შინაარსზე გადასვლა

კრნოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კრნოვი
Krnov

კრნოვის მერია
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზიის მხარე
შიდა დაყოფა Krásné Loučky[1] , Pod Bezručovým vrchem[1] და Pod Cvilínem[1]
კოორდინატები 50°05′26″ ჩ. გ. 17°41′55″ ა. გ. / 50.09056° ჩ. გ. 17.69861° ა. გ. / 50.09056; 17.69861
მმართველი ტომაშ ჰრადილი
პირველი ხსენება 1240
ფართობი 44,29 კმ²
ცენტრის სიმაღლე 316 მ
მოსახლეობა 22 518[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 508 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 794 01
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი krnov.cz
კრნოვი — ჩეხეთი
კრნოვი

კრნოვი (ჩეხ. Krnov) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ის ბრუნტალის რაიონში მდებარეობს. კრნოვში მდებარეობს ცნობილი გამაგრილებელი სასმელების კომპანიის „კოფოლას“ სათავო ოფისი, ეს კომპანია ჩეხოსლოვაკიაში 1960 წელს კოკა-კოლასა და პეპსის კონკურენტად შექმნეს.

კრნოვი ქალაქ ოპავიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 21 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო ქალაქ ოსტრავიდან 49 კილომეტრითაა დაშორებული. ქალაქი ახლოსაა ჩეხეთ-პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან.

კრნოვი მდინარე ოპავისა და ოპავიცეს შესართავთანაა გაშენებული. ქალაქის მუნიციპალური ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილი ოპავსკიეს მთებშია (ჩეხ. ზლატოჰორსკას მთები), ხოლო დასავლეთ და სამხრეთ ნაწილი ნიზკი-იესენიკის ქედის ფერდობებზე. კრნოვის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილია ვედნარჟსკი-ვრხი, მისი სიმაღლე 588 მეტრია ზღვის დონიდან.

კრნოვი ისტორიულ წყაროებში პირველად 1240 წელსაა ნახსენები. 1253 წელს მას უკვე ქალაქის სტატუსი ჰქონდა, რომელიც 1269 წლით დათარიღებულ ისტორიულ წყაროშიც არის დადასტურებული. XIII საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქში საფორთეფიკაციო ნაგებობები აშენდა. 1273 წელს კრნოვში ჩავიდნენ ფრანცისკანელი ბერების ერთ-ერთი განშტოების, მცირე ბერების ორდენის წარმომადგენლები და ამ ქალაქში მათი მონასტერი დააარსეს.[3]

1377 წელს კრნოვი ტროპაუს საჰერცოგოს ნაწილი იყო, ამ პერიოდში კრნოვის თავადებმა დამოუკიდებელი საჰერცოგო შექმნეს. კრნოვის დამოუკიდებელმა საჰერცოგომ 1849 წლამდე იარსება. საჰერცოგოს არსებობის პერიოდში კრნოვი განვითარდა და გამდიდრდა, აქ დაიწყო ქსოვილების წარმოება. 1523 წელს კრნოვის საჰერცოგო გერმანელთა სამეფო ჰოენცოლერნების დინასტიამ შეიძინა. ჰოენცოლერნებმა აქ ააგეს ციხესიმაგრე და მათი მმართველობის ხანაში კრნოვმა განვითარების პიკს მიაღწია. ჰოენცოლერნებმა ქალაქში გაავრცელეს ლუთერანობა და მოსახლეობის რელიგიური კუთვნილება მნიშვნელოვნად შეიცვალა.[3]

ქალაქის აყვავების ხანა დაასრულა ოცდაათწლიანმა ომმა, ომის დასრულების შემდეგ კი კნროვის საჰერცოგო ლიხტენშტაინთა გვარის დიდგვაროვნებმა შეიძინეს. მათ დაიწყეს კრნოვში კათოლიციზმის ხელახლა გავრცელება.

XVII - XVIII საუკუნეებში ეკონომიკა რთულ მდგომარეობაში იყო, თუმცა რამდენიმე ბაროკოს სტილის ძეგლი მაინც ააგეს. ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომის დროს კრნოვი სასაზღვრო ქალაქად იქცა. 1779 წელს ქალაქი თითქმის მთლიანად გადაწვა დიდმა ხანძარმა.[3]

1872 წელს კრნოვში გაიყვანეს რკინიგზა, რამაც ქალაქს განვითარების ახალი შესაძლებლობები გაუჩინა.[3]

წმინდა მარტინის ტაძარი
კრნოვის ციხე
შვედური კედელი

1910 წლის აღწერის მონაცემებით კრნოვის მოსახლეობის 98,4% გერმანულენოვანი იყო, 91,7%-ს შეადგენდნენ კათოლიკე ქრისტიანები.[4]

