კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი

2007 წ. 1 ნოემბერს საქართველოში ათონის წმინდა მთიდან კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ჩამობრძანდა. ხატი კარიესის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის სენაკის მოღვაწეებმა - მღვდელმონაზონმა ეფრემმა და ბერმა ტიმოთემ ჩამოაბრძანეს. კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი „ოდიგიტრიად“ წოდებული ხატის ასლია. „ოდიგიტრია“ ქართულად გზამკვლევს ნიშნავს და ეს ხატი ადამიანებს ცხოვრებაში სწორი გზის არჩევაში ეხმარება. კოლხეთის ღვთისმშობელი ფაქტობრივად ახალი ხატია, რადგან „ოდიგიტრიის“ ასლს დართული აქვს 16 მცირე ზომის ხატი, რომელზეც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უმნიშვნელოვანესი წმინდანებია გამოსახული.

თბილისის აეროპორტში დედა ღვთისმშობლის ხატს საქართვვლოს ეკლესიის მღვდელმთავრები, სამღვდელოება და მორწმუნე საზოგადოება შეეგება. აეროპორტში შეკრებილი მრევლისთვის ხატთან პარაკლისი აღავლინა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი). შემდეგ ხატი საგანგებო სადგარზე დააბრძანეს და სტიქაროსნების თანხლებით ღია ავტომობილით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც ხატს ტაძრის კარიბჭესთან მიეახლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მღვდელმთავრები, სამღვდელოება და მრავალრიცხოვანი მრევლი.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ერისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. ფოთში გამგზავრებამდე ხატი სამების საპატრიარქო ტაძარში 2-3 კვირა დარჩა, რათა მორწმუნეებს საშუალება მისცემოდათ, თაყვანი ეცათ ამ სიწმინდისათვის.

კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სენაკში დაიწერა. ეს სენაკი კარიესში მდებარეობს და იქ ესთიგმენის მონასტრის ამბოხებულ საძმოს გამიჯნული ბერები მოღვაწვობენ. ისინი თავს ესთიგმენელებად მოიაზრებენ, მაგრამ მონასტერში არსებული არაჯანსაღი ვითარების გამო იქ ცხოვრებაზე უარს ამბობენ. როგორც ცნობილია, უკვე 4 წელია, ათონის მთის ესთიგმენის მონასტრის საძმო არ ემორჩილება კონსტანტინოპოლის პატრიარქის გადაწყვეტილებას, დატოვონ მონასტრის ტერიტორია. ათონის წმინდა მთის რესპუბლიკა ნახევრად ავტონომიურია და მისი იურისდიქცია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ექვემდებარება.

წმინდა მთაზე საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის სენაკმა. ბერებმა აღნიშნეს რომ ხატმწერები ათონზე მრავალ მონასტერში არიან და მათ შორის მათ მონასტერშიც და შემოთავაზეს, დაეთვალიერებინა დელეგაციას მათი ხატმწერების ნამუშევრები და თუ მოიწონებდნენ, ხატს ისინი დასწერდნენ. ქართულმა დელეგაციამ მოილოცეს მათი დაწერილი ხატები და გამოთქვეს სურვილი, ხატი იქ დაწერილიყო. მასპინძლებს გააცნეს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, რომ თავად ბერებს აერჩიათ, რომელი ხატი უნდა დაწერილიყო საქართველოსთვის. ამ საუბარში მონაწილეობდა მონასტრის წინამძღვარი და რამდენიმე არქიმანდრიტი. ბერებმა არჩიეს "ოდიგიტრიის" ხატის ასლი დაწერილიყო. ამასთან, ხატი უნდა ყოფილიყო არა მარტოოდენ ზუსტი ასლი, არამედ მის გარშემო დაწერილიყო მცირე ხატები, რომლებიც საქართველოს ეკლესიის ეტაპობრივი ისტორიის ეპიზოდებს ასახავდა. ხატის არშიის ზედა ზოლზე, ცენტრალურ ნაწილში უნდა გამოსახულიყო კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შესრულებული ყოვლადწმიდა სამების ხატის ასლი. ხატის არშიის ზედა ზოლზე გამოისახა ასევე ის ორი მთავარი წმინდანი, რომელთაც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1977 წელს, აღსაყდრებისთანავე საქართველოს ეკლესია და ერი შეავედრა - წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედსა და წმინდა გიორგის. ზედა კუთხეებში განთავსდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს ხატები, რომელთაც საქართველოში ქრისტეს რწმენა იქადაგეს. მათ გასწვრივ განთავსდა პირველი ქრისტიანი მეფის, წმინდა მოციქულთასწორი მირიანისა და ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, გრიგოლი ღვთისმეტყველის ხატები. შემდეგ გამოსახულია წმინდა მეფე, რომელმაც საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა - კეთილმორწმუნე მეფე ვახტანგ გორგასალი და მის გასწვრივ საქართველოს ეკლესიის პირველი კათოლიკოსი - პეტრე, რომელიც გადმოცემის თანახმად, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მოწაფე იყო. ხატის გვერდებზე შუა ნაწილებში გამოსახულია აწყურისა და პალიასტომის ღვთისმშობლის მცირე ხატები. აწყურის ღვთისმშობელი ხელთუქმნელი ხატია, რომლითაც შემოვიდა წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული საქართველოში. პალიასტომის ღვთისმშობელი უძველესი კოლხეთის ქალაქში, ფაზისის საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. ისტორია გვამცნობს, რომ, დაახლოებით, VIII-IX საუკუნეებში ეს ტაძარი ჩაიძირა და ახლა იქ პალიასტომის ტბა მდებარეობს. ვიდრე ტაძარი ჩაიძირებოდა, მის წინამძღვარს დედა ღვთისმშობელი მრავალგზის გამოეცხადა და ხატის გელათში გადაბრძანება უბრძანა. ამჟამად ხატი ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში იმყოფება. კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის არშიაზე ასევე გამოსახულია ჩვენი სათაყვანო მეფეები - წმინდა დავით აღმაშენებელი და კეთილმორწმუნე მეფე თამარი, საპირისპირო მხარეს გამოსახულია დიდი მეფის აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი და პირველი კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკი, რომლის დროსაც აშენდა სვეტიცხოველი. ხატის არშიის ქვედა ზოლზე ცენტრში გამოსახულია ივერიის ღვთისმშობლის ხატი და მთელ ზოლზე - ათონელი მოღვაწეები: იოანე, ექვთიმე, გიორგი მთაწმინდელები და გაბრიელ ქართველი ბერი, რომელმაც ზღვიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანა.

