კოლმარი

კოლმარი — ქალაქი და თემი, ზემო რეინის დეპარტამენტში და ელზასის რეგიონში, ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში. კოლმარი ელზასში სიდიდით მესამე თემია (სტრასბურგისა და მულუზის შემდეგ). კოლმარი ასევე ზემო რეინის დეპარტამენტის და კოლმარ-რიბოვიეს ადმინისტრაციული ცენტრია.
კოლმარი პირველად IX საუკუნეში იქნა ხსენებული და გადაიქცა მნიშვნელოვან შუა საუკუნეების სავაჭრო ქალაქად წმინდა რომის იმპერიის ფარგლებში. XVII საუკუნეში საფრანგეთს მიუერთდა ლუი XIV-ის დროს, თუმცა მაინც შეინარჩუნა გერმანული ხასიათი მდებარეობისა და კულტურის გამო. 1945 წელს საბოლოოდ დაუბრუნდა საფრანგეთს.
ქალაქი ცნობილია სიძველით, მრავალი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობით, ფრანგული და გერმანული მემკვიდრეობის შერწყმით და მუზეუმებით, რომელთა შორისაა უნტერლინდენის მუზეუმი, სადაც ინახება იზენჰაიმის საკურთხევლის კარი.
კოლმარი მდებარეობს ელზასის ღვინის მარშრუტზე, ამიტომ ელზასური ღვინის დედაქალაქად (capitale des vins d’Alsace) მიიჩნევა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კოლმარი პირველად შარლემანმა ახსენა ქრონიკაში, საქსონთა ომების შესახებ.[1] კოლმარი ადგილია, სადაც კაროლინგთა იმპერატორმა კარლ მსუქანმა 884 წელს რაიხსტაგი გამართა.[2] კოლმარს თავისუფალი საიმპერატორო ქალაქის სტატუსი იმპერატორ ფრიდრიხ II-მ 1226 წელს მიანიჭა. 1354 წელს შეუერთდა დეკაპოლის ქალაქთა ლიგას.[1][3] ქალაქმა პროტესტანტული რეფორმაცია 1575 წელს მიიღო, გაცილებით გვიან ჩრდილოეთი მეზობლების, სტრასბურგისა და სელესტატის შემდეგ.[4] ოცდაათწლიანი ომის დროს შვედურმა არმიამ 1632 წელს დაიკავა და ორი წლის განმავლობაში ფლობდა. 1634 წელს შუმანების ოჯახი ჩამოვიდა და პირველი საქალაქო ბიბლიოთეკა დააარსა. 1635 წელს ქალაქის მოსავალი გაანადგურეს საიმპერატორო ძალებმა.[5]
ქალაქი საფრანგეთმა დაიპყრო მეფე ლუი XIV-ის მეთაურობით 1673 წელს და ოფიციალურად დათმო 1679 წლის ნივმეგენის ხელშეკრულებებით.[6] 1854 წელს ქოლერის ეპიდემიამ ბევრი მოსახლე იმსხვერპლა ქალაქში. ელზასთან ერთად კოლმარი 1871 წელს ახლად ჩამოყალიბებულ გერმანიის იმპერიას გადაეცა და ჩართული იქნა ელზას-ლოთარინგიის პროვინციაში.[4][7] კოლმარი საფრანგეთს დაუბრუნდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების თანახმად,[8] ნაცისტურმა გერმანიამ 1940 წელს აიღო, შემდეგ კი ისევ საფრანგეთს დაუბრუნდა 1945 წელს.[9] კოლმარს 1947 წლიდან კონსერვატიული პარტიები მართავენ: სახალხო რესპუბლიკური მოძრაობა (1947–1977), საფრანგეთის დემოკრატიული კავშირი (1977–1995) და სახალხო მოძრაობის კავშირი (1995 წლიდან), და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ სამი მერი ჰყავდა.[10]
კოლმარის საგანძური, რომელიც ებრაელებმა შავი ჭირის დროს დამალეს, კოლმარში აღმოაჩინეს 1863 წელს.[11]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლმარი მდებარეობს სტრასბურგიდან 64 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით, 48.08°ჩ, 7.36°ა კოორდინატებზე, მდინარე ლაუხზე, რომელიც მდინარე ილის შენაკადია. განლაგებულია ვოგეზის მთების აღმოსავლეთით და დაკავშირებულია აღმოსავლეთით მდინარე რაინთან არხის საშუალებით.