1938-დან 1945 წლამდე კრნოვი ნაცისტური გერმანიის ოკუპაციის ქვეშ მოექცა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოტსდამის შეთანხმების და პრეზიდენტ ედუარდ ბენეშის განკარგულებების შესაბამისად აქაური გერმანულენოვანი მოსახლეობა ჩეხოსლოვაკიიდან გააძევეს.[5]

1948 წელს საბერძნეთის სამოქალაქო ომიდან გაქცეული დევნილები ჩავიდნენ ჩეხოსლოვაკიაში, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ კრნოვსა და მის შემოგარენში დასახლდა. 1975 წელს დევნილთა დიდი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა რამდენიმე ასეული ბერძენი კრნოვში დარჩა და ჩეხურ საზოგადოებაში ასიმილირდა.[6]

2024 წელს კრნოვი მნიშვნელოვნად დააზიანა ცენტრალური ევროპის წყალდიდობამ.[7]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრნოვის ცენტრალური მოედნის მთავარი ღირსშესანიშნაობა ნეორენესანსის სტილის მერიის შენობაა, იგი 1901–1903 წლებში ააგეს. ამ ადგილზე მერიის პირველი შენობა XVI საუკუნეში დადგეს. დღევანდელ შენობას აქვს მდიდრულად მორთული 52 მეტრის სიმაღლის კოშკი, რომელიც ვენის გარეუბან ვერინგის მერიის კოშკის ასლია. კრნოვის მერიის შენობა დააპროექტა ამ ქალაქის მკვიდრმა არქიტექტორმა ლეოპოლდ ბაუერმა.

კრნოვის მეორე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა ქალაქის შემნახველი ბანკის შენობა, რომელიც მერიასთან არის დაკავშირებული. ეს მდიდრული არტ-ნუვოსა და ბაროკოს სტილის შენობა 1906–1907 წლებში აშენდა.[8]

კრნოვის სინაგოგა რეგიონში ერთადერთი სინაგოგაა, რომელიც უწინდელი სახითაა შემორჩენილი. ის ნეომავრიტანულ სტილში 1871 წელს ააგეს.[9]

ისტორიულ ცენტრში მდებარე წმინდა მარტინის ტაძრის ადგილზე პირველი ხის ეკლესია 1281 წელს აშენდა. XIV საუკუნის ბოლოს ეს ხის ეკლესია ქვის მყარი ნაგებობით ჩაანაცვლეს. თავდაპირველად ეკლესიას ერთი გუმბათი ჰქონდა, XVI საუკუნეში კი მეორე გუმბათი დაამატეს. გუმბათთა სიმარლე 67 მეტრია.[10]

XIII საუკუნეში აგებულ წმინდა ბენედიქტის ეკლესიას ლამაზი მოხატულობა აქვს, რომელიც XIII - XV საუკუნეებით თარიღდება.[11]

მცირე ბერების მონასტრის ბაროკოს სტილის კომპლექსი თავისი ღვთისმშობლის შობის ეკლესიით 1779 წელს აშენდა, ნაგებობა თავდაპირველად გოტიკური სტილის იყო, თუმცა მოგვიანებით ხანძრით დაიწვა. მონასტერი 1950 წელს გაუქმდა, ხოლო 1989 წელს აღადგინეს.[12]

კრნოვის ციხე 1531–1535 წლებში აშენდა და დღეს კომერციული დანიშნულება აქვს. მისი ბაღი ღიაა დამთვალიერებელთათვის.[3]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 3 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
  2. ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  3. 1 2 3 4 5 Zámek cs. Tourist Information Centre Krnov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-23. ციტირების თარიღი: 2025-07-03
  4. ↑ Ludwig Patryn (ed): Die Ergebnisse der Volkszählung vom 31. Dezember 1910 in Schlesien, Troppau 1912.
  5. ↑ Working Parties. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-29. ციტირების თარიღი: 2021-11-12
  6. ↑ „Řecká komunita slavila výročí“. Bruntálský a Krnovský Deník (ჩეხური). Deník.cz. 2008-06-29. ციტირების თარიღი: 2022-08-23.[მკვდარი ბმული]
  7. ↑ Vlčková, Eliška; Hovorková, Klára; Pukovcová, Tereza. Třetí den povodní: Záplavy mají první oběti, v Ostravě se protrhla hráz. iDNES.cz (16 September 2024). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 September 2024. ციტირების თარიღი: 16 September 2024
  8. ↑ Novorenesanční krnovská radnice cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-02-23
  9. ↑ Krnov cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-02-23
  10. ↑ Kostel sv. Benedikta cs. Tourist Information Centre Krnov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-23. ციტირების თარიღი: 2022-02-23
  11. ↑ Kostel sv. Martina cs. Tourist Information Centre Krnov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-23. ციტირების თარიღი: 2022-02-23
  12. ↑ Kostel Narození Panny Marie a klášter minoritů cs. Tourist Information Centre Krnov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-23. ციტირების თარიღი: 2025-07-03