ვინაიდან ფაქტობრივად ახალი კომპოზიცია შეიქმნა, ამიტომ ათონელმა ბერებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ხატს ოდიგიტრია კი არა, არამედ ახალი სახელი ეწოდოს და შემოთავაზეს სახელწოდება კოლხეთის ღვთისმშობელი, ვინაიდან ხატი უძველეს ფაზისში, ისტორიული კოლხეთის მიწაზე უნდა დამკვიდრდეს. ათონის მთაზე კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის დაწერა 2005 წელს იქნა შეკვეთილი.

ათონიდან ხატის საქართველოში ჩამობრძანება გემით იყო განზრახული. გემი ფოთის აკვატორიაში უნდა შემოსულიყო; მას პორტში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მღვდელმთავრებთან ერთად დახვდებოდა და ხატს საზეიმო მსვლელობით ფოთის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებდნენ. ეს 3 ივლისს უნდა მომხდარიყო, მაგრამ უფალმა სხვაგვარად განაგო. ხატი საქართველოში სწორედ იმ მძიმე დღეებში, ძალიან დიდი ვნებათაღელვის პირობებში ჩამობრძანდა, როდესაც ასე დაიძაბა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში. ბუნებრივია, ასეთ პირობებში უწმინდესი და უნეტარესი ილია II ვერ დატოვა დედაქალაქი და ვერ გამოემგზავრა ფოთში, რადგან კათოლიკოს-პატრიარქი იქ უნდა იყოს, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ერს. ამიტომ ხატის ჩამობრძანების მარშრუტი შეიცვალა და გადაწყდა, ხატი 1 ნოემბერს საქართველოში თვითმფრინავით ათენი-თბილისის რეისით ჩამოებრძანებინათ."

მღვდელ-მონაზონი ეფრემი (ათონელი ბერი): "ეს ხატი ათონის წმიდა მთაზე, კარიესის ერთ-ერთ სენაკში დამზადდა. იგი დაიწერა სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხატის „ოდიგიტრიის“ მიხედვით. თუმცა, ეს მისი ზუსტი ასლი არ არის. ეს არის თვისობრივად ახალი ხატი, რომელსაც დამატებული აქვს კომპოზიციები წმინდანების გამოსახულებით. ეს არის ორიგინალური ხატი, რომლის ასლიც არ არსებობს. ეს ხატი ახალია და საგანგებოდ საქართველოსთვის შექმნილი.

დღეს ეს ხატი საქართველოში ჩამობრძანდა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში დღეს ძალიან დაძაბული ვითარებაა და ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს ხატი ყოფილიყოს მფარველი, მლოცველი და შემწე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისა."

ბერი ტიმოთე (ათონელი ბერი): "დედა ღვთისმშობლის სურვილი იყო, რომ ასეთი ხატი დაგვეწერა და საქართველოში ჩამოგვებრძანგბინა. ეს ღვთის განგებით მოხდა. შეეწიოს მისი მადლი თქვენს ქვეყანას."