კრეტული დამწერლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კრეტული დამწერლობა — ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს – I ათასწლეულის ეგეიდის (ეგეოსის ზღვის აუზის) რიგი დამწერლობების საერთო სახელწოდება. მოიცავს საკუთრივ კრეტულ, ასევე კვიპროსულ-მინოსურ დამწერლობებს.

კრეტული დამწელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრეტული დამწერლობის ძეგლები აღმოაჩინა ართურ ევანზმა, მასვე ეკუთნის მისი კლასიფიკაცია.

კრეტული იეროგლიფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული და გვიანი იეროგლიფების შედარებითი ცხრილი ართურ ევანზის ნაშრომიდან „მინოსის სასახლე“ (1921).

ყველაზე ადრეული წარწერები ბეჭდებზე (მოგვიანებით — თიხის ფირფიტებზე) შესრულებულია კრეტული იეროგლიფიკით და იყოფა 2 კლასად — A და B. იეროგლიფურების ჯგუფს შეიძლება მიეკუთვნოს ის ტექსტებიც, რომლებსაც ევანზი „თილისმებად“ თვლიდა; ამ შემთხვევაში შესაძლოა ლაპარაკი იყოს კრეტული დამწერლობის C სახესხვაობაზე. კრეტული იეროგლიფიკის ცნობილი ნიმუშები თარიღდება ძვ. წ. XXIII–XXII საუკუნიდან დაწყებული, მათი უმეტესობა მიეკუთვნება XX–XVII საუკუნეებს. ნიშნები განლაგებულია არახაზოვან თანამიმდევრობაში (გარდა „თილისმებისა“). იეროგლიფური ნაბეჭდის ცალკე მდგარი ნიშნების გარჩევა გამოსახულებებისგან ხშირად შეუძლებელია. B კლასის იეროგლიფიკა გამოირჩევა ნიშანთა დიდი სქემატურობით. კრეტული იეროგლიფიკის ძეგლთა ენა უცნობია. წარწერების სიმოკლე და მცირერიცხოვნობა მნიშვნელოვნად ამცირებს მათი გაშიფვრის შესაძლებლობას. ივ დიუუს (ბელგია) თანახმად, კრეტული იეროგლიფიკისათვის მნიშვნელოვანი ხარისხითაა დამახასიათებელი სიტყვის საწყისი ნიშნის გაორმაგება; შესაძლოა, ეს იმას მიუთითებდეს, რომ ამ იეროგლიფებით დაწერილი ენისათვის ჩვეული იყო საწყისი მორფემის გაორმაგება. Τίτυρος-ის ტიპის საკუთარ სახელებზე დაყრდნობით, არსებობს საფუძველი იმის ვარაუდისაც, რომ სახელებში პირველი მარცვალი გაორმაგებული იყო. ყველა წარწერა გამოცემულია მრავალტომიან კრებულში „Corpus der minoischen und mykenischen Siegel“ (Hrsg. F. Matz, I. Pini, W. Müller, Bd 1–13–, 1964–2007–).

ძვ. წ. XVI საუკუნეს მიეკუთვნება ფესტოსის დისკოს (ნაპოვნია ფესტოსის გათხრების დროს) დამწერლობა. დადასტურებულია როგორც თავად დისკოზე (დამზადებულია თიხისგან, გამოწვის წინ მასზე სპირალურადაა დატანილი სიტყვებად დაჯგუფებული ცალკეული ნიშნები), ასევე რამდენიმე საგანზე (კრეტაზე არკალოქორიონის გამოქვაბულში აღმოჩენილ ცულზე და სხვ.).

A-ხაზოვანი დამწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკენის ცივილიზაციის პერიოდის თასის შიდა ზედაპირზე A-ხაზოვანი დამწერლობით შესრულებული წარწერა.