2017 წელს ქალაქში 69 105 ადამიანი ცხოვრობდა,[12] ხოლო კოლმარის მეტროპოლიტენ ზონაში 2018 წელს 199,234 ადამიანი ცხოვრობდა.[13] კოლმარი არის კოლმარ-რიბოვილეს ოლქის ცენტრი, რომელსაც 2017 წელს 211 312 მცხოვრები ჰყავდა.[12]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლმარს აქვს ოკეანური კლიმატი, მაგრამ მნიშვნელოვნად შეცვლილია ხმელეთის სიღრმეში მდებარეობის გამო, ცივი, მშრალი ზამთრებითა და ნოტიო ზაფხულებით.
ქალაქს აქვს მზიანი მიკროკლიმატი და არის საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ქალაქი, წლიური ნალექით მხოლოდ 595 მმ, რაც იდეალურია ალზასური ღვინისთვის. კოლმარი ითვლება ალზასის ღვინის რეგიონის დედაქალაქად.
ქალაქის სიმშრალე გამოწვეულია მთებთან სიახლოვის გამო. ტენის უმეტესი ნაწილი კონდენსირდება და ეცემა მაღალ ადგილებზე, რის შედეგადაც ჰაერი თბილი და მშრალი რჩება.
ქალაქს უფრო კონტინენტური კლიმატი აქვს და ზამთრისა და ზაფხულის ტემპერატურები ზოგჯერ შეიძლება იყოს ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალი საფრანგეთში.
მთავარი ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საფრანგეთის რევოლუციისა და 1870–1871, 1914–1918 და 1939–1945 წლების ომების ნგრევისგან ძირითადად გადარჩენილი, კოლმარის ძველი ქალაქის პეიზაჟი ერთგვაროვანია და ტურისტებში ცნობილია. ტერიტორიას, რომელსაც მდინარე ლაუხის არხები კვეთს (რომელიც ადრე მეთევზეობისა და თევზის გამყიდვლების კვარტალს წარმოადგენდა), ამჟამად „პატარა ვენეციას“ (la Petite Venise) უწოდებენ.


საერო ნაგებობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ადოლფის სახლი — XIV საუკუნე (გერმანული გოთიკა)
- Koïfhus, ასევე ცნობილი როგორც Ancienne Douane – 1480 (გერმანული გოთიკა)
- Maison Pfister – 1537 (გერმანული რენესანსი).
- ყოფილი საგუშაგო – 1575 (გერმანული რენესანსი)
- წმინდა იოანეს რაინდების სახლი-1608 (გერმანული რენესანსი)
- მეთაურთა სახლი — 1609 (გერმანული რენესანსი)
- გუთნის ღუმელი — 1626 (გერმანული ბაროკო)
- ყოფილი საავადმყოფო – 1736–1744 (ფრანგული კლასიციზმი)
- უმაღლესი სასამართლო – 1771 (ფრანგული კლასიციზმი)
- მერია – 1790 (ფრანგული კლასიციზმი)[14]
- კოლმარის ციხე — 1791, ყოფილი მონასტერი აშენდა 1316 წელს.
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლო – 1840 (ფრანგული ნეოკლასიციზმი)
- მუნიციპალური თეატრი – 1849 (ფრანგული ნეოკლასიციზმი)
- დახურული ბაზარი – 1865 (ფრანგული ნეო-ბაროკო). ქვით, აგურით და თუჯით ნაშენი ქალაქის გადახურული ბაზარი დღესაც მუშაობს.
