კონფლიქტის ტრანსფორმაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონფლიქტის ტრანსფორმაციამშვიდობის მშენებლობის დარგში დამკვიდრებული კონცეპტი, რომელიც შემუშადა ეთნიკურ, ეთნოპოლიტიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ კონფლიქტებთან მიმართებაში, იმის აღსანიშნავად, თუ როგორ ხორციელდება და მიმდინარეობს მშვიდობის მშენებლობის ინიციატივები განსაკუთრებით ეთნიკური კონფლიქტების კონტექსტში.

მიდგომები და განმარტებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად მშვიდობის მშენებლობის დარგში დამკვიდრებულია სამი ძირითადი სკოლა:

  • კონფლიქტის მართვა
  • კონფლიქტის მოგვარება
  • კონფლიქტის ტრანსფორმაცია

კონფლიქტის მართვია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძალადობრივ დაპირისპირებას განიხილავს როგორც საზოგადოების შიგნით და საზოგადოებებს შორის განსხვავებული ღირებულებებისა და ინტერესების გარდაუვალი დაპირისპირების შედეგს. ძალადობისკენ მიდრეკილება ჩნდება არსებული ინსტიტუტებისა და ისტორიულად დამკვიდრებული ურთიერთობების, ასევე ძალაუფლების დრომოჭმული გადანაწილების შედეგად. ამგვარი კონფლიქტის გადაჭრა კონფლიქტის მართვის სკოლის მიდგომის მიხედვით არარეალისტურია, ამიტომ საუკეთესო შედეგი, რაც შეიძლება რომ მიღწეულ იქნეს - ეს არის ამ კონფლიქტების მართვა და რეგულირება, ზოგჯერ ისტორიული კომპრომისის მიღწევაც შესაძლებელია, სადაც ძალადობრივი მოქმედებები აღარ იქნება საჭირო და აღდგენილი იქნება ნორმალური პოლიტიკური ვითარება. ეს არის აზროვნების უძველესი სკოლა, რომელიც მჭიდრო კავშირშია მშვიდობის მშენებლობის საერთაშორისო სამართალში ინსტიტუციონალიზებასთან. ამ სკოლის მიხედვით, მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩართული არიან უცხო ქვეყნების დიპლომატები ორი ან მრავალი წევრი-სახელმწიფოსგან შემდგარი ორგანიზაციებიდან.

მშვიდობის მართვაში მნიშვნელოვანია კონფლიქტური მხარეების ლიდერების იდენტიფიცირება და მათი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა. ამ სკოლის მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების მოკლევადიანი მართვა. აღნიშნული მიდგომის კრიტიკა უკავშირდება იმას, რომ ის მიდრეკილია მედიაციისას აქცენტი მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტური მხარეების ტოპ ლიდერებზე გაკეთოს, რა დროსაც ყურადღების მიღმა რჩება სხვადასხვა შიდა თუ გარე აქტორები და ინტერესები.

კონფლიქტის მოგვარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიზნად ისახავს გამოააშკარაოს და გაუმკლავდეს კონფლიქტის საფუძველში არსებულ მიზეზებს და აღადგინოს შეწყვეტილი ურთიერთობები მხარეებს შორის, თუმცა კონფლიქტის მართვის სკოლისგან განსხვავებით, კონფლიქტის მოგვარების სკოლა პროცესში რთავს არა მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების უმაღლეს წარმომადგენლებს, არამედ მუშაობს კონფლიქტში ჩართულ და დაინტერესებულ ყველა დონესთან. კონფლიქტის მოგვარების სკოლას საფუძველი ეყრება მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც სამეცნიერო დისციპლინა იკიდებს ფეხს, კერძოდ 1918 წლის შემდეგ, თუმცა თავის განვითარების პიკს ცივი ომის შემდგომ პერიოდში აღწევს. მშვიდობის მშენებლობის მკვლევარი ოლივერ რამსბოთემი გამოყოფს კონფლიქტის მოგვარების სკოლის განვითარების სამ ფაზას:

  1. დაფუძნება — 1950-1960 წწ.
  2. ჩამოყალიბება — 1970-1980 წწ.
  3. ხელახალი ჩამოყალიბება — 1990-იანი წლებიდან დღემდე.

