კონსტანტინე საფარიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინე საფარიშვილი (დ. 25 თებერვალი, 1887, თბილისი11 დეკემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი კათოლიკე მღვდელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე საფარიშვილი დაიბადა 1887 წლის 25 თებერვალს, ქალაქ თბილისში. 1899 წელს იგი სასწავლებლად მიემგზავრება კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში. 1911 წლის 8 დეკემბერს მოხდა მისი მღვდლად კურთხევა და მან პირველი წირვა ჩაატარა კონსტანტინოპოლის ღვთისმშობლის უმანკო ჩასახვის ქართულ ეკლესიაში, ფერისქვევს. 1909-1910 წლებში მამა კონსტანტინე ღვთისმეტყველებას ეუფლება რომში. იგი უახლოვდება იმხანად ვატიკანის არქივებში მოღვაწე მიხეილ თამარაშვილს. რომში სასულიერო ხარისხის მინიჭების შემდეგ იგი სამშობლოში ბრუნდება. „სულით ხორცამდე ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით აღსავსე პატრს მტრულად შეხვდნენ ანტიეროვნული, ქართული ტიპიკონის მოწინააღმდეგე მტრული ძალები და ეროვნული იდეების ქადაგებისათვის მეფის მთავრობასთან დააბეზღეს“. 1915 წელს მას სარატოვში ასახლებენ, სადაც იგი გერმანელი კოლონისტებისათვის გერმანულ ენაზე ატარებს წირვებს. 1916 წელს იგი სარატოვ-ევალდშია. საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე პატრი კონსტანტინე სამშობლოში ბრუნდება. იმ დროს ქართველი კათოლიკეები ორმაგ ჩაგვრას განიცდიდნენ (ეროვნულს და იდეურს). იგი იწყებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გაფანტულ ქართველ კათოლიკეებში ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას და ეროვნული ერთიანობის განმტკიცებისათვის ბრძოლას. 1918-1924 წლებში ის გორის კათოლიკური ეკლესიის მოძღვარია. 1924 წელს კი იგი მოძღვრის გარეშე დარჩენილ სანავარდოში (კახეთი) მიემართება. 1925-1926 წლებში პატრი კონსტანტინე ჩადის მესხეთში. ის ჯერ სოფელ უდეს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის, ხოლო შემდგომ ახალციხის რაბათის პატრებიანთ ეკლესიის წინამძღვრად იწყებს მოღვაწეობას.

გადასახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

20-იან წლებში მამა კონსტანტინეც კომუნისტური რეპრესიების საშინელებათა მსხვერპლი გახდა. 1927 წელს იგი დააპატიმრეს და სულ მალე სოლოვკის სასტიკ ბანაკში გადაასახლეს (1927 წ. - კემი, 1928 წ. -უხტა, 1929 წ. - მურმანსკი, 1929-31 წწ. - პინეგა). 1936 წელს იგი გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს, მაგრამ მას აეკრძალა სასულიერო მოღვაწეობა და თბილისში ცხოვრების უფლება.

სამშობლოში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე საფარიშვილი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ბორჯომში, მუშაობდა ფოტოგრაფად და ფარულად ახერხებდა მღვდლის მოვალეობის შესრულებას. ბორჯომში მოღვაწეობის პერიოდში პატრი კონსტანტინე მრავალჯერ აწამეს, მოსთხოვეს რწმენის უარყოფა, მაგრამ იგი ერთგული დარჩა დევიზად აღებული შეგონებისა: „შენ ხარ მღვდელი, უკუნისამდე“ (ფს.109), Sacerdos et hostia. 1966 წელს თბილისის წმიდა პეტრე-პავლეს ეკლესიის წინამღვრის ემ. ვარდიძის გარდაცვალების შემდეგ, პატრმა კონსტანტინე საფარიშვილმა მიიღო თბილისში დაბრუნებისა და ღვთისმსახურების ნანატრი უფლება და იგი 1973 წლის 11 დეკემბრამდე, გარდაცვალებამდე იყო თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი. დაკრძალულია ეკლესიის გალავანში. პატრი კონსტანტინე ფლობდა 10 ენას. მის მიერ არანჟირებული საგალობლები წლების განმავლობაში სრულდებოდა ეკლესიაში. მის, როგორც მღვდლისა და პიროვნების ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1971 წელს მას სასულიერო მოღვაწეობის 60 წელი ქართულ ენაზე გულთბილად მიულოცა უწმიდესმა პაპმა პავლე მეექვსემ. პატრი კონსტანტინე რეაბილიტირებულია სსრკ პრეზიდენტის 1990 წლის 13 აგვისტოს ბრძნებულების 1 მუხლის თანახმად, გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლუიჯი მანტოვანი - „რწმენის ფასი“.გაზ.„საბა“,№2.2001;
  • ნანა საფარიშვილი - ”მღვდელი-მსხვერპლი-კონსტანტინე საფარიშვილი” -გაზ.”საბა”,№9.2000;
  • Бр.Чаплицкий,И.Осипова-Книга памяти.Мартиролог католической церкви.М. 2000;
  • И.Осипова-"В язвах своих сокрой меня",Гонения на католическую церковь в СССР. М.1996;
  • ი.პეტაშვილი -"პატრი კონსტანტინე საფარიშვილი”. გაზ."საბა",№6, 2003;
  • კონსტანტინე საფარიშვილი-"ავტობიოგრაფია", ჟ.”საბა”,№6,2007;
  • Roman dzwonkowsky,SAC "Losy Duchowienstwa Katolockiego w ZSSR 1917-1939. Martirologium,Lublin 1998
  • P.Ivan Martini - "Breve storia della chiesa cattolica latina in Georgia".edizioni camilliane Tbilisi 2010.
  • მურმან პაპაშვილი-”საქართველო-რომის ურთიერთობა” თბილისი 1995.