შინაარსზე გადასვლა

ეგეოსის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კრეტა-მიკენის კულტურა)
ეგეოსის რეგიონი

ეგეოსის კულტურა, კრეტა-მიკენის კულტურაბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. III-II ათასწლ.) კულტურა, რომელიც გავრცელებული იყო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში (კონტინენტური საბერძნეთი, კ. კრეტა, ეგეოსის ზღვის კუნძულები). XIX ს. II ნახევარში ჰაინრიხ შლიმანისა და ა. ევანზის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად სავსებით დადასტურდა ეგეოსის კულტურის შესახებ ანტიკური ავტორების (ჰომეროსი, ჰესიოდე და სხვა.) ცნობები. ნეოლითის ხანაში ეგეიდაში არსებობდა განვითარებული კულტურები, მაგრამ ეგეოსის კულტურამ ჩამოყალიბებული სახე ბრინჯაოს ხანაში მიიღო.

განვითარების ეტაპები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგეოსის კულტურის განვითარების რამდენიმე ცალკეულ ეტაპს განარჩევენ:

  • ადრინდელი ბრინჯაოს ხანა (დაახლოებით ძვ.წ. 2800/2600 — 2100/2000).
  • შუა ბრინჯაოს ხანა (დაახლოებით ძვ.წ. 2100/1900 — 1580/1550).
  • გვიანდელი ბრიჯაოს ხანა (დაახლოებით ძვ.წ. 1580/1550 — 1200/1100).

ადრინდელი ბრინჯაოს ხანა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კიკლადური კერპი

ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში ეგეოსის კულტურამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. მეტალურგიის წარმოქმნის შედეგად განვითარდა და დიდ აღმავლობას მიაღწია ხელოსნობამ. აღსანიშნავია ამ ხანის კიკლადური ხელოვნება (მარმარილოს მცირე ზომის ქანდაკებები).

ხსენებული პერიოდის გლიპტიკის საუკეთესო ნიმუშებია სხვადასხვა გამოსახულებით შემკული ბეჭდები. ამ დროს კუნძულ კრეტაზე დიდი ყურადღება ექცეოდა დასახლებათა დაგეგმარებას და კეთილმოწყობას. ჰისარლიქის მაღლობზე აღმოჩენილია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასახლება. 5 კულტურული ფენიდან საყურადღებოა ტროა II, რომელიც შლიმანს შეცდომით ჰომეროსის ტროა ეგონა. ამ დროს ეგეიდური კულტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა მცირეაზიული, აფრიკული, ჩრდილობალკანური და სხვა კომპონენტი.

„ლურჯი მაიმუნები“ ფრესკა სანტორინიდან

შუა ბრინჯაოს ხანაზე გადასვლა მნიშვნელოვანი ცვლილებებით აღინიშნა, რასაც მინოსური კულტურის დინამიზაცია მოჰყვა: კრეტა მთელი ეგეიდის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი გახდა. დაწინაურდა ფესტოსი და კნოსოსი. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი, ე.წ. კნოსოსის დიდი სასახლე (მინოსის სასახლე), რომლის ფართობი 16 ათ. მ²-ს აღწევდა.

