კრავა
| კრავა | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Hericium flagellum | |||||||||||||
| |||||||||||||
კრავა (ლათ. Hericium flagellum) — სოკოს ნაყოფსხეული საშუალოდ 20-30 სმ დიამეტრისაა. მისი შეფერილობა თავდაპირველად მოთეთრო-მოვარდისფროა, ხოლო მოგვიანებით იღებს მოყვითალო-მოყავისფრო ელფერს. გარეგნულად მარჯნისებრია, ძლიერ დატოტვილი და თვალშისაცემი სტრუქტურით გამოირჩევა. ტოტების სისქე 0.5-1 სანტიმეტრია, ისინი გლუვია და დაფარულია ძირისკენ მიმართული, 2-3 სანტიმეტრის სიგრძის ეკლებით. ყველა ტოტი გამოდის ერთი ცენტრალური, ფეხის მსგავსად ჩამოყალიბებული ადგილიდან, რომლითაც სოკო მიმაგრებულია სუბსტრატზე.
რბილობი ხორცოვანია. თავდაპირველად თეთრი ფერისაა, ხოლო შემდეგ მოყვითალო შეფერილობას იღებს. სოკოს არ აქვს გამორჩეული სუნი, და გადატეხვისას ფერს არ ცვლის.
სპორები სფეროსებრია, გლუვი ან ოდნავ ხორკლიანი ზედაპირით. მათი ზომებია 5-6 x 4-5 მიკრომეტრი. სპორების ანაბეჭდი თეთრი ფერისაა.
სოკო იზრდება ზაფხულსა და შემოდგომაზე, გამხმარ ან დამპალ წიწვოვან ხეებზე და ხეკეცეულებზე, განსაკუთრებით კი სოჭზე.
გავრცელებულია ევროპაში.
მიუხედავად იმისა, რომ სოკო საკვებად ვარგისია, ის იშვიათი სახეობაა, რის გამოც მისი შეგროვება რეკომენდებული არ არის.
მსგავსი სახეობებიდან შესაძლებელია, რომ კრავა აგვერიოს ირმის ბაწარაში. ეს ორი სოკო ერთმანეთისგან ძალიან მცირე ნიშნებით განსხვავდება და მათი გარჩევა თითქმის შეუძლებელია. განსხვავება ძირითადად იკვეთება მასპინძელი მცენარის ტიპითა და სპორების ზომით. კრავა ძირითადად გვხვდება მაღალმთიან რეგიონებში, მხოლოდ წიწვოვანებზე – განსაკუთრებით სოჭზე – და მას უფრო გრძელი ეკლები აქვს, ვიდრე ირმის ბაწარას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 162-163, ISBN 978-9941-8-4547-5