შინაარსზე გადასვლა

კოტო-დე-პრერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოტო-დე-პრერი
თოვლით (თეთრად) დაფარული სივრცე პრერიების პლატოა
თოვლით (თეთრად) დაფარული სივრცე პრერიების პლატოა
კოორდინატები: 44°00′00″ ჩ. გ. 96°19′00″ დ. გ. / 44.00000° ჩ. გ. 96.3167000° დ. გ. / 44.00000; -96.3167000
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული სამხრეთი დაკოტა
მინესოტა
აიოვა
სიმაღლე 400–600 
ფართობი 33,5 ათ. კმ²
სიგრძე 320 კმ
სიგანე 160 კმ
კოტო-დე-პრერი — აშშ
კოტო-დე-პრერი
კოტო-დე-პრერი — მინესოტა
კოტო-დე-პრერი
სურათები ვიკისაწყობში

კოტო-დე-პრერი, პრერიების პლატო (ინგლ. Coteau des Prairies) — უთოსებრი ვრცელი პლატო აშშ-ში. ადმინისტრაციულად ვრცელდება სამხრეთი დაკოტის აღმოსავლეთ, მინესოტის სამხრეთ-დასავლეთ და აიოვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთური მიმართულებით გადაჭიმულია 320 კმ-ზე, სიგანე 160 კმ. სიმაღლე ზღვის დონიდან 400–600 მ. ფართობი 33,5 ათ. კმ². წარმოადგენს მდინარეების ჯეიმზისა და ბიგ-სუს წალგამყოფს. კოტო-დე-პრერის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ცნობილია ბაფალო-რიჯის სახელწოდებით, რომელიც 100 კმ-ზეა გადაჭიმული.[1]

პლატოს დასავლეთი კალთა ნაკლებად შესამჩნევია, ვინაიდან მისი უმაღლესი ნაწილი ნაზად იხრება დასავლეთისაკენ, სადაც დადაბლებას გააჩნია რამდენადმე მეტი შემაღლება, ვიდრე მისგან აღმოსავლეთით მდებარე დაბლობს. ორივე კალთა უჩვეულოა იმით, რომ თითქმის მოკლებულია ნაკადებით შექმნილ ჩაღრმავებებს. მათი შედარებითი სიგლუვე და ხაზობრივი უწყვეტობა კარგადაა შესამჩნევი. ღერძთან ერთად, რომელიც მცირედით იხრება სამხრეთ-აღმოსავლეთით, პლატო რამდენადმე ფართოვდება სამხრეთისაკენ. დასავლეთი კიდე სამხრეთ დაკოტაში თანდათან დაბლდება და ნაკლებად მკვეთრია სამხრეთისაკენ, თუმცა კარგად ჩანს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.[2]

კოტო-დე-პრერის აღმოსავლეთი კიდე ნაკლებად არის შესამჩნევი, სადაც პლატო შეუმჩნევლად გადადის ამ რეგიონის საერთო შემაღლებაში. ანალოგიური მდგომარეობაა სამხრეთი მიმართულებითაც, რაც რელიეფის დადაბლების მაჩვენებელია. ჩრდილო-აღმოსავლეთ გაყოლებაზე გრანტისა და რობერტსის ოლქების ტერიტორიაზე პლატო აღწევს ექსტრემალურ სიმაღლეებს, — 600 მ-ზე მეტს. ბრუკინგზისა და მუდის ოლქების ტერიტორიაზე სიმაღლე არ ცდება 550 მ-ს. აღსანიშნავია, რომ დასავლეთი კიდე აღმოსავლეთისაზე, ჩვეულებრივ, 30–60 მ-ით დაბალია. სხვა სიტყვებით, პლატოს ზედაპირი დასავლეთისკენაა დახრილი. მდინარეების მინესოტასა და ჯეიმზის ხეობების მიდამოებში დაბლდება 180 მ-მდე. მიმართულებაში პლატოს რელიეფი უსწორმასწორო ხაზობრიობით გამოირჩევა, რაც ორივე კიდეზე რამდენიმე თითქმის პარალელურად გაწოლილი ბოლო მორენების არსებობითაა განპირობებული.[2]

