შინაარსზე გადასვლა

კოსმოსური მტვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოსმოსური მტვერი — მყარი ნივთიერების ნაწილაკები ვარსკვლავთშორის და პლანეტათშორის სივრცეში. კოსმოსური მტვრის გროვები სინათლეს შთანთქავს და ირმის ნახტომი ფოტოგრაფიებზე ბნელ ლაქებად მოჩანს. კოსმოსური მტვრით გამოწვეული სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქმის სიდიდე სხვადასხვა ტალღის სიგრძეზე სხვადასხვაა (ხილულ უბანში -ის პროპორციულია), რაც ვარსკვლავთა გაწითლებას იწვევს. კოსმოსური მტვრის ალბედო დიდია, იგი განაბნევს გამოსხივებას, რასაც ადასტურებს ცხელ, B ტიპის ვარსკვლავთა ახლოს ამრეკლავი ნისლეულების (ვარსკვლავთა მიერ განათებული კოსმოსური მტვრის ღრუბლების) არსებობა. კოსმოსური მტვერი შეიცავს ~1 მკმ ზომის დიელექტრულ ნაწილაკებს, ლითონის მინარევებს და ნაწილობრივ გრაფიტს. მტვრის ნაწილაკთა ანიზოტროპიისა და სივრცეში ორიენტირებული წესრიგით განლაგების გამო კოსმოსური მტვრით შთანთქმა სინათლის პოლარიზაციას იწვევს.

კოსმოსური მტვრით გამოწვეული შთანთქმა გალაქტიკის სიბრტყეში 0.5-იდან რამდენიმე ვარსკვლავიერ სიდიდემდეა 1 კპს-ზე სპექტრის ვიზუალურ უბანში. კოსმოსური მტვრის მასა დაახლოებით უდრის ვარსკვლავთშორისი ნივთიერების მასის 1%-ს. კოსმოსური მტვერი არათანაბრადაა განაწილებული და ქმნის გლობულებს. ვარსკვლავთა გამოსხივება ათბობს გლობულებს, რომლებიც თვითონ ინფრაწითელ უბანში ასხივებენ. მტვრის ნაწილაკების ზედაპირზე (მტვერი კატალიზატორის როლს თამაშობს) ატომები მოლეკულებად ერთდება. კოსმოსური მტვერი უნდა წარმოიშობოდეს ვარსკელავთშორის გარემოში აირის მოლეკულების კონდენსაციით გრაფიტისა და სხვა ნაწილაკებზე რომელთა წარმოქმნა თავის მხრივ მიმდინარეობს ცივი გიგანტი ვარსკვლავების ატმოსფეროში, ზეახალი ვარსპკვლავების გაფართოებად გარსებში და სხვა.