კოლეგიუმ ორიენტალე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კოლეგიუმ ორიენტალე (Collegium Orientale) — სასულიერო სემინარია მომავალი სამღვდელო კადრების საღვთისმეტყველო განათლების მისაღებად. იგი მდებარეობს გერმანიის ქალაქ აიხშტეტში. სასულიერო სემინარიაში ერთმანეთის გვერდიგვერდ თანაცხოვრობენ და სწავლობენ აღმოსავლეთის სხვადასხვა უძველესი ქრისტიანული ეკლესიებიდან წარმოგზავნილი სტუდენტები.

სემინარია დაარსებულ იქნა 1998 წელს აიხშტეტის მაშინდელი ეპისკოპოსის ვალტერ მიქსას უშუალო ხელმღვანელობით. სემინარია, როგორც ადმინისტრაციული ერთეული ექვემდებარება გერმანიის ქალაქ აიხშტეტის კათოლიკურ ეპარქიას და მის ეპისკოპოსს.

სემინარიაში ცხოვრობენ სტუდენტები აღმოსავლეთის სხვადასხვა ეკლესიებიდან. ესენია: საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქო). ასევე უკრაინის, სლოვაკეთის, რუმინეთის, უნგრეთის და პოლონეთის ბიზანტიური წესის კათოლიკეები, რომლებიც რომის პაპის დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებიან და წარმოადგენენ რომის კათოლიკე ეკლესიის განუყოფელ შტოებს. სტუდენტების ნაწილი წარმოგზავნილია, რომის კათოლიკე ეკლესიასთან შეერთებული (უნირებული) ძველი აღმოსავლური ეკლესიებიდან როგორებიცაა: ინდოეთის სირო-მალანკარული, სირო-მალაბარული და მარონიტული ეკლესიები.სასულიერო სემინარიის ყველა სტუდენტი სწავლობს აიხშტეტ-ინგოლშტატის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე.

2008 წლამდე სასულიერო სემინარიას ხელმძღვანელობდა, მისი დამფუძნებელი, აიხშტეტის კათოლიკური ეპარქიის მღვდელი, თეოლოგიის დოქტორი, არქიმანდრიტი ანდრია აბრაჰამ ტიერმაიერი. 2008-14 წლებში სემინარიის რექტორი იყო აიხშტეტის საკათედრო ტაძრის მოწესე მღვდელი, მონსენიორ პაულ შმიტი. 2014 წლიდან სემინარიას ხელმძღვანელობენ: რექტორი — თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ოლექსანდრე პეტრინკო და ვიცერექტორი — თეოლოგიის დოქტორი, არქიმანდრიტი თომას კრემერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]