კრეტული დამწერლობის განვითარების შემდგომი ეტაპია მარცვლოვანი A-ხაზოვანი დამწერლობა. იგი B კლასის იეროგლიფებიდან განვითარდა. ძეგლები (უპირატესად თიხის ფირფიტები და ბეჭდები ცალკეული ნიშნებით) ნაპოვნია ძირითადად კრეტაზე და კუნძულ მელოსზე. თარიღდებიან ძვ. წ. XVII საუკუნის დასაწყისიდან. ამას გარდა, ცნობილია ე. წ. საქეიფო მაგიდების წარწერები, რომლებიც ნიშანთა სტანდარტულ ჯგუფებს შეიცავენ [მაგ., (j)a-sa-sa-ra-me]; ერთ-ერთი ასეთი მაგიდა ნაპოვნია პელოპონესის ნახევარკუნძულის სანაპიროზე. A-ხაზოვანი ტექსტი აღმოჩენილია სამხრეთ ბულგარეთშიც. ამ დამწერლობიანი ჭურჭლები ფარდოდაა წარმოდგენილი მილეტამდე. შემდგომში ეს A-ხაზოვანი დამწერლობა B-ხაზოვანმა გამოდევნა, თუმცა ცნობილია ძვ. წ. IV საუკუნით დათარიღებული საფლავის ქვის წარწერა, რომელშიც ანბანური ნიშნები შეესაბამება A-ხაზოვანს.

B-ხაზოვანი დამწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფირფიტა B-ხაზოვანი დამწერლობით შესრულებული წარწერით, ჰერაკლიონის არქეოლოგიური მუზეუმი.

B-ხაზოვანი დამწერლობა (კრეტულ-მიკენური დამწერლობა) ფართოდ გავრცელდა კრეტაზე და კონტინენტურ საბერძნეთში: კნოსოსი, კიდონია (ახლანდ. ქანია), პილოსი, მიკენე, ტირინთი, თებე ფლობდნენ სამეურნეო ტექსტების შემცველი თიხის ფირფიტების არქივებს; კიდევ უფრო ფართოდ — თესალიაში მდებარე ციხესიმაგრე გლამდე (Γλα) — წარმოდგენილია ჭურჭელზე გაკეთებული წარწერები. ყველა ცნობილი ტექსტი მიეკუთვნება მიკენის სასახლეების დანგრვამდე პერიოდს და თარიღდება ძვ. წ. XIII–XII საუკუნეებით (კნოსოსის ფირფიტები შესაძლოა უფრო ადრეულ პერიოდს ეკუთვნოდეს, მკვლევართა ნაწილი მათ ძვ. წ. XIV საუკუნით ათარიღებს). გამოყოფილია 80-მდე მარცვლის ნიშანი, აგრეთვე იდეოგრამები, რომელთაგ ნაწილი წარმოადგენს ლოგოგრამებს (ნიშანი ჩაწერილია მეორე ნიშანში ან ნიშნები ერთი-მეორეზეა ასხმული). ფირფიტებსა და ჭურჭელზე დატანილი ნიშნების შედარება აჩვენებს, რომ თავდაპირველად B-ხაზოვანი დამწერლობის ნიშნები გათვლილი იყო ფუნჯით ან ლერწმით (კალმით) მოხაზვისათვის. როგორც ჩანს, ბევრი ძეგლი, რომელიც ტყავზე და ხაზე იყო შესრულებული, ვერ შემორჩა. დამწერლობის გაშიფვრა 1952 წელს მოხდა მაიკლ ვენტრისის მიერ, ამ უკანასკნელით დაწერილი ტექსტების ენის უძველეს ბერძნულ ენასთან გაიგივებაში დახმარება აღმოუჩინა ჯონ ჩედვიკმა. გამოცემისა და ციტირების დროს ტექსტები იყოფა ჯგუფებად — აღმოჩენის ადგილის, აგრეთვე თემის (სერიებად დაყოფა) მიხედვით, ამ უკანასკნელს მკვლევრები გამოყოფენ შინაარსზე დაყრდნობით. სერიის მიხედვით ადვილადაა შესაძლებელი ტექსტის შინაარსის განსაზღვრა. მაგ., Aa სერიის ტექსტები წარმოადგენს მუშაკთა აღრიცხვას, Ea სერიისა — მიწის ნაკვეთთა აღრიცხვას, Sh სერიისა — შეიარაღებისა და ეტლების აღრიცხვას და ა.შ.