- პრეფექტურა – 1866 (ფრანგული ნეობაროკო)
- წყლის კოშკი – 1886. ელზასის უძველესი დღემდე შემორჩენილი წყლის კოშკი. 1984 წლიდან აღარ გამოიყენება.
- Gare SNCF–1905 (გერმანული ნეობაროკო)
- სააპელაციო სასამართლო – 1906 (გერმანული ნეობაროკო)


რელიგიური შენობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სენ-მარტენის ეკლესია – 1234–1365. კოლმარის უდიდესი ეკლესია და ერთ-ერთი უდიდესი ო-რენში. აქ წარმოდგენილია ადრეული ვიტრაჟები, რამდენიმე გოთური და რენესანსული ქანდაკება და საკურთხეველი, ასევე ბაროკოს სტილის ორღანის კორპუსი. გუნდი გარშემორტყმულია გოთური სამლოცველოებით, რაც ელზასის ეკლესიების უნიკალურ მახასიათებელს წარმოადგენს.
- დომინიკელების ეკლესია – 1289–1364. ამჟამად მიტოვებული, ეკლესიაში წარმოდგენილია მარტინ შონგაუერის შედევრი „ვარდების თაღის მადონა“, ასევე XIV საუკუნის ვიტრაჟები და ბაროკოს სტილის გუნდის სტენდები. მიმდებარე მონასტრის შენობებში განთავსებულია მუნიციპალური ბიბლიოთეკის ნაწილი.
- სენ-მატიეს ეკლესია – XIII საუკუნე. გოთური და რენესანსული ვიტრაჟები და კედლის მხატვრობა, ასევე ხის და მოხატული ჭერი.
- ანტონინების ეკლესია – XIII საუკუნე. ეკლესია და მონასტრის შენობები, რომლებიც გამოირჩევა მდიდრულად მორთული ორნამენტებით. ამჟამად განთავსებულია უნტერლინდენის მუზეუმში.
- წმინდა ეკატერინეს ეკლესია – 1371. ეკლესიისა და მონასტრის შენობები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება როგორც შეკრების დარბაზად ისე ფესტივლის ადგილად.
- სენტ-პიერის სამლოცველო – 1742–1750. ყოფილი იეზუიტების კოლეჯის სამლოცველო.
- სინაგოგა – 1843 (ნეოკლასიციზმი)
ფანტანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამირალ ბრუატის შადრევანი – 1864 (ბართოლდის ქანდაკება)
- როზელმანის შადრევანი – 1888 (ბართოლდის ქანდაკება)
- შვენდის შადრევანი — 1898 (ბართოლდის ქანდაკება)
მონუმენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გენერალ რაპის მონუმენტი – 1856 (პირველად პარიზში 1855 წელს გამოიფინა. ბართოლდის ქანდაკება, ქანდაკების ადრეული მნიშვნელოვანი ნამუშევარი)
- ირნის მონუმენტი – 1894 (ბართოლდის ქანდაკება)
- მსოფლიოს დიდების ქანდაკება – 1902 (ბართოლდის მუზეუმის ეზოში)
- თავისუფლების ქანდაკების რეპლიკა.
მუზეუმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- უნტერლინდენის მუზეუმი – ერთ-ერთი მთავარი მუზეუმი ალზასში. გამოფენილია იზენჰაიმის საკურთხეველი, შუა საუკუნეების, რენესანსისა და ბაროკოს ზემო-რაინული ფერწერისა და ქანდაკების დიდი კოლექცია, არქეოლოგიური არტეფაქტები, დიზაინი და საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნება.
- ბართოლდის მუზეუმი – ფრედერიკ ოგიუსტ ბართოლდის სახლი, სადაც დაიბადა. წარმოაჩენს ფრედერიკის ცხოვრებასა და შემოქმედებას ფერწერების, ნახატების, საოჯახო ნივთებისა და ავეჯის საშუალებით, აგრეთვე უამრავი თაბაშირის, ლითონისა და ქვის ქანდაკებებით. მუზეუმის ერთი განყოფილება ეძღვნება ადგილობრივი ებრაული თემის მემკვიდრეობას.[15]
- კოლმარის ზოოლოგიური და ეთნოგრაფიული მუზეუმი – კოლმარის ზოოლოგიური და ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა 1859 წელს. ინახავს ცხოველების დიდ კოლექციას და ძველი ეგვიპტური ნივთების კოლექციასაც.
