ტრადიციულ (მიწისზედა) სახლებში ცხოვრობს. თუმცა, არც თანამედროვე, ე.წ. „დაგაუტები“ ( სიტყვასიტყვით „ამოთხრილი“ საცხოვრებლები) ჩამოუვარდება მათ კომფორტით — ისინი უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, წყალმომარაგებითა და კანალიზაციით.

დიზაინის თვალსაზრისით, არსებობს გაფორმების ორი სახეობა — „ნატურალური“ და „თანამედროვე“:

  • „ნატურალური“ — გათხრებისა და ოთახების ფორმირების შემდეგ, კედლებსა და ჭერს ფარავენ პვა-ს (PVA) ხსნარით, რათა მტვერი არ წარმოიქმნას. ამგვარად ნარჩუნდება ბუნებრივი ქვის ფაქტურა და ფერი.
  • „თანამედროვე“ — ოთახის ფორმირების შემდეგ ხდება მისი მოპირკეთება თაბაშირ-მუყაოს (გიფსოკარტონის) ფილებით. საბოლოო მოპირკეთების შემდეგ ასეთი ოთახი სრულიად არ განსხვავდება ჩვეულებრივი საცხოვრებლისგან და მხოლოდ ფანჯრების სიმცირე ან მათი არარსებობა მიანიშნებს იმაზე, რომ ის მიწისქვეშაა.

ტრადიციულად, შესასვლელი კარის ორივე მხარეს მხოლოდ ორი ფანჯარა კეთდებოდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ დიდი რაოდენობით მინის გამოყენების შემთხვევაში, საცხოვრებელი ზაფხულში ზედმეტად ხურდებოდა და კარგავდა მუდმივ ტემპერატურულ რეჟიმს.

დღეისათვის ეს შეზღუდვა კონდიცირების სისტემების დამონტაჟებით არის აღმოფხვრილი, რის გამოც შესაძლებელია ყველაზე მრავალფეროვანი ვარიანტების ხილვა — მათ შორისაა ტრადიციული (მიწისზედა) და მიწისქვეშა საცხოვრებლების კომბინაციები, სადაც ერთდროულად გვხვდება როგორც „ნატურალური“, ისე „თანამედროვე“ სტილის ოთახები.

კუბერ-პედიში წყლის ბუნებრივი რესურსები საერთოდ არ მოიპოვება, მიუხედავად ჭაბურღილების გაყვანის მრავალგზის მცდელობისა. ეს ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე მცირენალექიანი რეგიონია. თავდაპირველად წყალი ძალიან ძვირი ღირდა, რადგან მისი ტრანსპორტირება მრავალი კილომეტრიდან საპალნე ცხოველებით, ძირითადად აქლემებით ხდებოდა. ამჟამად ქალაქში გაყვანილია წყალსადენი, თუმცა წყალი კვლავ შედარებით ძვირია (დაახლოებით 5 დოლარი 1000 ლიტრზე).[1]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუბერ-პედის საინტერესო ობიექტების უმრავლესობა მიწისქვეშაა განთავსებული — მათ შორისაა სასაფლაო და მიწისქვეშა ეკლესიები. პირველი „ხეები“, რომლებიც ქალაქში გამოჩნდა, რკინის ნაჭრებისგან იყო შედუღებული. მცენარეულობა დღესაც მცირეა და ძირითადად წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი კაქტუსებით. ქალაქში არის გოლფის მოედნები „მოძრავი ბალახით“ — გოლფის მოთამაშეებს თან დააქვთ „კორდის“ (ბალახის საფარის) მცირე ზომის ნაჭრები, რომლებსაც პირველი დარტყმისთვის იყენებენ.

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუბერ-პედი ავსტრალიის მრავალ პოპულარულ ტურისტულ მარშრუტში შედის.

ქალაქის ლანდშაფტები გამოყენებულია ისეთი ფილმების გადასაღებ მოედნად, როგორებიცაა: „შეშლილი მაქსი 3: ჭექა-ქუხილის გუმბათქვეშ“, „კენგურუ ჯეკპოტი“, „პრიცილას თავგადასავალი, უდაბნოს დედოფალი“ და „შავი ხვრელი“.

კუბერ-პედიში გაიმართა რეალითი შოუს — The Amazing Race — მეორე სეზონის გადაღებები.

დაახლოებით 2012 წელს კუბერ-პედის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო ექსპერიმენტული სწავლებები სამომავლო ექსპედიციისთვის მარსზე.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, კუბერ-პედის რაიონში გაბატონებულია უდაბნოს კლიმატი, მცენარეული საფარი კი თითქმის არ გვხვდება.[2]

კუბერ-პედი ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი რაიონია, სადაც წვიმა თითქმის არასდროს მოდის. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა დაახლოებით 150 მმ-ს შეადგენს. დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის სხვაობა ძალიან მკვეთრია. ზაფხულში დღის განმავლობაში ტემპერატურამ შესაძლოა 40 °C-ს გადააჭარბოს, ღამით კი 20 °C-მდე იკლებს; მოსალოდნელია ქვიშის ქარიშხლებიც. ზამთრის პერიოდში დღის ტემპერატურა 20 °C-ის ფარგლებში მერყეობს, ღამის საშუალო ტემპერატურა კი დაახლოებით 7 °C-ია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Coober Pedy History. ციტირების თარიღი: 2011-10-05
  2. Australian climate zones დაარქივებული 2009-05-07 საიტზე Wayback Machine.