კრასნოდარის ბალეტის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრასნოდარის ბალეტის თეატრი
შეიქმნა 17 აპრილი, 1992
ტიპი ballet company
მისამართი Краснодар, ул. Красная, 44
ქვეყანა რუსეთი

იური გრიგოროვიჩის ბალეტის თეატრი (რუს. Театр балета Юрия Григоровича)[1] — პირველი ბალეტის თეატრი კრასნოდარში, რომელსაც 1996 წლიდან სსრკ სახალხო არტისტი, აკადემიკოსი იური გრიგოროვიჩი(რუსული)ქართ. ხელმძღვანელობს.

თეატრი შედის ლეონარდ გატოვის სახელობის კრასნოდარის შემოქმედებით გაერთიანებაში „პრემიერა“.[2] 2002 წლიდან მუშაობს კრასნოდარის მუსიკალური თეატრის სცენაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრასნოდარს არასოდეს ჰქონია საკუთარი ბალეტი. თუმცა 1991 წლის 15 აგვისტოს ქალაქის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩამოსაყალიბებელი კოლექტივისთვის სამხატვრო ხელმძღვანელად მიიწვიეს ვ. პ. პაკი. მან პირადად აარჩია პირველი დასი. 1992 წლის 17 აპრილს გაიმართა საპრეზენტაციო კონცერტი. თეატრის პირველ პროგრამაში შედიოდა ფრაგმენტები ბალეტებიდან: ლუდვიგ მინკუსის „პახიტა“, ც. პუნის „ესმერალდა“, პ. ჰერტელის „ფუჭი სიფრთხილე“, ფიქრეთ ამიროვის „ათას ერთი ღამე“, პ. ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი“, ოლდენბურსკის „კორსარი“. ასევე სხვადასხვა ქორეოგრაფიული მინიატურები.

1996 წლის ოქტომბერში, ლ. გ. გატოვის მიწვევით, პირველად ჩავიდა კრასნოდარში ბალეტმაისტერი, სსრკ სახალხო არტისტი, სსრკ ლენინისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, აკადემიკოსი იური გრიგოროვიჩი. იგი დათანხმდა თავის თავზე აეღო ყუბანის პირველი საბალეტო ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელობა, რომელიც ჩატარდა 1996 წლის 18-დან 22 ოქტომბრამდე საერთაშორისო ფესტივალის — „დიმიტრი შოსტაკოვიჩი და მსოფლიო მუსიკალური კულტურა“ ფარგლებში. საბალეტო ფესტივალზე მიწვეული იყო რუსეთის დამსახურებული არტისტი, დირიჟორი ალექსანდრე ლავრენიუკი. ოთხი თვის შემდეგ, 1997 წლის 4 იანვარს, გრიგოროვიჩის ქორეოგრაფიით დაიდგა ჩაიკოვსკის ბალეტი „გედების ტბა“. პრემიერის შემდეგ, ქორეოგრაფმა გამოაცხადა, რომ აპირებდა კრასნოდარში დაედგა ყველა ის 18 სპექტაკლი, რომლებიც თავის დროზე, მისი ქორეოგრაფიით დაიდგა მოსკოვის დიდ თეატრში და ამასთანავე გამხდარიყო კრასნოდარის ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1999 წლის სექტემბერში გაიმართა „დონ კიხოტის“ საპრემიერო 3 სპექტაკლი მინკუსის მუსიკით. ამის შემდეგ გრიგოროვიჩმა გადაწყვიტა დაედგა თავისი ერთ-ერთი ურთულესი ბალეტი, არამ ხაჩატურიანის „სპარტაკი“.

დღესდღეობით კრასნოდარის სცენაზე დადგმულია ყველა საბალეტო სპექტაკლი ქორეოგრაფის რეპერტუარიდან: „გედების ტბა“, „მაკნატუნა“, „რაიმონდა“, „სპარტაკი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ოქროს ხანა“, „ფუჭი სიფრთხილე“, „ქვის ყვავილი“, „კორსარი“, „დონ კიხოტი“, „ლეგენდა სიყვარულზე“, „ბაიდერა“, „ივანე მრისხანე“, „ჟიზელი“, „მძინარე მზეთუნახავი“.

2009 წელს, პარიზში, დიაგილევის სეზონების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იური გრიგოროვიჩის ბალეტის თეატრმა მოამზადა პროგრამის — „რუსული ბალეტის შედევრები“ პრემიერა, ხოლო 2011 წელს კი „პარიზში „რუსული სეზონების“ შედევრები“, რისთვისაც აღადგინა მიხაილ ფოკინის ქორეოგრაფია, ალექსანდრე ბენუას, ლევ ბაკსტის და ალექსანდრე გოლოვინის კოსტიუმებისა და დეკორაციების ესკიზები. 2010 წელს თეატრის რეპერტუარში გამოჩნდა საბავშვო სპექტაკლი კ. ხაჩატურიანის „ჩიპოლინო“, რეჟისორ გენრიხ მაიოროვის დადგმით. 2013 წელს შედგა მე-19 ბალეტის პრემიერა თეატრის რეპერტუარში — ლეო დელიბის „კოპელია“, დადგმული იური გრიგოროვიჩის მიერ. ეს ბალეტი, რომლის ისტორია პარიზში 1870 წლიდან დაიწყო და დადღემდე გრძელდება მსოფლიოს უდიდესი თეატრების სცენებზე, შეტანილია მსოფლიოს ლეგენდარული საბალეტო რეპერტუარის ჩამონათვალში. იური გრიგოროვიჩმა საფუძვლად მოსკოვში, ბალეტმეისტერ ა. გორსკის დადგმული ვერსია აიღო და დადგა კრასნოდარის მუსიკალური თეატრის სცენაზე. პრემიერამდე მისი პირველი მაყურებლები გახდნენ კრასნოდარის მხარის მუსიკალური და ქორეოგრაფიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები. სპექტაკლის შემდეგ შედგა დიალოგი ქორეოგრაფსა და მაყურებელს შორის.

2016 წელს თეატრმა საიუბილეო თარიღი (20 წლისთავი) იზეიმა. დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდა მრავალი ღონისძიება: გასვლითი კონცერტები, შეხვედრები მთელი კრასნოდარის მხარის სოლისტებთან, შემოქმედებითი შეხვედრები მხარის ხელოვნების სასწავლებლების პედაგოგებთან და მათ მოსწავლეებთან, საიუბილეო ბუკლეტების გამოცემა, სატელევიზიო პროგრამების ციკლის „ბალეტის დრო“ გაშვება ტელეარხ „ყუბანი-24“-ზე. იუბილეს კულმინაცია გახდა 15 ოქტომბრის გალა-კონცერტი.

დღეს კრასნოდარის ბალეტის თეატრის დასში ასზე მეტი მოქმედი მსახიობია. კოლექტივმა გასტროლებით მოიარა საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ნორვეგია, იაპონია, კორეა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია და საბერძნეთი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Виталий Вульф. Серебряный шар, драмы за сценой, преодоление себя. ОЛМА Медиа Групп. 2003. ст. 415 ISBN 9785224040629.
  • А.Г. Колесников, А. А. Макаров. Юрий Григорович: Путь русского хореографа. — Театралис, 2007. — 367 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Министерство культуры Краснодарского края. Театр балета Юрия Григоровича. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-13. ციტირების თარიღი: 2015-04-08.
  2. Краснодарское творческое объединение "Премьера" им.Л.Г.Гатова. Театр балета Юрия Григоровича. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-17. ციტირების თარიღი: 2015-04-08.