ის გამოირჩეოდა თავისუფალი და რთული გეგმარებით. ცენტრში დიდი საზეიმო ეზო ჰქონდა. ეზოს ირგვლივ განლაგებული იყო სხვადასხვა სიდიდისა (არანაკლებ 3-სართულიანი და მეტიც) და ფორმის შენობები, რომლებიც ნათდებოდა ჭერში დატანებული ხვრელებიდან ან შევიდა ეზოებიდან. სართულები დაკავშირებული იყო ქვის საძირკვლებზე დაყრდნობილი ხის სვეტებით. კუნძულ კრეტაზე ცნობილია აგრეთვე ფესტოსისა და აგია-ტრიადის სასახლეები, რომელთა კედლებზე შემორჩენილია მაღალი ოსტატობით შესრულებული ფრესკული ფერწერა. ფერთა საუცხოო შეზავებითა და მოხაზულობით მათზე გამოსახულია კრეტის საზოგადოების ცხოვრება, ჩაცმულობა. ამ დროს სპირალური ორნამენტის გაჩენამ დინამიკურობის შთაბეჭდილება შექმნა. განსაკუთრებით გამოირჩევა ე.წ. კამარესის სტილის მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით შემკული კერამიკა. ამ დროს მოხდა ტროა VI-ის კულტურის ამაღლება, რომელიც მკვეთრად განსხვავდება დასახლების III-IV ფენათა კულტურისაგან. საბერძნეთში შუა ბრინჯაოს ხანაში მრავალი კატასტროფა მოხდა. დაინგრა ძველი დასახლებანი და დაარსდა ახალი. ტროისა და საბერძნეთის კულტურას ბევრი საერთო ნიშანი აქვს: სამეთუნეო ჩარხის შემოღება, რუხი გაპრიალებული კერამიკის წარმოება, დასახლებული ადგილების გამაგრება, მეგარონის ტიპის შენობების აგება, ცხენის გამოყენება. მკვლევართა ერთი ნაწილი ამ ცვლილებებს მიაწერს მცირე აზიიდან ხალხთა გადასახლებას, მეორე კი — ჩრდილოეთიდან ბერძენ ტომთა შემოსვლას.

გვიანდელი ბრინჯაოს ხანა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„მოკრივე ბიჭები“ კუნძულ სანტორინიდან

გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში კრეტის კულტურამ თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია; ამავე პერიოდში მოხდა მისი დაქვეითებაც. განსაკუთრებული ადგილი დაიკავა კნოსოსმა, რომელსაც ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევარში მჭიდრო კავშირი ჰქონდა კონტინენტურ საბერძნეთთან, ელადურ კულტურასთან. ამ ხანის კნოსოსის ფრესკებზე გადმოცემულია ცხოვრებისეული სცენები, ადამიანის წამიერი განცდები. აღსანიშნავია გაპრიალებული მინოსური კერამიკა, რომლებზეც მოცემულია სტილიზებული ორნამენტი, ზღვის სამყარო, საკულტო სიმბოლოები, აგრეთვე ფუფუნების საგნები, ამულეტები გემები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია სასახლეები, რომლებშიც მრავალრიცხოვანი დარბაზები, გასასვლელები, სააბაზანო ოთახები, წყალსადენები იყო. მინოსურ ხელოვნებაში იგრძნობა სწრაფვა მცირე ზომებისა და ინტიმურობისაკენ. განვითარებული ყოფილა დამწერლობა. უკვე ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისიდან კ. კრეტაზე ხმარებაში უნდა ყოფილიყო იეროგლიფურ-პიქტოგრაფიული დამწერლობა. განსაკუთრებით საინტერესოა ფესტოსის დისკო, რომელზეც მატრიცებით ამოტვიფრულია დამწერლობის სრულიად უცხო ნიშნები. მისი პარალელები ძველ სამყაროში ჯერჯერობით არ მოიპოვება. ყველაზე მეტად გავრცელებული ყოფილა მინოსური A-ხაზოვანი მარცვლოვანი დამწერლობა (აღმოჩენილია 300-მდე დოკუმენტი) და მისგან განვითარებული B-ხაზოვანი, რომლის გამოყენებით შედგენილი დოკუმენტი მრავლადაა აღმოჩენილი კნოსოსსა და კონტინენტურ საბერძნეთში (მიკენი, პილოსი). ამავე წრეს განეკუთვნება კვიპროსული C-ხაზოვანი დამწერლობაც. აღნიშნულ სისტემათაგან ამ ეტაპზე გაშიფრულია B-ხაზოვანი დამწერლობა (1952, მ. ვენტრისი), რომელიც, როგორც ჩანს, უმთავრესად ბერძნულენოვანი დოკუმენტებისათვის გამოიყენებოდა. გვიანდელი ბრინჯაოს ხანა კონტინენტურ საბერძნეთში აღინიშნა მიკენის კულტურის აღმავლობით. მიკენში, არგოლიდაში, ორქომენოსში და სხვა დასახლებებში მინოსური კულტურის ძლიერ გავლენასთან ერთად დამოუკიდებელ ნიშნებსაც ვხვდებით. ძვ.წ. 1300 წლისათვის მიკენი კულტურის ცენტრად იქცევა, რაც სავსებით შეესაბამება ჰომეროსის ეპოსში წარმოდგენილ სურათს. მიკენურ კულტურას ახასიათებს ფერდობზე განლაგებული მეგარონის ტიპის გამაგრებული მონუმენტური სასახლეები, რომელთა ძირშიც მჭიდროდ დასახლებული დაბები იყო, შახტური და გუმბათიანი სამარხები. ხელოვნებაში შეინიშნება სტატიკურობა და სიმკაცრე. ფრესკებზე უმთავრესად საბრძოლო სცენებია გამოსახული. მიკენის კერამიკაში ჩნდება ადამიანისა და ცხოველის გამოსახულებანი. მაღალ დონეზე იდგა ბრინჯაოსა და ოქროსგან სხვადასხვა ნივთების დამზადება. დიდებულთა სასახლეებში შეინიშნება სწრაფვა ასეთი ნივთების დაგროვებისაკენ. მიკენური პროდუქციისათვის შეიქმნა სტანდარტები (მაგ. მიცვალებულთა ოქროს ნიღბები). მიკენის კულტურის გავლენა გავრცელდა ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, მცირე აზიაში, შესაძლოა იტალიაშიც.