კრეტული დამწერლობების ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფესტოსის დისკოსა და A-ხაზოვანი დამწერლობის ძეგლების ენა უცნობია, გაშიფვრის არცერთი შემოთავაზება არ არის საყოველთაოდ მიღებული. A-ხაზოვანი დამწერლობის ენა, როგორც ჩანს, ძლიერ განსხვავდებოდა კრეტული იეროგლიფიკის ენისაგან, ჰქონდა სხვაგვარი სტრუქტურა. A- და B-ხაზოვანში გვხვდება ნიშანთა სრულად შესაბამისი თანამიმდევრობები (მაგ., ფესტოსის სახელწოდება გადმოცემულია როგორც pa-i-to), თუმცა ხშირად შეიმჩნევა ბოლო ხმოვანში განსხვავებები: B-ხაზოვანის -о-ს A-ხაზოვანში შეესაბამება -u, -e ან -i (di-de-ru – di-de-ro, qa-qa-ru – qa-qa-ro, pa-ja-re – pa-ja-ro, te-ja-re – te-ja-ro, ta-na-ti – ta-na-to). ბოლო მარცვალში ხმოვნის ვარიანტები შესაძლოა მიუთითებდეს დაბოლოების არსებობაზე. A-ხაზოვანი დამწერლობის ენას ჰქონდა 5-წევრიანი ვოკალიზმი და ხასიათდება თანხმოვანთა დაპირისპირებით წარმოქმნის ადგილისა და წესის მიხედვით. ამავდროულად, დამწერლობის თავისებურებიდან გამომდინარე შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ A-ხაზოვანი დამწერლობის ენაში, მსგავსად მიკენური ეპოქის ბერძნული ენისა, არსებობდა ყრუ და მჟღერ თანხმოვანთა დაპირისპირება (თამაზ გამყრელიძე).

კვიპროსულ-მინოსური დამწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფირფიტა ენკომიდან, კვიპროსულ-მინოსური დამწერლობით შესრულებული წარწერით, ლუვრი.

კვიპროსულ-მინოსური მარცვლოვანი დამწერლობის ძეგლები იქმნებოდა მთელი ძვ. წ. II ათასწლეულის განმავლობაში. მას სამი სახესხვაობა ჰქონდა. I და II კვიპროსულ-მინოსური დამწერლობა დღემდე გაუშიფრავია, ხოლო III, 1968 წელს ემილია მასონის (საფრანგეთი) მიერ გაშიფრული, ხურიტული ენის ერთ-ერთ დიალექტზე დაწერილ ტექსტებს მოიცავს. კვიპროსულ-მინოსური დამწერლობის გაგრძელება, მნიშვნელოვანწილად, არის კვიპროსული მარცვლოვანი დამწერლობა.

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იქიდან გამომდინარე, რომ როგორც კვიპროსულ-მინოსური დამწერლობის, ისე საკუთრივ კრეტული დამწერლობის სახესხვაობების ნიშნები გადმოსცემენ ღია მარცვალს, შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ უკვე თავიდანვე ეგეიდის დამწერლობა ორიენტირებული იყო „თანხმოვანი+ხმოვანი“-ის სტუქტურის ნიშნებზე. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ყველა სახის კრეტული დამწერლობის ნიშანთა განვითარებაზე კვალდაკვალ მიყოლა. მაგ., ნიშანი მარცვალ ni-სათვის დადასტურებულია როგორც მარცვლის ნიშნად, ისე იდეოგრამად, რომელსაც „ლეღვის“ მნიშვნელობა ჰქონდა. გიუნტერ ნოიმანმა (გერმანია) ის გააიგივა სიტყვასთან, რომელიც კრეტაზე ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში გამოიყენებოდა და აღნიშნავდა ლეღვს: νιϰύλεα. σῦϰα. Κρῆτοι. ეს სიტყვა შემორჩენილია, რამდენადაც შემთხვევით მოხვდა ჰესიქიოს ალექსანდრიელის ლექსიკონში. ნიშანი (ni) წარმოდგენილია იდეოგრამადაც და ფონეტიკური მარცვლის ნიშნადაც როგორც A-ხაზოვან დამწერლობაში, ისე კრეტულ იეროგლიფიკაში.

კრეტული დამწერლობა გრაფიკის განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს, აჩვენებს მის განვითარებას ნახატებიდან ღია მარცვლის გადმომცემ ნიშანთა ხაზურ მოწესრიგებამდე. კითხვისას სიტყვის გაგებისათვის უფრო მნიშვნელოვანი ჩანს მისი საწყისი ნაწილი; კვიპროსული მარცვლოვანი დამწერლობა კი მკაფიოდ აღნიშნავს ბოლო თანხმოვნებს. ღიად რჩება კვიპროსული დამწერლობის თანაფარდობის სახითხი ეგეოსის ზღვის რეგიონის სხვა მარცვლოვან დამწერლობებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]