კრისტა კოსტიალ-სიმონოვიჩი
| კრისტა კოსტიალ-სიმონოვიჩი | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 19 დეკემბერი 1923 |
| დაბ. ადგილი | ოსიეკი |
| გარდ. თარიღი | 29 აპრილი 2018 (94 წლის) |
| გარდ. ადგილი | ზაგრები, ხორვატია |
| დასაფლავებულია | მირგოროის სასაფლაო |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ექიმი, მეცნიერი |
| მუშაობის ადგილი | ზაგრების უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი |
ზაგრების უნივერსიტეტი; ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი; სამედიცინო კვლევების საბჭო |
| ჯილდოები | ხორვატიის დილის ვარსკვლავის ორდენი |
კრისტა კოსტიალ-სიმონოვიჩი ( ხორ. Krista Kostial-Šimonović, დ. 19 დეკემბერი 1923, ოსიეკი — გ. 29 აპრილი 2018, ზაგრები) — ხორვატი ექიმი და მეცნიერი, რომელიც სწავლობდა მძიმე მეტალების ზემოქმედებას ადამიანებზე და მათ ტოქსიკურობას. 1981 წელს აირჩიეს იუგოსლავიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ასოცირებული წევრად. როდესაც 1991 წელს ქვეყანამ იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, გახდა ხორვატიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის სრულუფლებიანი წევრი. 1996 წელს მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ხორვატიის დილის ვარსკვლავის ორდენით.[1][2]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრისტა კოსტიალი დაიბადა 1923 წლის 19 დეკემბერს ოსიეკში, იუგოსლავიის სამეფოში, ივან და დუბრავკა კოსტიალების ოჯახში. 1943 წელს ჩააბარა ზაგრების უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, 1949 წელს მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1949 წლიდან 1951 წლამდე სწავლობდა შრომის მედიცინას ანდრია შტამპარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტში.[3]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრისტამ 1950 წელს დაიწყო მუშაობა სამედიცინო კვლევებისა და პროფესიული ჯანმრთელობის ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტზე ასისტენტად, პარალელურად აგრძელებდა ასპირანტურაში სწავლას. 1951 და 1952 წლებში გაიარა კურსები ზაგრების უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრაზე, სადაც მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სტიპენდია და დაიწყო მუშაობა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში მეცნიერ-თანამშრომლად. 1953 წელს კვლევების დასრულების შემდეგ, კოსტიალი დაბრუნდა ზაგრების უნივერსიტეტში და 1955 წელს მიიღო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ხოლო მომდევნო წელს გახდა ფიზიოლოგიის დოქტორის ხარისხის მფლობელი.[4]
1956 წელს ჰაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კოსტიალი დაინიშნა სამედიცინო კვლევისა და პროფესიული ჯანმრთელობის ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიისა და ბიოფიზიკის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომელად და 1964 წლამდე იკავებდა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას. ამავდროულად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იმუნობიოლოგიის და ფიზიოლოგიის მიმართულებით ზაგრების უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1961-1962 წლებში დაბრუნდა ინგლისში, სადაც გახდა სამედიცინო კვლევების საბჭოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტიპენდიანტი ჰარველის რადიობიოლოგიური კვლევების განყოფილებაში. 1964 წელს დაიკავა მინერალური მეტაბოლიზმის ფიზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა, ასევე იყო სამეცნიერო კონსულტანტი. ხსენებულ თანამდებობაზე მუშაობდა 1989 წლამდე.
კოსტიალის კვლევა ფოკუსირებული იყო მძიმე მეტალების ფარმაკოკინეტიკასა და ტოქსიკურ გავლენაზე ადამიანებში. მას განსაკუთრებით აინტერესებდა, როგორ ურთიერთქმედებენ მიკროელემენტები ორგანიზმის მეტაბოლიზმზე და როგორი გავლენა აქვს მასზე რადიაციას. მისმა კვლევებმა გავლენა იქონია კალციუმის ყოველდღიური მოხმარების საერთაშორისო რეკომენდაციების შემოღებაზე, ასევე ადამიანის საარსებო გარემოში მძიმე მეტალების ზემოქმედების შეზღუდვაზე. მეცნიერი მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო პროექტში, კითხულობდა ლექციებს კონფერენციებზე. მან გამოაქვეყნა 280-მდე სამეცნიერო სტატია და ანალიზი სხვადასხვა ჟურნალებსა და წიგნებში.
კოსტიალ-სიმონოვიჩი 1981 წელს გახდა იუგოსლავიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ასოცირებული წევრი. 1991 წელს აირჩიეს ხორვატიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ნამდვილ წევრად, ხოლო მომდევნო წელს მიიღო ჯილდო მიღწევებისთვის. პენსიაზე გასვლის შემდეგ მეცნიერმა განაგრძო კვლევები და პუბლიკაციები თავის სპეციალობით. გამოაქვეყნა ნაშრომები: ლითონები ადამიანის საცხოვრებელ გარემოში და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე (1991–1994) და ლითონები: ექსპოზიციები, ეფექტები და ანტიდოტები (1996). 1996 წელს პრეზიდენტმა ფრანიო ტუჯმანმა მეცნიერბაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა ხორვატიის დილის ვარსკვლავით.[5]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოსტიალ-სიმონოვიჩი გარდაიცვალა 2018 წლის 29 აპრილს ზაგრებში. დაკრძალეს 2018 წლის 3 მაისს მიროგოის სასაფლაოზე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Umrla akademkinja Krista Kostial-Šimonović (ხორ. )
- ↑ Krista Kostial-šimonović // Hrvatski biografski leksikon (ხორ. ) — 1983.
- ↑ Hina (30 April 2018). "Umrla akademkinja Krista Kostial-Šimonović" [The death of academician Krista Kostial-Šononović] (in Croatian). Zagreb, Croatia: Večernji list. Archived from the original on 2 May 2018. Retrieved 11 May 2018.
- ↑ Kostial-Šimonović, Krista Hrvatska enciklopedija (in Croatian). Zagreb, Croatia: Leksikografski zavod Miroslav Krleža. 2018. Archived from the original on 11 May 2018. Retrieved 11 May 2018.
- ↑ "Krista Kostial-Živanović Šimonović". In Memoriam Servis (in Croatian). Zagreb, Croatia: Impressum Memoro. 29 April 2018. Archived from the original on 11 May 2018. Retrieved 11 May 2018.