შინაარსზე გადასვლა

კონსტანტინეს ბიუსტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინეს ბიუსტი
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
ისტორია
თარიღდება IV საუკუნე
კონსტანტინეს ბიუსტი — იტალია
კონსტანტინეს ბიუსტი
კონსტანტინეს ბიუსტი ვიკისაწყობში

კონსტანტინეს ბიუსტი (იტალ. Statua Colossale di Costantino I) — ნატურალურ ზომაზე მრავალჯერ დიდი აკროლითური ქანდაკება, რომელიც გამოსახავდა რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდს (280337 წწ.),შეიქმნა თავად იმპერატორის დაკვეთით მეოთხე საუკუნეში და თავდაპირველად რომში, რომაულ ფორუმთან ახლოს, ვია საკრაზე, მაქსენციუსის ბაზილიკის დასავლეთ აფსიდში იდგა. მას ასევე კონსტანტინეს კოლოსს უწოდებდნენ. მისი შემორჩენილი ნაწილები ამჟამად კაპიტოლიუმის ბორცვზე, ფორუმის დასავლეთ ბოლოს ზემოთ, პალაცო დეი კონსერვატორის ეზოშია განთავსებული, რომელიც დღეს კაპიტოლიუმის მუზეუმების ნაწილია.

ბიუსტი თავდაპირველად მთლიანი ქანდაკება იყო. კოლოსის დიდი თავი, ხელები და ფეხები თეთრი მარმარილოსგან იყო გამოქანდაკებული, ხოლო სხეულის დანარჩენი ნაწილები აგურის შუაგულისა და ხის ჩარჩოსგან შედგებოდა, რომელიც შესაძლოა მოოქროვილი ბრინჯაოთი ყოფილიყო დაფარული. დროს გადარჩენილი ნაწილების ზომით თუ ვიმსჯელებთ, მჯდომარე, ტახტზე მყოფი იმპერატორის ფიგურა დაახლოებით 12 მეტრის სიმაღლის იქნებოდა. თავი დაახლოებით 2.5 მეტრის სიმაღლისაა, ხოლო თითოეული ფეხის სიგრძე 2 მეტრზე მეტია.

ევსების თქმით, ქანდაკებას მარჯვენა ხელში ეჭირა „მაცხოვრის თასი ჯვრის ნიშნით[1]“. ეს, შესაძლოა, კვერთხი ყოფილიყო, რომელზეც ამოტვიფრული იყო წმინდა მონოგრამა, „XP“, ვინაიდან კონსტანტინეს მიერ დაახლოებით ამ დროს მოჭრილ მედლებზე გამოსახულია იგივე ნიშანი. ევსები ასევე ახსენებს ქანდაკების ქვეშ ამოტვიფრულ ლათინურ წარწერას, სადაც იმპერატორის - „მხსნელის“ -  მიერ რომის გაბრწყინება და ქალაქის ადრინდელი დიდების დაბრუნებაა აღწერილი.

ბიუსტის თავი გამოკვეთილია გვიანი რომაული პორტრეტული ქანდაკებების ტიპურ, აბსტრაქტულ, კონსტანტინესეულ სტილში („იერატული იმპერატორის სტილი“), ხოლო სხეულის სხვა ნაწილები ნატურალისტურია, ფეხის თითებიდან შუბლის დაძაბულ ძარღვებამდე. თავი, შესაძლოა, იმპერატორის არამიწიერი ბუნების ადამიანურ ქანდაკებაში გადმოცემას ისახავდა მიზნად, რაც ჩანს მის ბუნებრივზე დიდი ზომის თვალებში. თავის დამუშავება ინდივიდუალისტური პორტრეტების სინთეზს აჩვენებს: მისი დაძაბული ყბა და წინ წამოწეული ნიკაპი, რაც კონსტანტინეს ყველა გამოსახულებისათვის დამახასიათებელია, შერეულია გვიანი რომაული პორტრეტების ტენდენციებთან, რომლებიც დეტალებზე მეტად სიმბოლიკასა და აბსტრაქციაზეა ორიენტირებული.

ამ დიდ ნამუშევარში კონსტანტინე გამოსახულია მიუწვდომელად და მკაცრად, როგორც რომში წარმართულ ღმერთებს გამოსახავდნენ, თუმცა სინამდვილეში ის მნახველებს ქრისტიანული წმინდანებისთვის უნდა შეედარებინათ.

