შინაარსზე გადასვლა

კოტე დე პაბლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოტე დე პაბლო
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1979 (1979-11-14) (45 წლის)
სანტიაგო, ჩილე)
მოქალაქეობა ჩილეს დროშა ჩილე
აშშ-ის დროშა აშშ
განათლება კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1994-დან დღემდე

კოტე დე პაბლო (ინგლ. Coté de Pablo; დ. 12 ნოემბერი, 1979, სანტიაგო, ჩილე) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, წარმოშობით ჩილედან. იგი 10 წლის ასაკიდან ცხოვრობს შეერთებულ შტატებში.

კოტე დე პაბლო დაიბადა სანტიაგოში (ჩილე), მაგრამ ოჯახთან ერთად გადავიდა მაიამიში (ფლორიდა), როდესაც ის 10 წლის იყო, რადგან დედამ იქ სამსახური მიიღო. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ კი კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, რომელიც 2000 წელს დაამთავრა სამსახიობო ოსტატობისა და მუსიკალური თეატრის ბაკალავრის ხარისხით. მოგვიანებით კი დაამთავრა ხელოვნების ეროვნული აკადემია.

გასართობ ინდუსტრიაში დე პაბლომ მუშაობა 15 წლის ასაკიდან დაიწყო, როცა მან წაიყვანა ტოკ-შოუ „კონტროლის“ რამდენიმე ეპიზოდი Univision-ის არხზე ყოფილ წამყვანთან ერთად.

2004 წელს დე პაბლომ მთავარი როლი ითამაშა ტელეკომპანია Fox-ის სერიალში „ჟიური“. სერიალი დიდხანს არ გაგრძელებულა, მხოლოდ 10 ერთსაათიანი ეპიზოდი იქნა ნაჩვენები. 2005 წელს უნდა შემდგარიყო მისი დებიუტი ბროდვეის თეატრში - დოლორეს ფუენტეს როლით „მამბოს მეფეებში“. მაგრამ შოუ დაიხურა მოკლე სასინჯი გადაღებების სერიის შემდეგ სან-ფრანცისკოში.

დე პაბლო ძირითადად ცნობილია პოლიციურ დრამატულ სერიალში „საზღვაო პოლიცია - სპეცგანყოფილება“ შესრულებული ისრაელის მოსადის ოფიცრის - ზივა დევიდის როლით, რომელიც ამერიკის საზღვაო პოლიციის (NCIS) აგენტი ხდება. მან განაცხადი ვიდეომოსმენაზე წარადგინა მაშინ, როცა „მამბოს მეფეების“ გადაღებებს ელოდებოდა. მას ლოს-ანჯელესში დაუძახეს კინოსინჯებზე. არხის ხელმძღვანელობამ მოილაპარაკა, რომ დე პაბლო ითამაშებდა სერიალის მუდმივ მსახიობთან - მაიკლ უიზერლისთან ერთად. მსახიობმა სერიალში თავისი პერსონაჟი აღწერა, როგორც ადამიანი, რომელიც არ ჰგავს სერიალის სხვა გმირებს, იმიტომ, რომ მთელი თავისი სიცოცხლე მამაკაცების გარემოცვაში გაატარა. ის მიჩვეულია მამაკაცებს, რომელთა ხელშიც არის ძალაუფლება და არ ეშინია მათი.

2006 წელს კოტე დე პაბლომ მოიგო პრემია „Imagen Award“(ინგლისური)ქართ. „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის“ კატეგორიაში ზივა დევიდის როლისთვის. 2008 წელს ის იყო ნომინირებული პრემიებზე „ALMA“ და „Imagen Award“ დრამატულ სერიალში საუკეთესო მსახიობი ქალისა და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის როლისთვის. მაგრამ ამჯერად მან ჯილდო ვერ მიიღო.

2011 წელს მიიღო პრემია „ALMA“ კატეგორიაში „დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი“, ასევე ნომინირებული იყო „Imagen Award“-ის პრემიაზე.[1]

2014 წელს დე პაბლო გადაიღეს ჩილეს და კოლუმბიის ერთობლივ ფილმში „33“, რომელიც მოგვითხრობს 2010 წელს კოპიაპოსთან ახლოს, სან-ხოსეს შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, როცა 33 მაღაროელი 69 დღის განმავლობაში 700 მეტრი სიღრმეში იმყოფებოდა. ის ერთ-ერთი მაღაროელის ცოლის როლს ასრულებს. იგი ასევე გადაიღეს 2015 წლის CBS-ის მინისერიალში „The Dovekeepers“, რომელიც დაფუძნებულია ალისა ჰოფმანის რომანზე.

2016 წელს როლისთვის ფილმში „33“ მიიღო პრემია „Imagen Award“ ნომინაციაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი“.[2]

2007 წელს
2007 წელს

დე პაბლომ შეასრულა ტომ უეიტსის სიმღერის „ცდუნება“ (Temptation) ნაწილი „საზღვაო პოლიციის“ ეპიზოდში „Last Man Standing“, რომელიც პირველად გავიდა შეერთებულ შტატებში 2008 წლის 23 სექტემბერს. სიმღერის სრული შესრულება, ზოგიერთი ფრანგული ტექსტის ჩათვლით, მოხდა სერიალ „საზღვაო პოლიციის“ ოფიციალურ საუნდტრეკზე, რომელიც გამოვიდა 2009 წლის 10 თებერვალს.

ფილმის „33“ ოფიციალურ საუნდტრეკში შედის სიმღერა „Gracias a la vida“, რომელსაც კოტე დე პაბლო ასრულებს.

დე პაბლოს 2010 წლიდან მსახიობ დიეგო სერანოსთან ჰქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა,[3] მაგრამ ისინი დაშორდნენ 2015 წლის ივნისში.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]