- თამაშის მუზეუმი – ქალაქის სათამაშოების მუზეუმი, დაარსებული 1993 წელს.
- მუნიციპალური გამოყენების მუზეუმი – ინდუსტრიული და ტექნოლოგიური მუზეუმი ყოფილ ქარხანაში, ეძღვნება ყოველდღიური ტექნოლოგიის ისტორიას.
- შოკოლადის ისტორიის მუზეუმი — მუზეუმი, რომელიც წარმოაჩენს შოკოლადის ისტორიას, რეგიონული ისტორიის ექსპონატებით, სხვადასხვა შოკოლადის დაგემოვნების შესაძლებლობით და შოკოლადისგან დამზადებული ხელოვნების ნიმუშებით.[16][17]
ბიბლიოთეკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლმარის მუნიციპალური ბიბლიოთეკა (Bibliothèque municipale de Colmar) ფლობს ინკუნაბულების ერთ-ერთ უმდიდრეს კოლექციას საფრანგეთში, 2300-ზე მეტი ტომით. ეს განსაკუთრებული რიცხვია ქალაქისთვის, რომელიც არც უნივერსიტეტის და არც კოლეჯის მთავარი ცენტრია და ამას საფრანგეთის რევოლუციის დროს ადგილობრივი სააბატოებისა და მონასტრების დაშლა და შემდგომში მათი კოლექციების ქალაქისთვის გადაცემა განაპირობებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Colmar. Encyclopaedia Britannica. ციტირების თარიღი: 24 June 2019
- ↑ BRAEUNER, Gabriel (2005) Colmar "Un Itinéraire à travers l'Histoire", გვ. 60. ISBN 9782913302563.
- ↑ G. Köbler, Historisches Lexikon der deutschen Länder, 7th edition, C.H. Beck, Munich, 2007.
- 1 2 The History of Colmar in 20 key dates. ციტირების თარიღი: 25 June 2019
- ↑ Helfferich, Tryntje, The Thirty Years War: A Documentary History (Cambridge, 2009), pp. 290.
- ↑ Nathan Prefer (2015). Eisenhower's Thorn on the Rhine: The Battles for the Colmar Pocket, 1944-45. Casemate, გვ. 18.
- ↑ Dan P. Silverman (1971). „The Economic Consequences of Annexation: Alsace-Lorraine and Imperial Germany, 1871-1918“. Central European History. Cambridge University Press. 4 (1): 34–53. doi:10.1017/S0008938900000431. JSTOR 4545591. S2CID 146411340.
- ↑ H. Patrick Glenn (1974). „The Local Law of Alsace-Lorraine: A Half Century of Survival“. The International and Comparative Law Quarterly. Cambridge University Press. 23 (4): 769–790. doi:10.1093/iclqaj/23.4.769. JSTOR 758414.
- ↑ From 1918 to 1945 - The inter-war period and hardships time. ციტირების თარიღი: 25 June 2019
- ↑ Les maires de Colmar depuis la Révolution française. ციტირების თარიღი: 24 September 2019
- ↑ Campbell Marian, "Treasures of the plague", September 2007
- 1 2 Populations légales en vigueur à compter du 1er janvier 2020. INSEE. ციტირების თარიღი: 2 January 2020
- ↑ Aire d'attraction des villes 2020 de Colmar (058). INSEE. ციტირების თარიღი: 16 June 2022
- ↑ თარგი:Base Mérimée
- ↑ Un fonds d'art juif trop méconnu. dna.fr. ციტირების თარიღი: 18 August 2016
- ↑ Choco Story Colmar. ციტირების თარიღი: 20 February 2024
- ↑ Chocolate museum of Colmar – My opinion on Choco Story. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 February 2024. ციტირების თარიღი: 20 February 2024