კორინთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კორინთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ კორინთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები, ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია რიყის ქვა და შირიმი. გეგმით სწორკუთხა ნაგებობა აღმოსავლეთით დასრულებულია ასიმეტრიული ფორმის აბსიდით. ცენტრში გაჭრილი ფართე, თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა მოთავსებული. აქედან სამხრეთისა უფრო დიდია. ეკლესიის კამარა შეისრულია. საკურთხევლის კონქს მკვეთრად შეისრული ფორმა აქვს, სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. სამხრეთ კედელში ფართე, თაღოვანი სარკმელია. დასავლეთი კედელი მთლიანად გახსნილია ასევე შეისრული თაღით. ნაგებობამ მრავალჯერ განიცადა გადაკეთება. მოგვიანებით მას დასავლეთიდან მიაშენეს დიდი ზომის სწორკუთხა დარბაზი. ეკლესიისათვის სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური და რიყის ქვა. შესასვლელი კარი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. ეკლესიის სამხრეთით შემორჩენილია მეორე, შვერილაბსიდიანი ეკლესიის საძირკველი, რომლის მხოლოდ აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კუთხე იკითხება. ასევე შემორჩენილია მინაშენის კედლები ფრაგმენტულად. ეკლესიის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 101-102