კრონოცკოე
კრონოცკოე | |
---|---|
ტბა კრონოცკოე | |
კოორდინატები: 54°47′11″ ჩ. გ. 160°13′36″ ა. გ. / 54.78639° ჩ. გ. 160.22667° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კამჩატკის მხარე |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 372 მ |
სიგრძე | 24 კმ |
სიგანე | 18 კმ |
ფართობი | 245 კმ² |
მოცულობა | 14,2 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 134 კმ |
საშუალო სიღრმე | 58 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 136 მ |
გამჭვირვალობა | 6 მ |
აუზის ფართობი | 2330 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ლისტვენიჩნაია უზონი უნანა |
გამომდინარე მდინარე | კრონოცკაია |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
კრონოცკოე (რუს. Кроноцкое) — ტოლფერდა სამკუთხედის ფორმის ტბა კამჩატკის მხარეში, რუსეთში. მდებარეობს კამჩატკის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, გეიზერების ხეობიდან ჩრდილოეთით 30 კმ-ში, ზღვის დონიდან 372 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 245 კმ², მაქსიმალური სიღრმე 136 მ.[1] სარკის ფართობით კამჩატკაზე მეორე ადგილზეა ტბა ნერპიჩიეს შემდეგ. აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ განლაგებულია 11 კუნძული. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ტბას ჰქონდა კალდერული წარმოშობა, თუმცა დღეისათვის დამტკიცებულია, რომ ტბა წარმოიქმნა დაახლოებით 10 000 წლის წინ ლავური დანალექების მიერ მდინარის კალაპოტის გადაღობვის შედეგად, მას შემდეგ, რაც ადგილი ჰქონდა კრონოცკაია-სოპკისა და კრაშენინიკოვის ვულკანების ამოფრქვევას.[2]
საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. მაქსიმალური დონე ივლისშია, მინიმალური — მაისში. დონე ირყევა რამდენიმე ათეული სანტიმეტრის ფარგლებში. ტბის ქვაბულში წყლის სრული განახლება ხდება დაახლოებით 9-10 წელიწადში ერთხელ. გაძგიფვა დეკემბრის ბოლოდან ივნისამდე. ყინულის სისქე 1 მ აღწევს. წლის თბილ დროს წყლის ტემპერატურა დაბალია, მაქსიმალური ნიშნული დაფიქსირებულია სექტემბერში და ადგილიდან გამომდინარე მოქცეულია 8-16°С ფარგლებში.[3] წყლის მინერალიზაცია არ აჭარბებს 100 მგ/ლ-ს. გამჭვირვალობა მაღალია, სეზონიდან გამომდინარე ეს მაჩვენებელი 6 მ უდრის.[3]
აღმოსავლეთით 8 კმ-ში მდებარეობს ვულკანი კრონოცკაია-სოპკა, სამხრეთით 10 კმ-ში კრაშენინიკოვის ვულკანი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კმ-ში შმიდტის მთა. კრონოცკოეს ერთვის 10 მდინარე, რომელთაგან უდიდესია ლისტვენიჩნაია, უზონი, უნანა, სევერნაია და პერევალნაია. გამოედინება მხოლოდ 1 მდინარე — კრონოცკაია, რომელიც ერთვის კრონოცკის ყურეს.[4]
ზოოპლანქტონის შემადგენლობაშია ნიჩაბფეხიანების, დატოტვილულვაშიანებისა და ციბრუტელების 17 სახეობა. გაბატონებული სახეობაა ციკლოპი. ბენთოსში ყველაზე უფრო მეტად გაბატონებულია მცირეჯაგრიანი ჭიები, მოლუსკები და ტენდიპედიასებრნი, აგრეთვე Mermithidae, ამფიპოდები, წურბელები და წყლის ტკიპები. ტბაში გვხვდება თევზის ორი სახეობა: ნერკის განსაკუთრებული მტკნარწყლიანი ფორმა კოკანი, რომელიც იზოლატს წარმოადგენს და ტბის გოჭალა. სანაპიროზე გვხვდება წყნაროკეანური თოლიებისა და გედების კოლონიები.[3]
პირველი ცნობები ტბის შესახებ შეაგროვა სტეფანე კრაშენინიკოვმა, რომელმაც ტბის შესახებ ცნობები ჩაიწერა კამჩადალების სიტყვებიდან.[5] ტბის პირველი მკვლევარი იყო ზოოლოგი პეტრე შმიდტი. 1908 წელს მან გაიარა მდინარე კამჩატკის ხეობიდან ტბის ჩრდილო და აღმოსავლეთ სანაპიროებზე და მოგვცა მდინარე კრონოცკაიას ზემო დინების მოკლე აღწერა.[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კრონოცკოე — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Агарков А.Ю., Дмитриева Л.Я., Догановский А.М. Некоторые черты гидрологии Кроноцкого озера на Камчатке. — Изв. Всесоюз. географ. об-ва. — Л.: Наука, 1975. — Т. 107. — С. 352–357.
- ↑ Кроноцкое озеро: прекрасное зеркало природы!
- ↑ 3.0 3.1 3.2 Измайлова А. В. Кроноцкое озеро
- ↑ Государственный водный реестр // Кроноцкая
- ↑ О некоторых географических названиях Восточной Камчатки ительменского происхождения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-20. ციტირების თარიღი: 2019-07-09.
- ↑ Озеро Кроноцкое. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-09. ციტირების თარიღი: 2019-07-09.