კოხტასთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კოხტასთავი — ისტორიული ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთისა და და სამცხის საზღვარზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტში). წყაროებში პირველად იხსენიება XIII საუკუნის მოვლენების თხრობასთან დაკავშირებით. საქართველოში მონღოლთა ბატონობის დროს აქ შეიკრიბნენ ქართველი მთავრები და აჯანყებისათვის შეითქვნენ 1245-1246 წლებში. შეთქმულებაში მონაწილეობას იღებდნენ: ეგარსლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, ყვარყვარე ჯაყელი, სარგის თმოგველი და სხვ. მათი მიზანი დიდი ანტიმონღოლური აჯანყების მომზადება იყო. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს და მისი მონაწილეები დააპატიმრეს. გადარჩნენ მხოლოდ ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი კახაბერისძე, რომლებმაც ადრე დატოვეს ქვეყანა. დაპატიმრებულები ანისში წამიყვანეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, გააშიშვლეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მზეზე დდაყარეს. ცოტნე დადიანმა გაიგო ქართველი დიდებულების შეპყრობის ამბავი. მან ორი მსახური იახლა და ანისში წავიდა. ჟამთააღმწერელი გვაუწყებს, რომ „ცოტნე დადიანი მოვიდა ორითა კაცითა და განიძარცვა სამოსელი თავისი და შეკრული დაჯდა ქართველთა თანა“ — მოახსენეს მონღოლებმა ნოინს. ცოტნემ მონღოლებს მოახსენა, რომ თუ ისინი უდანაშაულოებს სე სასტიკად სჯიდნენ, მაშინ თავადაც მეგობრების გვერდით მოკვდებოდა. მონღოლებმა ცოტნე დადიანის სიტყვები ირწმუნეს და ქართველი დიდებულები გაათავისუფლეს. აქვე 1314 წელს მონღოლთა თაოსნობით მოიწვიეს ქართველ მთავართა და დიდებულთა კრება ქვეყნის გასაერთიანებლად და მცირეწლოვანი გიორგი V-ის გასამეფებლად (სარგის და ყვარყვარე ჯაყელების გამოუცხადებლობის გამო შეკრებას შედეგი არ მოჰყოლია). 1414-1415 წლებში კოხტასთავთან მომხდარ ბრძოლაში მეფე ალექსანდრე I-მა დაამარცხა ივანე ათაბაგი. XVI საუკუნიდან კოხტასთავი ოსმალთა ხელში გადავიდა. ამჟამად ეს პუნქტი ნასოფლარადაა ქცეული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Мелитаури К. Н., Крепости дофеодальной Грузии, т. 2, Тб., 1972;