კოლორადოს პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კოლორადოს პლატო
კოლორადოს პლატოს ცენტრი. მეზოზოური ასაკის ქვიშაქვამ წარმოქმნა ფრიალო კლდეების სერია
კოლორადოს პლატოს ცენტრი. მეზოზოური ასაკის ქვიშაქვამ წარმოქმნა ფრიალო კლდეების სერია
კოორდინატები: 37° ჩ. გ. 110° დ. გ. / 37° ჩ. გ. 110° დ. გ. / 37; -110
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
უმაღლესი წერტილი ლა-სალ-მაუნტინზი
სიმაღლე 600–3877 
ფართობი 336,700 კმ²
სიგრძე 826 კმ
სიგანე 709 კმ
კოლორადოს პლატო — აშშ
კოლორადოს პლატო
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

კოლორადოს პლატო, კოლორადოს პლატოს პროვინცია (ინგლ. Colorado Plateau) — პლატო აშშ-ში. წარმოადგენს მთათაშუა პლატოების რეგიონის ფიზიკურ-გეოგრაფიულ პროვინციას, რომელიც გადაჭიმულია აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთით და მოიცავს იუტის სამხრეთ-აღმოსავლეთ, კოლორადოს უკიდურეს დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ, ნიუ-მექსიკოს ჩრდილო-დასავლეთ, ნევადის მცირე სამხრეთ-აღმოსავლეთ და არიზონის ჩრდილო ნაწილს. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება კლდოვანი მთები, დასავლეთით დიდი აუზი, სამხრეთით უდაბნო სონორა.[1]

ფართობი 336,700 კმ².[2] სიმაღლე 600 მ-იდან (დიდი კანიონი) 3877 მ-მდე (ლა-სალ-მაუნტინზი).[3] პლატოზე ჭარბობს მაღალი მთები, რომლებიც ჩაჭრილია მდინარეთა კანიონებით ან დანაწევრებულია მშრალი ხრამებით, ნაღვარევითა და წყვეტილი ნაკადების კალაპოტებით. რელიეფის სხვა თავისებურებებია დიდი აუზი, დაძირული უდაბნოები, თვალწარმტაცი მოწმეები, მაგიდა მთები და ხეობის იშვიათი მწვანე მონაკვეთები. ტერიტორიის დაახლოებით 90 % დრენირებულია მდინარე კოლორადოთი და მისი მთავარი შენაკადებით: გრინ-რივერით, სან-ხუანითა და ლიტლ-კოლორადოთი.[1]

პლატოს დანარჩენი დიდი ნაწილი დანაწევრებულია რიო-გრანდეთი და მისი შენაკადებით. კოლორადოს ეროზიული მოქმედების შედეგად ჩამოყალიბდა მრავალი ღრმად ჩაჭრილი მკვეთრად შეფერილი ხეობა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია დიდი კანიონი. პროვინცია შეიცავს მრავალრიცხოვან დაცულ ტერიტორიასა და მრავალ რეზერვაციას.[1]

კოლორადოს პლატოს პროვინცია შეიძლება დაიყოს ექვს ნაწილად. უმაღლესია იუტის მაღალი პლატოები, დიდი კლდოვანი შვერილებითა და ტერასებით, რომლებიც ცენტრალურ იუტაში 3353 მ-მდეა ამაღლებული. უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი იუინტის მთებთან მომიჯნავე იუინტის აუზია, დანაწევრებული პლატო, რომელიც ვრცელდება იუტის ჩრდილო აღმოსავლეთითა და კოლორადოს ჩრდილო-დასავლეთით. მისგან სამხრეთითაა მრავალი ღრმა კანიონით დანაწევრებული კანიონ-ლენდზი. მას აქვს გაურკვეველი საზღვარი არიზონაში, ნიუ-მექსიკოში, იუტასა და კოლორადოში მდებარე ნევახოს მონაკვეთთან, რომელიც შედარებით ნაკლები სიღრმის კანიონებით გამოირჩევა. დიდი კანიონის მონაკვეთი შედგება დიდი კანიონით, რომელიც შედის დიდი კანიონის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა დატილის მონაკვეთი არიზონასა და ნიუ-მექსიკოში. იგი მაგიდა მთებისა და ხეობების ტერიტორიაა, რომელიც ცნობილია ვულკანური თავისებურებებით, მათ შორის ლავური ნაკადებითა და ვულკანური ნეკებით.[1]

კოლორადოს პლატო უდიდესია აშშ-ში ურანისა და ვანადიუმის მარაგით. შეიცავს 2 ათ.-ზე მეტ ურანისა და ვანადიუმის საბადოს. საბადო ცნობილია 1898 წლიდან, ვანადიუმის მოპოვება დაიწყო 1905 წლიდან, ურანის მოპოვება 1948 წლიდან.[4]

ტექტონიკური თვალსაზრისით, პროვინცია მიბჯენილია ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერის ნაოჭა სარტყელის სამხრეთ ნაწილთან. საბადოების ხარჯზე წარმოქმნილია დიდი მადნეული სარტყლები: გრანტსი (მნიშვნელოვანი საბადოებია — ამბროზია-ლეიკი, მაუნტ-ტეილორი), იურავანი (იურავანი, პარადოქს-ვალი და სხვა), ბიგ-ინდიან-უოში ან ლისბონ-ვალი (ნორტ-ალიკა, მი-ვიდა), მონიუმენტ-ვალი, უაიტ-კანიონი და სან-რაფაელ-რივერი. ურანის ძირითადი მარაგი დაკავშირებულია ქვიშაქვების კალაპოტურ ფაციესებთან, ჩინლის ზედატრიასული ფორმაციების გრაველიტებთან და კონგლომერატებთან და მორისონის ზედაიურულ ფორმაციასთან, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ორგანულ მასალას. საბადოების დიდი ნაწილი მიეკუთვნება ურან-ვანადიუმის ფორმაციის გეოლოგიურ-საწარმოო ტიპს ქვიშაქვებში, მუშავდება აგრეთვე ურანის მრავალრიცხოვანი პატარა ჰიდროთერმული საბადოები. მადნეული სხეულები წარმოდგენილია ფენისებრი ბუდობებითა და მადნეული სვეტებით. ურანის მარაგის დიდი ნაწილი ჩართულია დაუჟანგავ მადნებში.[5]

მთავარი მადნეული მინერალებია: ურანის ფისი, კოფინიტი და აგრეთვე მონტროზეიტი, პირიტი, მარკაზიტი და სპილენძის სულფიდები. დაჟანგული მადანი შეიცავს კარნოტიტს, ტიუიამუნიტსა და ურანის სხვა მეორად მინერალებს. ურანის მინერალები ასოცირებულია ორგანული ნივთიერებების გროვასთან. ისინი ხშირად წარმოქმნიან ფსევდომორფოზებს ან ენაცვლება ცემენტს ქვიშაქვებში. პროვინციის ტერიტორიაზე მუშავდება აგრეთვე სპილენძოვანი ქვიშაქვის საბადოები.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]