კონგოს სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონგოს სამზარეულო (ინგლ. Congolese cuisine) — ტრადიციული კონგოური კერძების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს ორი სახელმწიფოს: კონგოს რესპუბლიკისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გასტრონომიებს. კასავა, ფუფუ, ბრინჯი, სხვადასხვა მცენარეები და კარტოფილი კონგოში ყველაზე გავრცელებული და პოპულარული საჭმელებია.

მთავარი კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორივე კონგოს ერთად აღებული მიწების ორ პროცენტზე ნაკლებია კულტივიზებური, დანარჩენი კი მთლიანად ფერმერული საქმისა და მეცხოველეობისათვის გამოიყენება. კონგოს საფერმე დანიშნულების მიწები მრავალი კულტურის მთავარი წყაროა. სწორედ აქ მოჰყავთ სიმინდი, ბრინჯი, კასავა, ტკბილი კარტოფილი, იამი, ტარო, მწვანილები, პომიდორი, გოგრა, ბარდა და კაკალი. ამ პროდუქტებით მომზადებულ საჭმელებს ორივე ქვეყანაში აქტიურად მიირთმევენ, მაგრამ არსებობს ავთენტური, რეგიონალური კერძებიც. კონგოელებს ექსპორტზე ძირითადად ყავა და პალმის ზეთი გააქვთ.

აღსანიშნავია, რომ კონგოში პოპულარულია ველური მცენარეები, ხილი, სოკო, თაფლი, ხორცი და თევზი, ანუ ისეთი რაღაცები, რომელთა მოპოვებაც ველურ ბუნებაშია შესაძლებელი და რისთვისაც ნადირობაა საჭირო. ამ პროდუქციას ხალხი ხშირად პირდაპირ გზისპირა დახლებიდან ყიდის. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებასა და მსხვილი სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებას ხელი დიდად შეუშალა ბოლო დროს წარმოებულმა ომმა და საგზაო სისტემის ცუდმა ხარისხმა.

ცნობილია, რომ კონგოელებს უყვართ სახამებლიანი კერძები, რის გამოც, თუ ძირითადი ინგრედიენტები არ შეიცავს მას, მის შემცველ სოუსებს უმატებენ, რომელთაც ეწოდება ფუფუ და უგალი.

ფერმენტირებული პურის სახეობაა კვანგა, რომელიც მზადდება კასავასგან და დიდი პოპულარობით სარგებლობს კონგოელებში, რის გამოც მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად იწარმოება კომერციული მიზნებისთვის. კიდევ ერთი ცნობილი კერძია ლუტიმა, რომელიც მზადდება მოხარშული მცენარეებისაგან, რომელთაც ხარშვის შემდეგ გუნდებად აკეთებენ და შემდეგ აცხობენ. ასევე გავრცელებულია არაქისიანი ტკბილი კარტოფილი, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კი ბრინჯიან ლობიოსაც ამზადებენ. ამ სახამებლის შემცველ ინგრედიენტებთან ერთად პოპულარულია მწვანე ბოსტნეულის გამოყენებაც, მაგალითად: კასავის ფოთლები, ისპანახი, ან ბამია. სოკო განსაკუთრებით დაფასებულია აქ მობინადრე ლუბას ხალხში. ისინი კრიზისისა და დეფიციტის პერიოდში კერძებში ხორცს სწორედ სოკოთი ანაცვლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვეგეტარიანელები არ არიან, კონგოში ხორცი ძალიან ძვირია, რის გამოც ძირითადად მაინც ხილისა და ბოსტნეულისაგან უწევთ საჭმელების კეთება.

მდინარე კონგო, მისი შენაკადები და მიმდებარე ტბები თევზეულით მდიდარია. კონგოელები პირდაპირ წყალში იჭერენ თევზს და იქვე წვავენ ან ხარშავენ. როდესაც ამის საშუალებაა, ისინი თევზს ამარილებენ, აშრობენ და ბოლავენ. კონგოს ბაზრებზე ხშირად შეხვდებით ბანანის ფოთლებში გახვეულ, წიწაკით შენელებულ შემწვარ თევზს, რომელიც გასაყიდადაა გამოტანილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე კონგოში ყველაზე ხშირად თხის ხორცს იყენებენ. მიუხედავად ამისა, კონგოს ეროვნულ კერძად მაინც ქათმისაგან მომზადებული მოამბე ითვლება. აქაურები აგრეთვე საკვებად იყენებენ ზოგიერთ მწერსა და ჭიაყელას, რომელთაც, როგორც ამბობენ, თხილის არომატი აქვთ.

სოუსები, რომლებიც კერძების გახალისებასა და მათში სისველის შეტანას ემსახურებიან, კონგოში ძირითადად პომიდვრისგან, ხახვისა და ადგილობრივი არომატული მცენარეებისაგან მზადდება. დამატებითი და უფრო მძაფრი გემოების მისაღებად აგრეთვე იყენებენ მარილს, ნიორს, მცენარეულ ზეთებსა და წიწაკას. ეს სანელებლები შედარებით ნაკლებად გამოიყენება სამხრეთულ რეგიონებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mukenge, Tshilemalema (2002.) "Culture and customs of the Congo." Greenwood Press. ISBN 0-313-31485-3
  • "How to get beer around Congo, a country with hardly any roads". The Economist. 18 January 2020. Retrieved 20 January 2020.
  • Brittin, Helen (2011). The Food and Culture Around the World Handbook. Boston: Prentice Hall. pp. 65-67.
  • Mul-kursen, Lidingö folkhögskola (2006). ”Republiken Kongo”. Svenska Missionskyrkan. Läst 23 januari 2010
  • Republic of Congo food and drink guide. World Travel Guide. cit. 2020-01-11