განვითარების პირველ ეტაპზე, მშვიდობის მშენებლობას ახორციელებდნენ ძირითადად დასავლური აკადემიური ინსტიტუტები, რომლებიც ატარებდნენ კონფლიქტის გადაჭრის ვორქშოპებს კონფლიქტურ მხარეებთან დაახლოებულ არაოფიციალურ აქტორებთან, რაც უფრო პოლიტიკურ ელიტებზე იყო მორგებული, თუმცა უკვე განვითარების მეორე ეტაპზე ეს მიდგომა ფართოვდება - კონფლიქტის ყველა მხარე ცდილობს კონფლიქტის საფუძველში არსებული მიზეზების აღმოფხვრას ურთიერთობების დამყარების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. მხარეები არ წარმოადგენენ ხელისუფლებას ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, არამედ ძირითადი მონაწილეები არიან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხშირად ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ. ძირითადი აქტივობებია - დიალოგის პროცესი, დიალოგის პროცესში ნდობის აღდგენაზე მიმართული აქტივობები, ფასილიტაცია, კონფლიქტის ანალიზისა და გადაჭრის ხერხებზე მიმართული ტრეინინგები, სამშვიდობო განათლება და ა.შ. კონფლიქტის მოგვარების სკოლის კრიტიკის ხაზი უკავშირდება, იმას, რომ ხშირ შემთხვევაში კონფლიქტურ მხარეებთან, ძირითადად კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებთან თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მუშაობა ავტომატურად არ ნიშნავს კონფლიქტის პოლიტიკურ დონეზე გადაჭრას.

კონფლიქტის ტრანსფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს არის მიდგომა, რომელიც კონფლიქტის მოგვარების მსგავსად მიისწრაფის გაანალიზოს და იმუშაოს დაპირისპირების გამომწვევ საფუძველში არსებულ მიზეზებზე, თუმცა ამასთან ერთად ცდილობს მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას. სხვა სიტყვებით კონფლიქტის ტრანსფორმაციის კონცეპტი ააშკარავებს და შემდეგ ცდილობს რომ შეცვალოს სოციალური სტრუქტურა, რომელშიც კონფლიქტი იბადება. კონფლიქტის ტრანსფორმაცია ცვლის კონფლიქტის დინამიკას. ხშირად ტრანსფორმაციის პროცესში გამოყენებულია ანალიტიკური ინსტრუმენტები, რომელიც აღებულია სხვადასხვა დისციპლინებიდან, ძირითადად სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებებიდან. მშვიდობის მშენებლობაში ხშირად კონფლიქტის მოგვარების (გადაჭრის, გადაწყვეტის) ნაცვლად იყენებენ კონფლიქტის ტრანსფორმაციას, რომელის საბოლოო ფაზა შესაძლოა იყოს კონფლიქტის გადაჭრა. კონფლიქტის ტრანსფორმაციის სკოლის ისევე, როგორც ზოგადად მშვიდობის მშენებლობის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის განვითარება მჭიდრო კავშირშია ნორვეგიელ სოციოლოგთან და თეორეტიკოსის - იოჰან გალტუნგის სახელთან. გალტუნგი იყო პირველი, რომელმაც მოახდინა მშვიდობის მშენებლობის კონცეპტუალიზაცია. გალტუნგმა 1964 წელს მშვიდობის კვლევის დარგში დაამკვიდრა მშვიდობის პოზიტიური და ნეგატიური გაგება, რაზეც მან პირველად „Journal of Peace Research“-ის პირველ ნომერში დაწერა. გალტუნგი განმარტავდა, რომ მშვიდობა შესაძლებელია იყოს სხვადასხვაგვარი და ეს არაა უბრალოდ მდგომარეობა, სადაც არ გვაქვს ძალადობა - პირდაპირი დაპირისპირება ან შეიარაღებული კონფლიქტი. ნეგატიური მშვიდობას შესაძლოა თან არ ახლდეს ძალადობრივი დაპირისპირება, მაგრამ ესაა მდგომარეობა, სადაც ადამიანები განიცდიან უსამართლობას და ეს მდგომარეობა ადრე თუ გვიან გადაიზრდება ძალადობაში. პოზიტიური მშვიდობა ესაა გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობა, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას ყველა ადამიანისთვის. გალტუნგის სახელს ასევე უკავშირდება სტრუქტურული ძალადობის კონცეფციის შემოღებაც, რაც გულისხმობს, იმგვარ რეალობას, სადაც სოციალური სტრუქტურა და სოციალური ინსტიტუტები ძალადობენ ადამიანებზე, არ აძლევენ რა საკუთარი ფუნდამენტური საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას. გალტუნგი სხვადასხვა კონფლიქტის წყაროებს ასევე უკავშირებდა უფრო ფართე კონფლიქტის ცნებას, რომელიც ჩაქსოვილია მსოფლიო ძალაუფლების სისტემასა და ეკონომიკის სტრუქტურაში.

