კონსტანტინე ჯავრიშვილი (პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინე რომანის (ტარიელის) ძე ჯავრიშვილი (ჯავროვი; დ. 16 სექტემბერი, 1886, თბილისი, — გ. უცნობია) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე.

1905 წელს დაამთავრა თბილისის I გიმნაზია და შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იმავე წელს გაწევრიანდა სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერთა) პარტიაში და მის სამხედრო ორგანიზაციაში. 1906 წელს დააპატიმრეს და მიუსაჯეს ციმბირში გადასახლება. გზიდან გაიქცა და არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა. რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა კასპიის ზღვის სავაჭრო ფლოტის მეზღვაურთა შორის, რომლებმაც პროფკავშირის და მისი ბეჭდვითი ორგანოს რედაქტორად აირჩიეს. 1908 წელს საფრანგეთში გაიხიზნა და პარიზის უნივერსიტეტში ისტორიასა და სოციოლოგიაში ლექციებს ისმენდა. 1911 წელს ბაქოში განაგრძობდა პარტიულ მუშაობას, თანამშრომლობდა ადგილობრივ პრესასთან. 1912-1914 წლებში კვლავ დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, სადაც კრასნოიარსკის და ენისეის ციხეებში იხდიდა სასჯელს. ხელმეორე გადასახლების დროს მუშაობდა ენისეის გუბერნიის მინუსინის მაზრასა და მინუსინსკში, კოოპერატიულ სფეროში.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ერთხანს იყო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წარმომადგენელი ენისეის გუბერნიის „თავდაცვის კომიტეტში“, შემდეგ პეტროგრადში მუშაობდა მთავარ საადგილმამულო კომიტეტში. ამავე დროს იყო გლეხთა დეპუტატების საბჭოსთან არსებული „ბეჭდვითი კაბინეტის“ წევრი-რედაქტორი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო ესერთა რუსულენოვანი პარტიული ორგანოს „დელო ნაროდას“ („Дело народа“) რედაქტორი. 1917 წლის ნოემბერში თბილისში შემდგარ პირველ ეროვნულ ყრილობაზე კონსტანტინე ჯავრიშვილი ეროვნული საბჭოს წევრად დასახელდა ესერთა პარტიიდან და მის შემადგენლობაში შედიოდა ამ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ამოწურვამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 541-542.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]