კოსმოდრომი
კოსმოდრომი (კოსმოსი და ძვ. ბერძნ. δρόμος [dromos] — „რბენა“, „სარბენი ადგილი“) — ნაგებობების, მოწყობილობებისა და მიწის ნაკვეთის კომპლექსი, სადაც ხდება კოსმოსური რაკეტების მიღება, აწყობა და გაშვება. კოსმოდრომის მთავარი ობიექტებია: ტექნიკური პოზიცია, სასტარტო კომპლექსი და საკომანდო-საზომი კომპლექსი. კოსმოდრომს აქვს აგრეთვე დამხმარე ობიექტები და მომსახურების პუნქტები. საზომი პუნქტებით კინოთეოდოლიტური სადგურებითა და რადიოტექნიკური სისტემებით (რაკეტის ფრენის ტრაექტორიის საწყისი უბნების პარამეტრთა გასაზომად), საანგარიშო ბიურო ელექტრონული გამომთვლელი მანქანებით, სათბობის კომპონენტების შესანახი ზონა, თხევადი ჟანგბადის, აზოტისა და წყალბადის ქარხნები, ენერგომომარაგების, წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის, სატელევიზიო სისტემები და სხვა.
ტექნიკური პოზიცია (ტპ) (საერთო ტექნიკური და სპეციალური ტექნოლოგიური მოწყობილობების ნაგებობათა კომპლექსი და მისასვლელი გზები) — უზრუნველყოფს რაკეტამატარებლისა (რმ) და კოსმოსური ობიექტების (კო) მიღებას, შენახვას, აწყობას, გამოცდას, სათბობით გაწყობას და კო-ს შეპირაპირებას რმ-თან.
სასტარტო კომპლექსი (სკ) — სპეციალური ტექნოლოგიური მოწყობილობის, ნაგებობების, მიწის ნაკვეთების მისასვლელი გზების კომპლექსი, რომელიც საჭიროა ტექნიკური პოზიციიდან სასტარტო მოედანზე კოსმოსური რაკეტის მისატანად, გაშვების სისტემაზე დასაყენებლად, გამოსაცდელად, გასაწყობად და გასაშვებად. სკ-ს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სასტარტო მოედანი.
საკომანდო-საზომი კომპლექსი (ს-ს კ.) — ერთ-ერთი საზომი პუნქტია. უზრუნველყოფს რაკეტამატარებლისა და კოსმოსური ხომალდის ფრენის ტრაექტორიის გაზომვას. კოსმოდრომის შემადგენელი ნაწილებია საკომანდო-საზომი პუნქტები და საკოორდინაციო-გამოთვლითი ცენტრი; მართვის ძირითადი საშუალებებია ტრაექტორიის საზომი, ტელემეტრიული და საკომანდო-პროგრამული აპარატურა, აგრეთვე ელექტრონული გამომთვლელი მანქანები, ტელეგაზომვის შედეგების ავტომატური დამუშავების სისტემები და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 685.
|