კონსტანტინე II (იმერეთის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინე II (გ. 1401) — ლიხთიმერეთის მეფე 1396–1401 წლებში.

კონსტანტინე დაიბადა 1358 წლის შემდეგ, ლიხთიმერეთის მაშინდელი ერისთავის (და ყოფილი მეფის) — ბაგრატ I-ისა (დავით ნარინის შთამომავალი) და მისი მეუღლის, ყვარყვარე I ჯაყელის ქალიშვილის ოჯახში. იყო ლიხთიმერეთის ორი მეფის, ალექსანდრე I-ისა და გიორგი I-ის უმცროსი ძმა. ძმები საქართველოს სამეფოს განუდგნენ თემურლენგის შემოსევების დროს. 1392 წელს გიორგი I დაიღუპა სამეგრელოს მთავარ ვამეყ I დადიანთან ბრძოლაში, კონსტანტინე და მისი ძმისშვილი დემეტრე (ალექსანდრე I-ის ძე) კი გაიქცნენ კავკასიის მთებში, ხოლო იმერეთი გიორგი VII-მ კვლავ საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნა.[1]

1396 წელს კონსტანტინემ ისარგებლა გიორგი VII-ის გამუდმებული ომებით თემურლენგთან, რომლის დროსაც მრავალი იმერელი დაიღუპა, და ასევე ვამეყ დადიანის სიკვდილით და დაბრუნდა იმერეთში. დაიპყრო მრავალი ციხე და თავი მეფედ გამოაცხადა. შემდგომში სცადა სამეგრელოს, გურიის და სვანეთის მთავრების მიმხრობა, მაგრამ 1401 წელს მოკლეს. ვინაიდან კონსტანტინე უშვილო იყო, იმერეთის გვირგვინი მის ახალგაზრდა ძმისშვილზე, დემეტრეზე გადავიდოდა, რომ არა გიორგი VII-ის მიერ იმერეთის კვლავ შემოერთება.[1][2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Багратиони Вахушти История царства Грузинского / ред. Н. Т. Накашидзе. — Тб.: «Мецниереба». — стр. 41–42.
  2. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979.