კოლხური სიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლხური ძელურის კოშკი. დამახასიათებელი სტრუქტურა. შიდა მხარე.

კოლხური სიმაგრე — ანტიკური პერიოდის კოლხეთის სამეფოში ფართოდ გავრცელებული ხის სიმაგრის ტიპი.

მსგავსი სპეციფიკის სიმაგრეების არსებობას კოლხეთის ტერიტორიაზე დაწვრილებით აღწერს ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტი, რომელმაც ისინი სამხრეთ კოლხეთში გავლისას იხილა. „ანაბასის“ მიხედვით, კოლხური სიმაგრე შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მთელს პერიმეტრზე წყლით სავსე ფართე მიწათხრილი ჰქონდა შემოვლებული. მიწათხრილის შემდეგ მაღალი მიწაყრილი, რომელზედაც ხის ძელებისაგან შეკრული გალავანი იყო აგებული და თან გალავანშივე ხის კოშკები ჰქონდა დატანებული. ერთ-ერთი ასეთი სიმაგრე იმდენად კარგად დაიცვეს კოლხებმა, რომ ბერძნებმა არცთუ მისი აღება ვერ შესძლეს, არამედ ბევრი დახოცილი და დაჭრილი დატოვეს ბრძოლის ველზე. ხოლო ზოგიერთებს ადვილად იღებდნენ ხოლმე.

როგორც წესი, ასეთ სიმაგრეებში მოსახლეობაც ცხოვრობდა, მაგრამ არა მრავალრიცხოვანი. მასალად ხის გამოყენება არ უნდა იყოს გასაკვირი, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ კოლხეთი ხე-ტყის რესურსებით იყო მდიდარი.

ასეთი სიმაგრის აღება საკმაოდ ძნელი ასაღები უნდა ყოფილიყო ნებისმიერი მტრისთვის. მას ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევდა მტრის ისრების გარემოცვაში. თანაც ქსენოფონტი აღნიშნავს, რომ როდესაც ერთ ერთი სიმაგრის აღება სცადეს ბერძნებმა, „არც უკან დახევა იყო ადვილი, რადგან ქალაქის დამცველები სიმაგრეებიდან უცებ გამოიჭრებოდნენ ხოლმე და ხელჩართულ ბრძოლებს გვიმართავდნენ“. ასეთი სიმაგრეები მთელს სამხრეთ კოლხეთში საზღვრისპირას იყო განლაგებული და ერთგვარ საფორტიფიკაციო სისტემას ქმნიდა, რომელიც კოლხეთის სამეფოს საზღვრების დაცვას ემსახურებოდა. თანაც აქ მდგარი გარნიზონებიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. მათი რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო მრავალრიცხოვანი (სულ რამდენიმე ასეული პროფესიონალი მებრძოლი თუ იქნებოდა), მაგრამ საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ.

ყველა კოხური სამოსახლო, მათ შორის, საკუთრივ ცენტრალურ კოლხეთშიც კი, წარმოადგენდა გამაგრებულ ადგილს ხის გალანითა და კოშკებით. მაგრამ ცალკეული ციხეები, რომლებშიც მოსახლეობა არც ცხოვრობდა, უფრო დახვეწილი იყო. კედლის ნახევარი ძირიდან ქვით იყო ნაგები, ხოლო შემდეგ ხის მოკლე ძელები ჰქონდა ჩატანებული. კოშკები კი მთლიანად ხით იყო ნაგები და გადახურვა ჰქონდა ან სელის ან თივის (მაგ. საქორქიოს სიმაგრე).

ზოგიერთი სიმაგრე უფრო გაშლილ და დიდ გამაგრებულ დასახლებას წარმოადგენდა. არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება გამაგრებული სამოსახლოები, რომლებიც საკმაოდ მასიურ დასახლებას წარმოადგენდნენ (ხანძრის გავრცელების მიხედვით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. გამყრელიძე, „ომი და შეიარაღება იბერია კოლხეთში“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010 წ.