კონკურენციის სააგენტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კონკურენციის სააგენტო
უწყების შესახებ
შეიქმნა 31 მარტი, 2014
წინამორბედი უწყება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
უწყების ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირი

კონკურენციის სააგენტო — დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა, დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა[1][2]. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით კანონით, სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით და პასუხისმგებელია საკუთარი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის[3]. სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა[4]. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე[5]. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-­მინისტრი[6].

სააგენტოს შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონკურენციის სააგენტო შეიქმნა 2014 წლის 31 მარტს „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წლის 21 მარტს განხორციელებული ცვლილების შედეგად[7]. ამ ცვლილებით გაიყო მანამდე არსებული კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და ჩამოყალიბდა ორი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და კონკურენციის სააგენტო.

2014 წლის 31 მარტამდე არსებული კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შეიქმნა 2012 წლის 1 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 დეკემბრის №829 ბრძანებულების საფუძველზე[8], საჯარო სამართლის იურიდიული პირის — სახელმწიფო შესყიდვების სააგენოტსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის — თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს რეორგანიზაციის (შერწყმის) საფუძველზე.

2012 წლის 1 იანვრამდე არსებობდა ორი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 5 ივნისის №223 ბრძანებულების საფუძველზე[9] საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამი­ნისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის რეორგანიზების შედეგად. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 თებერვლის №143 ბრძანებულების საფუძველზე[10].

სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააგენტოს ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააგენტოს ფუნქციებია[11]:

  • კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და გამოყენების სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება;
  • კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი;
  • კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, ამ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების კონკურენციის პოლიტიკის დაცვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან თანამშრომლობა;
  • საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით;
  • კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებში საზოგადოების გათვითცნობიერება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა.

სააგენტოს უფლებამოსილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააგენტო ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით უფლებამოსილია[12]:

  • აწარმოოს საქმის მოკვლევა წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით;
  • საქმესთან დაკავშირებით შესაბამის ეკონომიკურ აგენტს, სხვა დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ინფორმაცია, მათ შორის, მისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და სამეურნეო ურთიერთობების შესახებ, გაეცნოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციას;
  • საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში მოკვლევის მიზნით სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე;
  • მოკვლევის მიზნით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, ადგილზე შეამოწმოს საქმეში ჩართული ეკონომიკური აგენტი;
  • საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაუწესოს ადმინისტრაციული ჯარიმა;
  • ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • მიზანშეწონილობის შემთხვევაში აწარმოოს კვლევა დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების დასადგენად შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის * განმსაზღვრელი საბაზრო წილის განსაზღვრის მიზნით;
  • დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევისას შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი იძულებითი დაყოფის საკითხი, თუ არსებობს საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების შესაძლებლობა, ან განახორციელოს კონკურენციის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები;
  • შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;
  • სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას.

სააგენტო სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მიმართებით უფლებამოსილია[13]:

  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მას ამ კანონის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
  • „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში წარუდგინოს მას დასაბუთებული წერილობითი დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული საკითხი დასვას შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;
  • წარუდგინოს მას განსახილველად სავალდებულო წინადადებები ან/და რეკომენდაციები საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციული გარემოს გაჯანსაღებისათვის, მათ შორის, შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობის და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების გაუქმების თაობაზე, თუ ისინი ზღუდავენ კონკურენციას;
  • საქართველოს მთავრობას მიმართოს დასკვნით და საჭიროების შემთხვევაში – რეკომენდაციით, თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას;
  • უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში, ამ ორგანოსაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დასვას მისი თანამდებობის პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე.
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს სარეკომენდაციო განმარტება კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

სააგენტოს თავმჯდომარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-­მინისტრი[6].

სააგენტოს თავმჯდომარე:

  • დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, წყვეტს სააგენტოს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს;
  • განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს).

სააგენტოს თავმჯდომარედ ინიშნება პირი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე; აქვს ეკონომიკის, სამართლის ან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ათი წლის გამოცდილება; აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს[14].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი
  2. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი
  3. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი
  4. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტი
  5. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი
  6. 6.0 6.1 „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17¹ მუხლის პირველი პუნქტი
  7. „„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2014-03-21).
  8. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №829. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2011-12-19).
  9. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №223. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2001-06-05).
  10. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №143. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2010-02-26).
  11. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17² მუხლი
  12. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი
  13. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი
  14. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17¹ მუხლის მე-5 პუნქტი