მშვიდობის მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორეტიკოსი ჯონ პოლ ლედერახი მშვიდობის მშენებლობის პროცესს ხედავს როგორც გრძელვადიანი ტრანსფორმაციის პროცესს ომის სისტემიდან - მშვიდობის სისტემაში. ამ პროცესის მნიშვნელოვანი განზომილებებია: ცვლილებები კონფლიქტის პერსონალურ, სტრუქტურულ, ურთიერთობებთან დაკავშირებულ და კულტურულ ასპექტებში. ლედერახი იძლევა კონფლიქტის ტრანსფორმაციის შემდეგ განმარტებას:

ვიკიციტატა
„კონფლიქტის ტრანსფორმაცია ესაა - წინასწარ ჭვრეტა და რეაგირება სოციალური კონფლიქტის გამწვავებასა და აფეთქებაზე, რაც თავისთავად იძლევა სიცოცხლისუნარიან შესაძლებლობებს, რათა შეიქმნას კონსტრუქციული ცვლილებების პროცესი, რომელიც შეამცირებს ძალადობას, გაზრდის სამართლიანობას პირისპირ ურთიერთობებში და სოციალურ სტრუქტურებში, პასუხობს რა ნამდვილ ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ადამიანურ ურთიერთობებში.“

ბერგოფის ფონდის განმარტების მიხედვით:

ვიკიციტატა
„კონფლიქტის ტრანსფორმაცია - ესაა ზოგადი, ყოვლისმომცველი ტერმინი, რომელიც გულისხმობს მოქმედებებს და პროცესებს, რომელთა მიზანიცაა ძალადობრივი კონფლიქტის სხვადასხვა მახასიათებლებისა და გამოვლინებების გრძელვადიან პერსპექტივაში შეცვლა, კონფლიქტის საფუძველში მდებარე წყაროების გამოვლენითა და აღმოფხვრით. მისი მთავარი მიზანია ნეგატიური დესტრუქციული კონფლიქტის ტრანსფორმირება კონსტრუქციულ დაპირისპირებად და კონფლიქტის სტრუქტურულ, ქცევით, დამოკიდებულებით ასპექტებთან გამკლავება. ტერმინი გამოხატავს როგორც თავად პროცესს, ისე ამ პროცესის შედეგს. კონფლიქტის ტრანსფორმაცია, როგორც ასეთი მოიცავს ისეთ აქტივობებს და პროცესებს, როგორებიცაა კონფლიქტის პრევენცია და კონფლიქტის მოგვარება და მიდის უფრო შორს ვიდრე კონფლიქტის გადაჭრა ან კონფლიქტის მართვა.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Management, Resolution and Transformation” Thania Paffelholz; “Conflict transformation: three lenses in one frame” a Journal in Peace Research and Action, 02.2009. გვ: 3-4 ბერგოფის ფონდის

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]