კონსტანტინე კერესელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კერესელიძე.

კონსტანტინე (კოტე) გიორგის ძე კერესელიძე (დ. 5 იანვარი, 1932, მოსკოვი) — ქართველი რეჟისორ-დოკუმენტალისტი, კინოკონკურსების ლაურეატი.საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობიდან იზრდებოდა სახელოვნებო წრეში. მისი დიდი ბაბუა იყო მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე ივანე კერესელიძე. მისი მამა იყო გიორგი გიორგის ძე კერესელიძე, რომელმაც მოსკოვში გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი დაამთავრა. იყო პროფესიონალი რეჟისორი, მუშაობდა კინო-ინდუსტრიაში, თეატრსა და ტელევიზიაში. მისი დედა, თამარ მიხეილის ასული ჭეიშვილი იყო მოცეკვავე, ბალერინა და ქორეოგრაფი, რომელიც სწავლობდა მოსკოვის საბალეტო სკოლაში.

სკოლის დამთავრების შემდეგ კოტე მამამისის გზას გაჰყვა და ჩააბარა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში რეჟისურის ფაკულტეტზე და იგი 1963 წელს რეჟისურის სპეციალობით დაამთავრა. 1965 წლის 30 ივნისს სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა დრამის რეჟისორის კვალიფიკაცია. მისი მასწავლებლები იყვნენ თვით მიხეილ თუმანიშვილი და გიგა ლორთქიფანიძე და მასთან ერთად ერთ კურსზე სწავლობდნენ გ. სტურუა, მ. კუჭუხიძე და თ. აბაშიძე.

სტუდენტურ წლებში ახალგაზრდა კოტე ჯაზით დაინტერესდა. 1957 წელს მოსკოვში კონსტანტინე პევზნერის ხელმძღვანელობით შეიქმნა ჯაზის ანსამბლი „რერო“, რომელშიც კოტე გიტარაზე უკრავდა, რამაც იგი საქართველოში ჯაზის პიონერად აქცია. კერესელიძეს გააჩნდა თბილისში ჯაზური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექცია. ინსტიტუტის ადმინისტრაციამ პირობა წაუყენა კოტეს, რადგან ძალიან იყო გატაცებული ჯაზით - ან ინსტიტუტი აერჩია ან ჯაზი, რაზეც კოტემ ინსტიტუტი არჩია.

პირველი სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მხოლოდ 17 კილომეტრი“ მან 1963 წელს გადაიღო და გამოუშვა. კერესელიძე თვითონ ურჩევდა მუსიკას საკუთარ ფილმებს და ხანდახან თვითონაც კი წერდა მას. გადასაღებ მოედანზე იგი ყოველთვის ძალიან ყურადღებიანი და ძალიან შრომისმოყვარე პიროვნება იყო.

1965 წელს კერესელიძემ იქორწინა ლარისა ალექსეევაზე, რომელიც იყო მხატვარი. იგი ხატავდა გობელენზე, კერამიკაზე და იყო თბილისში ერთ-ერთი საბავშვო სახელოვნებო სტუდიის ხელმძღვანელი და კოტეს საქმიანობაში დიდ როლს თამაშობდა. იგი 1995 წელს გარდაიცვალა. მათი 3 შვილი მშობლების გზას დაადგა და სამივემ ხელოვნება აირჩია. უფროსი ვაჟი, გია კერესელიძე პროფესიონალი რეჟისორ-მულტიპლიკატორია, რომელიც მუშაობდა დისნეის სტუდიაში და მიღებული აქვს „კანის“ და „ორლანდოს“ ჯილდოები. შუათანა ქალიშვილი ია კერესელიძე მომღერალია, ხოლო უმცროსი ვაჟი ალექსანდრე (სანდრო) კერესელიძე მხატვარი და დიზაინერია, რომელიც ასევე რეჟისურას აპირებს.

ამჟამად კოტე კერესელიძე და მისი ოჯახი ცხოვრობენ და მოღვაწეობენ აშშ-ში. 1995 წელს ვაშინგტონში კოტემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი მართლმადიდებლობაზე, რომელიც კვლავ მონტაჟის პროცესშია. იგი ასევე გეგმავს აშშ-ში საკუთარი კინოსტუდიის გახსნას.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვიქტორ დოლიძე - 100 (1991) - დოკუმენტური
  • დავით ბადრიძე (1989) - დოკუმენტური
  • უჩინარი სახელი (1989) - დოკუმენტური
  • პიცუნდის ფიჭვნარი (1987) - დოკუმენტური
  • გაზაფხული (1982) - დოკუმენტური
  • იდუმალება (1981) - დოკუმენტური
  • გასტროლები (1979) - დოკუმენტური
  • მსოფლიოს ფანჯარა (1978) - დოკუმენტური
  • ალავერდი (1977) - დოკუმენტური
  • ელისო ვირსალაძე (1973) - დოკუმენტური
  • ბალადა (1972) - დოკუმენტური
  • მხოლოდ 17 კილომეტრი (1964)

სცენარის ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გასტროლები (1979) - დოკუმენტური
  • მხოლოდ 17 კილომეტრი (1964)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]