ქანდაკების ხელი

ფორუმის ჩრდილოეთ მხარეს მდებარე მაქსენციუსის ბაზილიკის მშენებლობა 307 წელს დაიწყო კონსტანტინეს თანაიმპერატორმა მაქსენტიუსმა. კონსტანტინემ ბაზილიკა 312 წელს, მილვიუსის ხიდის ბრძოლაში, მაქსენციუსის დამარცხების შემდეგ დაასრულა. როგორც ჩანს, კონსტანტინემ შენობის ორიენტაცია შეცვალა მთავარი შესასვლელის ადგილმდებარეობასთან ერთად და დაამატა ახალი ჩრდილოეთის აფსიდა[2]. ამ ცვლილებებით, მათ შორის დასავლეთ აფსიდში დადგმული დიდი ქანდაკებით, კონსტანტინემ საჯაროდ და თვალსაჩინოდ გამოაცხადა მოწინააღმდეგის დამარცხება. თავად ქანდაკების ზუსტი დათარიღება არავინ იცის; ვარაუდობენ, რომ ქანდაკების თავდაპირველი შექმნის თარიღი, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული, ხოლო 325 წელს ქანდაკების ელემენტების მნიშვნელოვანი ცვლილება ხელოვნების ახალი სტილის შემოსვლით არის ახსნილი.[3]

ქანდაკება და მისი მიმდებარე ტერიტორია გვიან ანტიკურ ხანაში გაძარცვეს, სავარაუდოდ, ბრინჯაოს სხეულის ნაწილების გამო. ქანდაკების მარმარილოს ნაწილები 1486 წელს აღმოაჩინეს. გადარჩენილი ნაშთები მოგვიანებით ბაზილიკიდან ამოიღო და ახლომდებარე კონსერვატორიის სახლის ეზოში მოათავსა მიქელანჯელომ, რომელიც ამ ტერიტორიაზე მუშაობდა[4].  უცნაურია, რომ ქანდაკების ნაშთებს შორის ორი მარჯვენა ხელია (აწეული საჩვენებელი თითებით), რომლებიც ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან. ვარაუდობენ, რომ ქანდაკება კონსტანტინეს მეფობის გვიან პერიოდში ხელახლა დაამუშავეს და კვერთხის მპყრობელი ხელი ქრისტიანული სიმბოლოს მპყრობელი ხელით შეიცვალა[5].

ბიუსტის რეკონსტრუქცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რეკონსტრუქცია

მარმარილოს ფრაგმენტებს რესტავრაცია 20002001 წლებში ჩაუტარდა. 2006 წლის 6-დან 10 თებერვლამდე, რომის კაპიტოლიუმის მუზეუმების თანამშრომლობით ფრაგმენტების 3D ლაზერული სკანირება მიმდინარეობდა. როგორც რეკონსტრუქცია, ასევე ჩამოსხმა 2007 წლის 2 ივნისიდან 4 ნოემბრამდე, გერმანიის ქალაქ ტრირში, კულტურულ-ისტორიული გამოფენის „კონსტანტინე დიდის“ ფარგლებში მოხდა.

2024 წელს, რომში, კაპიტოლიუმის ზედამხედველობის, პრადას ფონდისა და ციფრული ტექნოლოგიების ფონდის[6] თანამშრომლობის შედეგად, კონსტანტინეს ბიუსტის 1:1 მასშტაბის რეკონსტრუქცია გაიხსნა. ქანდაკება კაპიტოლიუმის მუზეუმის უკან მდებარე ბაღშია გამოფენილი და დაგეგმილია, რომ ამჟამინდელ ადგილას დარჩეს 2025 წლის ბოლომდე.[7]

რეპროდუქციის სიმაღლე 13 მეტრია.  მისი ზედაპირი, რომელიც თავდაპირველად მარმარილოსა და ბრინჯაოსგან იყო დამზადებული, შექმნილია პოლიურეთანის, თაბაშირის, მარმარილოს ფხვნილისა და ოქროს ფურცლების გამოყენებით[8]. შიდა სტრუქტურა დამზადებულია ალუმინისგან.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Eusebius, Ecclesiae Historia; IX, 9, 11.
  2. Pohlsander, H. A. (1996), The Emperor Constantine, Routledge, ISBN 0-415-13178-2, p. 34.
  3. Pohlsander, Op. cit., pg 80.
  4. Grant, Op. cit., pg 194.
  5. Pohlsander, Op. cit., pg 79–80.
  6. Rome, reconstruction of the Colossus of Constantine unveiled. Photos en. ციტირების თარიღი: 2024-02-08
  7. Towering Colossus of Constantine reconstructed in Rome en (2024-02-06). ციტირების თარიღი: 2024-02-08
  8. Statua colossale di Costantino en (2024-02-08). ციტირების თარიღი: 2024-03-14