კოლექცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კოლექცია (ლათ. collectio „შეგროვება, კრებული“), ერთგვაროვანი ან თემატურად გაერთიანებული საგნების, რომლებსაც, როგორც წესი, აქვს ისტორიული მნიშვნელობა, სისტემაში მოყვანილი კრებული.

კოლექციონერობა შემგროვებლობისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი გულისხმობს საკოლექციო მასალის გამოვლინებას, შეგროვებას, შესწავლას და სისტემაში მოყვანას; აღმოცენდა რენესანსის ეპოქაში (მედიჩები ფლორენციაში, ლუი XIV, ფრანგი კარდინალები რიშელიე და მაზარინი, პაპები იულიუს II, ლეო X და სხვ.). ცნობილი უნივერსალური კოლექცია ჰქონდათ გოეთესა და ამერიკელ მხატვარსა და ბუნებისმეტყველს ჩ. პილსს.

XIX და XX სს-ის მიჯნაზე ჯერ აშშ-ში, შემდეგ ევროპაში კოლექცია კაპიტალის დაბანდების სარფიან ხერხად იქცა, რადგანაც გადასახადები არ ედებოდა, რამაც კოლექციის ობიექტებით სპეკულაცია გამოიწვია.

კოლექციონირება ხელს უწყობდა ნუმიზმატიკის, ჰერალდიკის, სფრაგისტიკის, აგრეთვე არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და სხვ. განვითარებას. ჩამოყალიბდა კოლექციონირების სამი სახე: სამეცნიერო, სასწავლო და მოყვარულთა. გამოიკვეთა მისი დარგებიც: ფილატელია (საფოსტო მარკების შეგროვება და შესწავლა), ბონისტიკა (ქაღალდის ფულის, ნიშნებისა და ბონების შეგროვება და შესწავლა), მოყვარულთა ნუმიზმატიკა (მონეტების შეგროვება), ფილუმენია (ასანთის კოლოფების ან მათი ეტიკეტების შეგროვება), ფილოკარტია (ბარათების შეგროვება და შესწავლა), ფალერისტიკა (სამკერდე ნიშნების შეგროვება და შესწავლა), ფილოფონია (მუსიკალური ჩანაწერების შეგროვება და შესწავლა) და სხვ. ბევრ ქვეყანაში არის კოლექციონერთა საზოგადოებები, გამოდის სპეციალური წიგნები, ჟურნალები და კატალოგები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]