კონტინენტის წყალქვეშა კიდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კონტინენტის წყალქვეშა კიდემსოფლიო ოკეანის ფსკერის პერიფერიული ნაწილი, რომელიც რელიეფით და გეოლოგიური თვალსაზრისით ხმელეთის გაგრძელებას წარმოადგენს. კონტინენტის წყალქვეშა კიდის საერთო ფართობია დაახლოებით 81,5 მლნ. კმ². იგი შედგება შელფის, კონტინენტური კალთისა და კონტინენტის ძირისაგან. ეს უკანასკნელი ორგანული სამყაროს სიღარიბით ოკეანის საგებს უახლოვდება. რადგან კონტინენტის ძირი ყველგან არ არის გამოხატული, ზოგი მკვლევარი კონტინენტის წყალქვეშა კიდის საზღვარს უშუალოდ კონტინენტური კალთის ძირში ატარებს. ხმელეთის სიახლოვის გამო კონტინენტის წყალქვეშა კიდეზე (განსაკუთრებით შელფსა და კონტინენტის ძირზე) დიდი რაოდენობით გროვდება ტერიგენული მასალა.[1]

კონტინენტის წყალქვეშა კიდე წარმოადგენს კონტინენტის ნაწილს, რომელიც განლაგებულია ოკეანის დონეზე დაბლა. ხასიათდება დედამიწის ქერქის კონტინენტური ტიპით. იკავებს დედამიწის ზედაპირის ფართობის დაახლოებით 14 %-ს. ხმელეთის პლატფორმულ მონაკვეთებთან შედარებით, გრანიტული ფენა კონტინენტის წყალქვეშა კიდის ფარგლებში ნაკლები სიმძლავრისაა, ხოლო კონტინენტის ძირის საზღვართან ოკეანის საგებთან ერთად სრულებით ხდება მისი ამოსოლვა, რომელიც ამ მხრივ, ადგილს ოკეანის დედამიწის ქერქს უთმობს. კონტინენტის წყალქვეშა კიდე იკავებს წყნარი ოკეანის ტერიტორიის 10 %-ს.[2]

კონტინენტის წყალქვეშა კიდეზე აქტიურად მიმდინარეობს წყალქვეშა პროცესები (ტალღების მოქმედება, მიქცევა და მოქცევა, სიმღვრივის ნაკადები, დინება და სხვა). ტექტონიკური თვალსაზრისით, კონტინენტის წყალქვეშა კიდე ჩვეულებრივ მიეკუთვნება კონტინენტურ ბაქნებს, თუმცა ადგილ-ადგილ შეინიშნება სეისმურობისა და ახალგაზრდა ვულკანიზმის გამოვლინებები. კონტინენტის წყალქვეშა კიდე ოკეანის წყლებითაა დაფარული.[3]

კონტინენტის წყალქვეშა კიდე გამოირჩევა ფსკერული ნალექების დიდი სიჭრელით, განსაკუთრებით შელფის ფარგლებში, რაც აიხსნება არა მხოლოდ ფაციალური ვითარების მრავალფეროვნებით, არამედ შელფზე სუბაერალური გენეზისის რელიქტური დანალექების ფართო გავრცელებითაც. კონტინენტის წყალქვეშა კიდე მსოფლიო ოკეანის ფსკერის ათვისებისათვის მეტად ხელმისაწვდომი რაიონია, სადაც მოიპოვებენ ნავთობსა და ბუნებრივ აირს (შელფზე).[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]