კრისტინა დე სალმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრისტინა დე სალმი
Engraving of Christina of Salm while Duchess of Lorraine.jpg
ლოთარინგიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 25 ნოემბერი, 1625
მმართ. დასასრული: 1 დეკემბერი, 1625
წინამორბედი: მარგერიტა გონძაგა
მემკვიდრე: ნიკოლ ლოთარინგიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1575
გარდ. თარიღი: 31 დეკემბერი, 1627
მეუღლე: ფრანსუა II, ლოთარინგიის ჰერცოგი
შვილები: შარლ IV, ლოთარინგიის ჰერცოგი
ნიკოლა II, ლოთარინგიის ჰერცოგი
მარგარიტა, ორლეანის ჰერცოგინია
დინასტია: სალმები
მამა: პოლ დე სალმი
დედა: მარი დე ტილიერი
რელიგია: კათოლიციზმი

კრისტინა დე სალმი (ფრანგ. Cristine de Salm; დ. 1575 — გ. 31 დეკემბერი, 1627) — ლოთარინგიის ჰერცოგინია 1625 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე როგორც ფრანსუა II-ის მეუღლე. ლოთარინგიის ორი ჰერცოგის: შარლ IV-ისა და ნიკოლა II-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტინა დაიბადა 1575 წელს. იგი იყო სალმის გრაფ პოლ დე სალმისა და მისი მეუღლის, გრაფინია მარი დე ტილიერის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლები ერთმანეთისათვის მეორე თაობის ბიძაშვილები იყვნენ.

1597 წელს კრისტინა დააქორწინეს ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ის უმცროს ვაჟ ფრანსუაზე. ვინაიდან ფრანსუა არ იყო ტახტის მემკვიდრე, შარლ III-მ მისი კრისტინას მსგავსი, შედარებით დაბალი წარმომავლობის ქალზე დაქორწინება დასაშვებად მიიჩნია. ფრანსუასა და კრისტინას ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც მათ ექვსი შვილი შეეძინათ, რომელთაგან ოთხმა მიაღწია სრულწლოვანებამდე.

კრისტინას მაზლს, ლოთარინგიის ჰერცოგ ანრი II-ს ვაჟები არ ჰყავდა, თუმცა ცოლთან, მარგერიტა გონძაგასთან ორი ჯანმრთელი გოგონა შეეძინა. იმისათვის, რომ ლოთარინგიის დინასტიის ძირითადი ხაზი გაგრძელებულიყო ტახტი ფრანსუას ვაჟებს უნდა დაეკავებინათ, მაგრამ ანრის სურდა, რომ ტახტზე მისი ქალიშვილები ასულიყვნენ. სწორედ ამიტომ, მათ შუალედური გამოსავალი მოძებნეს და კრისტინას ვაჟები ანრის ქალიშვილებზე დააქორწინეს.

1625 წლის 25 ნოემბერს, ანრი II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ფრანსუა II ავიდა, რითაც კრისტინა ლოთარინგიის ჰერცოგინია გახდა. აბსოლუტურად უამბიციო ფრანსუა ამავე წლის 1 დეკემბერს გადადგა ტახტიდან თავისი ვაჟის, შარლ IV-ის სასარგებლოდ. ამის შემდეგ მათ დაიბრუნეს ვერმონტის გრაფისა და გრაფინიის წოდება და უკანასკნელი წლები სიმშვიდეში გაატარეს.

კრისტინა გარდაიცვალა 1627 წლის 31 დეკემბერს. ამის შემდეგ ფრანსუას ახალი ცოლი აღარ შეურთავს და იგი 1632 წელს გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ანრი (1602-1611), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. შარლ IV (1604-1675), ლოთარინგიის ჰერცოგი 1625-1634 და 1661-1675 წლებში. პირველად იქორწინა ნიკოლ ლოთარინგიელზე, რომელიც მალევე უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც მეორედ დაქორწინდა ბეატრიქს დე კუზანსზე, რომელთანაც შეეძინა შვილები, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ იგი მესამედ დაქორწინდა მარი ლუიზ დ’ასპრემონზე;
  3. ანრიეტა (1605-1660), ცოლად გაჰყვა ლექსინის მთავარ ლუი დე გიზს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  4. ნიკოლა (1609-1670), ლოთარინგიის ჰერცოგი 1634 წელს. ცოლად შეირთო კლოდ ფრანსუაზ ლოთარინგიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი შარლ V;
  5. მარგარიტა (1615-1672), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის ვაჟს, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  6. კრისტინა (1621-1622), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Saint-Mauris, Victor de (1861). Etude historiques sur l'ancienne Lorraine (in French). 2. Vagner. p. 76.
  • De la Chesnaye des Bois, François-Alexandre Aubert (1775). Dictionnaire de la noblesse (in French). 9 (2nd ed.). Paris: Antoine Boudet. p. 142.
  • Carl Eduard Vehse, Memoirs of the Court, Aristocracy, and Diplomacy of Austria, Vol. 2, (Longman, Brown, Green and Longmans, 1856), 40.