ძვ.წ. XIII საუკუნის დასასრულს ეგეიდასა და მცირე აზიაში მძლავრი კატასტროფები მოხდა — ე.წ. ზღვის ხალხების შემოსევების შედეგად დაემხო ხეთების იმპერია უგარითი, დაქვეითდა ეგეოსის კულტურა; დაინგრა მრავალი დასახლება. დორიელთა შემოსვლით საბერძნეთში დაიწყო ახალი ხანა. ეგეოსის რელიგიის შესახებ გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია. კრეტაზე დედაღმერთის კულტს ეთაყვანებოდნენ. მრავლადაა ხელაპყრობილი ღვთაებების ქანდაკებები. B-ხაზოვან წარწერებში მოხსენიებულია ზევსი, პოსეიდონი, არტემიდე, ჰერმესი, ათენა და სხვა ღმერთები. ძნელია ეგეოსური საზოგადოების სტრუქტურის განსაზღვრაც. კრეტაზე უნდა ყოფილიყო მეფე და მმართველობის ცენტრალიზებული სისტემა. B-ხაზოვანი დამწერლობა საშუალებას გვაძლევს, გამოვყოთ საზოგადოების რამდენიმე ფენა: უზენაესი მმართველი (wanax); მხედართმთავარი (lawagetas); წარჩინებულნი (toreta); მამულის მფლობელი სამხედრო პირნი (moraga); კორპორაცია, რომელიც აერთიანებს მიწათმფლობელებს, ხელოსნებს, მწყემსებს (damos) და ა.შ. მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ძირითადი კომპონენტი იყო ანატოლიური წარმომავლობის არაინდოევროპული ტომები, გამოთქმულია თვალსაზრისი ეგეოსურ და ქართველურ ტომთა შორის არსებული მჭიდრო მიმართებების შესახებ, რაც ნეოლითსა და ბრინჯაოს ხანაში მომხდარი გადასახლებებით შეიძლება აიხსნას

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 5-6.
  • ეგეოსის კულტურა ბრინჯაოს ხანაში ტ 4-5, 1968. რ. გორდეზიანი