კონქის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონქის ციხეარქიტექტურული ძეგლი არტაანის პროვინციაში, თურქეთის რესპუბლიკა. მდებარეობს სოფელ ქუზუფინარში, ისტორიული კოლას ცენტრში, ძველი ქალაქის დადაშენის მახლობლად, მის ჩრდილო-დასავლეთით. კონქი მისი ძველი სახელწოდებაა. ქუზუფინარი მაღალმთიან ზონას განეკუთვნება, კიდევ უფრო მაღალზეა (ზღ. დ. 2160 მ) თავად კონქის ციხე-სიმაგრე. კონქის ციხე მეგალითური ნაგებობაა. გადმოცემის თანახმად ის არის მხარე სადაც საფუძველი უნდა ჩაყროდა უძველეს კოლხას სამეფოს. ამ უკანასკნელმა თავისი სახელი სწორედ ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია კოლას სახელწოდებიდან მიიღო.

შესწავლის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონქის ციხის პირველი აღწერილობა ეკუთვნის ექვთიმე თაყაიშვილს. იგი წერს:

ვიკიციტატა
„კონქის ზემოთ დიდი ოთკუთხედი ციხეა, სიგრძე აქვს 12 საჟენი, განი ექვსი საჟენი. შიგნით და გარეთ მისი კედლები დიდრონი ქვებით არის შეძერწილი, მაგრამ უკიროდ; ხოლო შუა კედელი კი კირითაა ნაშენი; სისქე კედლებისა ერთი საჟენია. მიმართულება აქვს ჩრდილოეთიდან სამხრეთით; კუთხეებთი მომრგვალო კოშკებია აშენებული — ეხლა ციხე სანახევროდ დანგრეულია.“

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონქის ციხის ტოპონიმი, მისივე აგებულების მიხედვით, ქართული ეტიმოლოგიით აიხსნება. ეს სახელი ციხე-სიმაგრეს, როგორც ჩანს სწორედ გეომეტრიული მოყვანილობის გამო, კონქის ფორმის აგმო ეწოდა. იმის გადამოწმება თუ რამდენად ძველია „კონქი“ არ ხერხდება. მის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ოსმალურ წყაროებში ჩანს XVI საუკუნიდან. ტერმინი „კონქი“ უფრო შუა საუკუნეების ქართულ სახელწოდებად მოჩანს, რომელიც მას მოსახლეობამ ციხე-სიმაგრის ფორმის გამო შეარქვა. ვარაუდობენ, რომ მისი სახელი შედარებით ძველ, ურარტულ საისტორიო წყაროებშია საძიებელი. სოფლის თანამედროვე სახელწოდება ქუზუფინარი, ადგილობრივი თურქული ტოპონიმია, რომელიც სოფელს XX საუკუნეში ეწოდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონქის ციხის აგების ისტორია დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის ძველ პერიოდთან, როდესაც სამყაროში პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები ჩნდება. ეს კი ემთხვევა მსოფლიო ისტორიის ორ პერიოდს, ბრინჯაოს ხანას და რკინის ხანას. არსებობს მოსაზრება, რომ კონქის ციხე შუა საუკუნეებში აღარ გამოიყენებოდა, რასაც უნდა ეწინააღმდეგებოდეს კირის გამოყენების კვალი და შუა საუკუნეების კერამიკული მასალა.

კოლა, რომელსაც თურქებმა მცირე არტაანი უწოდეს ოსმალეთის არმიამ 1551 წელს დაიპყრო. XVII საუკუნიდან მოყოლებული კონქი სრულიად მოექცა ოსმალების შემადგენლობაში. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიას რუსეთი ეუფლება. 1918 წლიდან კონქი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაქვემდებარებაშია. 1921 წლის ყარსის შეთანხმებით მასზე კონტროლი თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ დააწესა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 1, თბ. 2020 ISBN 978-9941-9675-9-7
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წიგნი I, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ - ეთნოგრაფიული პრობლემები. თხზ. 12 ტომად, ტ. IX, თბ., 1998, გვ. 21
  • თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი 1938, გვ. 16
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წიგნი I, გვ. 19-25.
  • იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ქართული თარგმანი, შესავალი და კომენტარები დაურთო ს.ჯიქიამ. თბ., 1964, 26-27.