კრონოცკაია-სოპკა
კრონოცკაია-სოპკა | |
---|---|
![]() კრონოცკაია-სოპკა 2007 წელს | |
კოორდინატები: 54°45′ ჩ. გ. 160°31′ ა. გ. / 54.750° ჩ. გ. 160.517° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | კამჩატკის მხარე |
სიმაღლე | 3527 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 2736 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ასაკი | ჰოლოცენი |
ბოლო ამოფრქვევა | თებერვალი, 1923 |
![]() |
კრონოცკაია-სოპკა, კრონოცკი (რუს. Кроноцкая Сопка) — მოქმედი სტრატოვულკანი რუსეთში, კამჩატკის მხარეში. მდებარეობს კამჩატკის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კრონოცკოეს ტბის ნაპირთან. სიმაღლე 3527 მ.[1] მწვერვალი სწორი წიბოვანი კონუსია. დანაწევრებულია ღრმა, 200 მ-მდე სიღრმის რადიალური ბარანკოსებით;[2] მწვერვალი დაგვირგვინებულია რთული ვარსკვლავისებრი მყინვარითა და თოვლნარებით. კრატერში მძლავრი ექსტრუზიული საცობია. ვულკანს აქვს სწორი კონუსის ფორმა, რომლის დიამეტრია 10 კმ. ჰოლოცენური ასაკისაა. აგებულია ბაზალტებითა და ანდეზიტური ლავებით, შლაკითა და ფერფლით. მწვერვალი წარმოიქმნა ანდეზიტური ექსტრუზიის ყელით.[3]
ცნობილია 1922-23 წლის ამოფრქვევა; აღინიშნება სუსტი ფუმაროლური აქტივობა. მწვერვალიდან გამოიყოფა აირის ჭავლი; ამგვარ ფაქტს ადგილი ჰქონდა 1922 წლის ნოემბერში, 1941 წლის აპრილსა და სხვა. 1941 წლის 13 აპრილს კრონოცკაია-სოპკამ გამოყო ორთქლის მძლავრი ნაკადი, რომელმაც ვულკანის მწვერვალიდან 600 მ მიაღწია. აირი გამოიყოფოდა აგრეთვე ვულკანის ქვედა მხარესაც.[4] უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1923 წლის თებერვალში.[2]
კალთების ქვედა ნაწილები დაფარულია ქონდარა ფიჭვითა და არყის ტყით. წარმოადგენს კამჩატკის ერთ-ერთ უდიდეს და მეტად თვალწარმტაც ვულკანს. მოქცეულია კრონოცკაიას ნაკრძალის ტერიტორიაზე, რომელიც შესულია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში „კამჩატკის ვულკანების“ შემადგენლობაში. ვულკანის სიახლოვესაა გეიზერების ხეობა.[3]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Kamchatka Ultra-Prominent Peaks
- ↑ 2.0 2.1 Kronotsky. Global Volcanism Program
- ↑ 3.0 3.1 Кроноцкая Сопка. Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-31. ციტირების თარიღი: 2019-07-14.
- ↑ Влодавец В.И. Вулканы Советского Союза, Москва, 1949 г., 167 стр.