ბიგ-სუ ერთადერთი დიდი მდინარეა, რომელიც პლატოს კალთებიდან იღებს სათავეს. ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნიან ბიგ-სუს, ჯეიმზისა და მინესოტის შენაკადები. პლატოს ზედაპირი გართულებულია მრავალრიცხოვანი მუდმივი და პერიოდული წვრილი მყინვარული ტბებითა და ტბორებით, რაც გრუნტის წყლის სარკის მაღალი დონითაა გამოწვეული.[3] პატარა მდინარეებისგან განსხვავებით, ტბები მდინარე ბიგ-სუს მარჯვენანაპირეთშია თავმოყრილი. ბევრია ხელოვნური ტბაც. ტბებიდან მნიშვნელოვანია: უობეი, ბიტერი, კამპესკა, მარში, პოინსეტი, ალბერტი, ბენტონი, შეტეკი და სხვა.[4]

ზოგადად გაბატონებულია სუბჰუმიდური კლიმატი. ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 500–550 მმ. სავეგეტაციო პერიოდი 110–140 დღეს შეადგენს. იანვრის საშუალო მინიმალური ტემპერატურა –17,2 °C, მაქსიმალური –6,1 °C. ივლისის საშუალო მინიმალური ტემპერატურაა 15,5 °C, ხოლო მაქსიმალური 29,4 °C.[5]

გეოლოგიური თვალსაზრისით, კოტო-დე-პრერი ეროზიული შთენილია. აგებულია ცარცული ასაკის თიხაფიქლებითა და კაჭართიხნარით. საფუძვლიანადაა დაფარული მყინვარული ნაფენებით, რომელთა საერთო სიმძლავრე 275 მ აღწევს.[6] დაფენილია ბოლო მორენებიც. დომინანტური მკვიდრი ქანია პიერ-შეილი, რომელიც სამხრეთი კიდის გარდა, პლატოს მთელ სიგრძეზეა გავრცელებული. პიერ-შეილი, რომელიც შედგება თიხისა და კვარცისგან, სიმშრალის დროს მტკიცე და შემჭიდროებულია. გავრცელებულია შავმიწა ნიადაგი.[7][2]

კოტო-დე-პრერის ტერიტორიის 70 % უკავია მოქმედ ან უმოქმედო სახნავ-სათეს მიწებს, ხოლო 17 % შემოუღობავ საძოვრებსა ან საძოვრებს. მიწების დიდი ნაწილი კერძო მფლობელობაშია რანჩოებისა და სოფლის მეურნეობის მიწის ნაკვეთების სახით. ბევრია ქარის ელექტროსადგური, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში. ფაუნა გარდაქმნილია ადამიანის მიერ. ინტენსიურ მიწათმოქმედებას მრავალი სახეობა შეეწირა. პლატოს ფარგლებშია მრავალი დასახლებული პუნქტი. აქვეა პაიპსტოუნის ეროვნული მონუმენტი, რომელიც დაარსდა 1937 წელს.[8]

კოტე-დე-პრერი აღწერა ჟოზეფ ნიკოლემ 1843 წელს, ხოლო 1 წლის შემდეგ ჯორჯ კეტლინმა. სახელი უწოდეს ფრანგმა მოგზაურებმა და ბეწვეულის მოვაჭრეებმა.[2]

  1. Quaternary Geology along the Eastern Flank of the Coteau Des Prairies, Grant County, South Dakota. 1990
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 J.C. Olson, D. R. Shawe, L.C. Pray, and W. N. Sharp. Rare-earth mineral deposits of the Mountain Pass District, San Bernardino County, California. 1954
  3. The Lakes of Eastern Day County, South Dakota | United States Geological Survey
  4. The Prairie Coteau | The Nature Conservancy
  5. C.A. Niehus, A.V. Vecchia, and R.F. Thompson. Lake-level frequency analysis for the Waubay Lakes Chain, northeastern South Dakota. 1999
  6. Glacial History of the Coteau des Prairies
  7. Orville E. Gab. The Coteau des Prairies: An Area Study. 1979
  8. Pipestone National Monument | U.S. National Park Service