შინაარსზე გადასვლა

კრისტა მაკოლიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შერონ კრისტა კორიგან მაკოლიფი
ინგლ. Sharon Christa Corrigan McAuliffe
დაბ. თარიღი 2 სექტემბერი, 1948
დაბ. ადგილი ბოსტონი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ
გარდ. თარიღი 28 იანვარი, 1986 (37 წლის)
გარდ. ადგილი კანავერალის კონცხი, აშშ
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სპეციალობა მასწავლებელი

შერონ კრისტა კორიგან მაკოლიფი (ინგლ. Sharon Christa Corrigan McAuliffe; დ. 2 სექტემბერი, 1948, ბოსტონი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ — გ. 28 იანვარი, 1986, კანავერალის კონცხი, აშშ) — ამერიკელი მასწავლებელი და ასტრონავტი. იგი იყო კოსმოსური შატლის, ჩელენჯერის შვიდკაციანი ეკიპაჟის წევრი, რომელიც 1986 წლის 28 იანვარს მეათე ფრენის განხორციელებიდან სამოცდამეცამეტე წამზე აფეთქდა და მაკოლიფისა და სხვა კოსმონავტთა დაღუპვა გამოიწვია.

კრისტა მაკოლიფი დაიბადა 1948 წლის 2 სექტემბერს, ქალაქ ბოსტონში, მასაჩისეტსის შტატში. 1970 წელს კრისტიმ დაამთავრა ბოსტონში, ფრემინგემის სახელმწიფო კოლეჯი ისტორიის ბაკალავრის ხარისხით, ხოლო 1978 წელს მერილენდის შტატში, ბოუის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხით.

1970-1978 წლებში ის ისტორიას და ინგლისურს ასწავლიდა მორნინგსაიდის და შემდეგ ლანჰემის (მერილენდი) საშუალო სკოლებში. მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, 1978 წელს, ნიუ ჰემფშირის კონკორდის საშუალო სკოლაში ასწავლიდა ისტორიას, ინგლისურს და ბიოლოგიას.

1984 წლისთვის ამერიკელმა მეცნიერებმა და ასტრონავტებმა 55 კოსმოსური ფრენა განახორციელეს და მათი წარმატებული დაბრუნება დედამიწაზე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. გაჩნდა იდეა, რომ თითქმის ნებისმიერ ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანს, რამდენიმე თვიანი ტრენინგის შემდეგ, შეეძლო კოსმოსში გაფრენა. იმავე შემოდგომაზე გამოცხადდა პირველი კონკურსი სახელწოდებით „მასწავლებელი კოსმოსში“. დაახლოებით 11 000 განაცხადი იქნა მიღებული და მეორე რაუნდში 118 კანდიდატი, თითოეული შტატიდან და მისი ტერიტორიებიდან ორი, გადავიდა. 1985 წლის სექტემბერში შერონ კრისტა მაკოლიფმა და ბარბარა მორგანმა ჰიუსტონში დაიწყეს ტრენინგი. სამთვიანი ტრენინგის შემდეგ, კრისტა ფრენისთვის მზად იყო. ის კოსმოსური შატლის „ჩელენჯერის“ ტვირთის სპეციალისტად დაინიშნა და მისი მოვალეობა იყო შატლზე 15-წუთიანი გაკვეთილების ჩატარება სიცოცხლისა და მეცნიერების, კოსმოსის შესწავლისა და გამოყენების შესახებ, ასევე საგანმანათლებლო ვიდეოების გადაღება.

1986 წლის 28 იანვარს, ის STS-51L მისიის ეკიპაჟში განაწილდა Challenger-ზე. კოსმოსური ხომალდის გაშვებიდან 73-ე წამზე მომხდარი კატასტროფის შედეგად, მაკოლიფი ეკიპაჟის დანარჩენ წევრებთან ერთად დაიღუპა.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს მაკოლიფი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]