კონსტანცია II (სიცილია)
კონსტანცია II | |
---|---|
![]() | |
სიცილიის დედოფალი | |
მმართ. წლები: | 1282-1285 |
წინამორბედი: | კარლო I |
მემკვიდრე: | ხაიმე II |
არაგონის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 27 ივლისი, 1276 |
მმართ. დასასრული: | ნოემბერი, 1285 |
წინამორბედი: | იოლანდა უნგრელი |
მემკვიდრე: | ისაბელ კასტილიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1249 |
დაბ. ადგილი: | სიცილია, იტალია |
გარდ. თარიღი: | 9 აპრილი, 1302 (52-53 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბარსელონა, ესპანეთი |
დაკრძ. ადგილი: | ბარსელონას კათედრალი, ესპანეთი |
მეუღლე: |
პედრო III, არაგონის მეფე (ქ. 1262 - გარდ. 1285) |
შვილები: |
ალფონსო III, არაგონის მეფე ხაიმე II, არაგონის მეფე ისაბელი, პორტუგალიის დედოფალი ფედერიკო III, სიცილიის მეფე იოლანდა, კალაბრიის ჰერცოგინია |
დინასტია: | ჰოენშტაუფენები |
მამა: | მანფრედი, სიცილიის მეფე |
დედა: | ბეატრიჩე სავოიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
კონსტანცია II სიცილიელი (იტალ. Costanza II di Sicilia, ესპ. Constanza II de Sicilia; დ. 1249, სიცილია, იტალია – გ. 9 აპრილი, 1302, ბარსელონა, ესპანეთი) — ჰოენშტაუფენთა დინასტიის წარმომადგენელი. სიცილიის მეფე მანფრედის ქალიშვილი და საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ II-ის შვილიშვილი. სიცილიის დედოფალი 1282-1285 წლებში. არაგონის მეფე პედრო III-ის მეუღლე. არაგონის ორი მეფის: ალფონსო III-ისა და ხაიმე II-ის, ასევე, სიცილიის მეფე ფედერიკო III-ის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონსტანცია 1249 წელს დაიბადა სიცილიაზე. იგი საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ II-ის ვაჟის, სიცილიის მეფე მანფრედისა და მისი მეუღლის, დედოფალ ბეატრიჩე სავოიელის ქალიშვილი იყო. მას ძირითადად მისი იტალიელი ძიძა, ბელა დ'ამიჩი ზრდიდა, რომელიც კონსტანციასთვის სიცოცხლის ბოლომდე ერთ-ერთ ყველაზე ახლობელ და საყვარელ პიროვნებად დარჩა.
1262 წლის 13 ივნისს კონსტანცია ცოლად შერთეს არაგონის მეფე ხაიმე I დამპყრობლის უფროს ძესა და ტახტის მემკვიდრეს, პრინც პედროს. 1266 წლის 26 თებერვალს კონსტანციას მამა, მეფე მანფრედი ბენევენტოს ბრძოლაში მოკლა მისმა მთავარმა მტერმა, ნეაპოლის მეფე კარლო I ანჟუელმა. ამის შემდეგ კონსტანციამ პრეტენზია გამოაცხადა სიცილიის ტახტზე, თუმცა იმ მომენტისათვის უშედეგოდ, რადგანაც ტახტი ნეაპოლის მეფემ დაიკავა.
1276 წლის 27 ივლისს, ხაიმე დამპყრობლის გარდაცვალების შემდეგ, არაგონის ტახტს კონსტანციას ქმარი, მეფე პედრო III იკავებს. მემატიანეთა ცნობით, კონსტანცია იყო ისტორიაში არაგონის პირველი დედოფალი, რომლის კორონაციაც შედგა. იგი არაგონის დედოფლად იმავე წლის 17 ნოემბერს აკურთხეს სარაგოსას კათედრალში.
კონსტანციას მემკვიდრეობიდან გამომდინარე, მისმა ქმარმა და ვაჟებმა 1282 წელს კვლავ გამოაცხადეს სიცილიის ტახტზე პრეტენზია. მათ წარმატებით შეძლეს ტახტიდან ნეაპოლის მეფის ჩამოგდება და სიცილიის დაკავება. ოფიციალურად კონსტანცია II სიცილიის დედოფლად გამოაცხადეს, თუმცა პედრო III მისი თანამმართველი გახდა. 1285 წლის ნოემბერში, როდესაც პედრო გარდაიცვალა, კონსტანციამ დაკარგა სიცილიის ტახტიც თავისი ძის, ხაიმეს სასარგებლოდ. ამის შემდეგ სიცილიაში კონსტანციას მემკვიდრეთა მმართველობა მყარდება.
ქმრის გარდაცვალების შემდეგ კონსტანციამ დატოვა სარაგოსას სამეფო კარი, ბარსელონაში გადასახლდა და იქ მონაზვნად აღიკვეცა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება და 1302 წლის 9 აპრილს იქვე გარდაიცვალა. დედა-დედოფალი კონსტანცია ბარსელონას კათედრალში დაკრძალეს.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედოფალ კონსტანციასა და მეფე პედროს ექვსი შვილი ჰყავდათ:
- ალფონსო III (1265-1291), არაგონის მეფე, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ხაიმე II (1267-1327), არაგონისა და სიცილიის მეფე. დაქორწინდა ოთხჯერ: პირველად ისაბელ კასტილიელზე, მასთან განქორწინების შემდეგ ბლანკა ანჟუელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ მარი დე ლუზინიანზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ კი ელიზენდა დე მონკადაზე. მეფე ალფონსო IV-ის მამა;
- ისაბელა (1271-1336), ცოლად გაჰყვა პორტუგალიის მეფე დინიშ I-ს, რომელთანაც შეეძინა კასტილიის დედოფალი კონსტანსია და პორტუგალიის მეფე აფონსუ IV;
- ფედერიკო III (1272-1337), სიცილიის მეფე. ცოლად შეირთო ელეონორა ანჟუელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე პედრო II;
- იოლანდა (1273-1302), ცოლად გაჰყვა ნეაპოლის მეფე რობერტოს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მემკვიდრე;
- პედრო (1275-1296), ცოლად შეირთო გილემეტა ბეარნელი;
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bartlett, Robert (2020). Blood Royal: Dynastic Politics in Medieval Europe. Cambridge University Press.
- Burgtorf, Jochen (2007). "A Mediterranean Career in the Late Thirteenth Century: Hospitaller Grand Master Boniface of Calamandrana". In Borchardt, Karl; Jaspert, Nikolas; Nicholson, Helen J (eds.). The Hospitallers, the Mediterranean and Europe: Festschrift for Anthony Luttrell. Ashgate.
- Cawsey, Suzanne F. (2002). Kingship and Propaganda: Royal Eloquence and the Crown of Aragon c.1200-1450. Oxford University Press.
- George, Hereford Brooke (1875). Genealogical Tables Illustrative of Modern History. Oxford at the Clarendon Press.
- Lodge, Eleanor Constance (1924). The End of the Middle Age, 1273-1453. Methuen & Company Limited.
- Previte-Orton, C.W. (1960). The Shorter Cambridge Medieval History. Vol. II: The twelfth century to the Renaissance. Cambridge at the University Press.
- Runciman, Steven (1958). The Sicilian Vespers: A History of the Mediterranean World in the Later Thirteenth Century. Cambridge University Press.
|